Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ნახშირწყალი, ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყარო
2021-11-17 გაზიარება ავტორი: თამარ კახნიაშვილი

ნახშირწყალი, ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყარო

ნახშირწყალი, ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყარო

ნახშირწყლები ბიოლოგიური ნივთიერებებია, რომლებიც ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადისგან შედგება.
ნახშირწყლები ორგანიზმის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. 1 გრამი ნახშირწყალი წარმოქმნის 4 კკალ ენერგიას.

ნახშირწყლები გვხვდება საკვებში, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, რძის პროდუქტი.

ნახშირწყლების სამი კატეგორია არსებობს: მონოსაქარიდები, დისაქარიდები და პოლისაქარიდები:

  • მონოსაქარიდები (mono - ერთი; sacchar - შაქარი) მარტივი ნახშირწყლებია. მარტივი ნახშირწყლებიდან ყველაზე გავრცელებულია: გლუკოზა, ფრუქტოზა და გალაქტოზა;
  • დისაქარიდები (di - ორი) ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მონოსაქარიდია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ლაქტოზა (გლუკოზა+გალაქტოზა). ლაქტოზას შემცველია რძე; მალტოზა (გლუკოზა+გლუკოზა), მალტოზას შემცველია ალაოს შაქარი და საქაროზა (გლუკოზა+ფრუქტოზა), საქაროზას შემცველია სუფრის შაქარი;
  • პოლისაქარიდები (poly-ბევრი) ერთმანეთთან შეკავშირებული მონოსაქარიდების გრძელი ჯაჭვია. პოლისაქარიდებია: სახამებელი, გლიკოგენი, ცელულოზა. ეს უკანასკნელი მცენარეული უჯრედის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია ადამიანის ორგანიზმში. იგი ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკას და საკვების მონელების პროცესს. იწვევს კუჭის სისავსის შეგრძნებას და თრგუნავს მადას. ბოჭკოვანი საკვების წყაროა ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, ხილი. მათი მოხმარება ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებასთან.

მონოსაქარიდები და დისაქარიდები მარტივი ნახშირწყლებია, პოლისაქარიდები -რთული ნახშირწყლები.
რთული ნახშირწყლების დაშლა ორგანიზმში ნელა მიმდინარეობს და არ იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალი დონით მომატებას. ისინი მთელი დღის განმვლობაში გამოათავისუფლებენ სასიცოცხლო ენერგიას.

რთული ნახშირწყლებია: პარკოსნები, ხილი, მთლიანი მარცვლეული ( შვრია, ქერი, ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი).
რთული ნახშირწყლები სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ისინი საშუალებას გვაძლევენ დიდი ხნით ვიყოთ მაძღარი, გვავსებენ ენერგიით, მინერალებით და ვიტამინებით, ხოლო ცელულოზას შემცველობის ხარჯზე იწვევენ სიმაძღრის შეგრძნებას და ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.
რთული ნახშირწყლები საკვების მონელების პროცესში იშლება და მიიღება გლუკოზა. გლუკოზა ინსულინის დახმარებით უჯრედებში შედის. იქ კი ის გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. გლუკოზის მეშვეობით ჩვენ ვსუნთქავთ, ვიღებთ ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელ ენერგიას, ვაზროვნებთ, ვმოძრაობთ და ა.შ. გამოუყენებელი გლუკოზა გარდაიქმნება ენერგიის მარაგად-გლიკოგენად, რომელიც ინახება კუნთებში და ღვიძლში იმისთვის, რომ ორგანიზმმა ის გამოიყენოს გლუკოზის დეფიციტის დროს. გამოუყენებელი გლუკოზა ასევე გარდაიქმნება ცხიმად და ინახება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში.

მარტივი ნახშირწყლები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ისინი სწრაფად ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს, იწვევენ სიმსუქნეს, შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიას.
მარტივი ნახშირწყლებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა, ლაქტოზა, მალტოზა და საქაროზა. მარტივი ნახშირწყლების მიღებით ორგანიზმში გლუკოზის დიდი რაოდენობა ხვდება, რომელიც ცხიმად გარდაიქმნება. მათი გადაჭარბებული მოხმარება იწვევს მნიშვნელოვან მეტაბოლურ დარღვევებს.
ბუნებრივი სახით ხილში, მარცვლეულსა და რძის პროდუქტში შემავალი შაქარი არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. პრობლემურია ქარხნული წესით მიღებული რაფინირებული შაქარი - საქაროზა, რომელიც საკვებ პროდუქტს ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ემატება. ის გამოირჩევა მაღალი კალორიულობით და სიმსუქნის გამომწვევია. ასევე, უარყოფითად ერთვება ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში და მრავალი დაავადების განვითარების მიზეზია. საქაროზა ორგანიზმში იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად (მარტივ ნახშირწყლებად). ადამიანის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება მხოლოდ მცირე რაოდენობით ფრუქტოზა. საქაროზით მიღებული ჭარბი ფრუქტოზა კი გარდაიქმნება ცხიმად, ლაგდება ღვიძლში და იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას. ფრუქტოზის მეტაბოლიზმის პროცესში მიიღება ტრიგლიცეროლი, რომლის მაღალი დონე სისხლში სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს. ჭარბი ფრუქტოზა ნივთიერებათა ცვლის პროცესში უხეში ცვლილებების გამო იწვევს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიას, შაქრიან დიაბეტს, სიმსუქნეს, სიმსივნეს, ცხიმოვან ჰეპატოზს. ფრუქტოზის მაღალი შემცველობით გამოირჩევა რაფინირებული შაქარი, თაფლი, ხილის წვენები.

არ შეიძლება ნახშირწყალზე უარის თქმა რადგან, როდესაც ორგანიზმში გლუკოზის რაოდენობა მცირდება, ჩვენს სხეულს აკლდება ენერგია, ამიტომ ორგანიზმი იწყებს ცხიმების დაშლას, რომ გარდაქმნას ენერგიად. ეს პროცესი იწვევს სისხლში კეტონური სხეულების წარმოქმნას. ეს არის ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა რომელსაც ახლავს: სისუსტე, გულისრევა, ორგანიზმის გაუწყლოება, თავბრუსხვევა, გაღიზიანებულობა, სუნქთქვის გაძნელება, სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა, შორს წასულ შემთხვევაში კი სიკვდილი.

საკვები პრდუქტების მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ენერგიის ბალანსი (მიღებული და დახარჯული ენერგია). თუ საკვებით მივიღებთ იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე ვხარჯავთ, მოვიმატებთ წონას. ხოლო თუ საკვებით მიღებული ენერგია იმაზე ნაკლები აღმოჩნდება ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება არა მარტო წონას დავიკლებთ, არამედ მივიღებთ ჯანმრთელობის პრობლემებს. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დაცული იყოს ენერგიის ბალანსი.

ორგანიზმის ყოველდღიური ენერგეტიკული მოთხოვნის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 60 % უნდა შეივსოს რთული ნახშირწყლებით, დანარჩენი ნაწილდება ცილებსა და ცხიმებზე.
გლიკემიური ინდექსი( GI) არის ნახშირწყლების შემცველი საკვების შეფასების სისტემა. ის მიუთითებს, თუ რამდენად სწრაფად ზრდის სხვადასხვა ნახშირწლოვანი საკვები ორგანიზმში გლუკოზის დონეს.
დაბალი GI-ის მქონე საკვებია: მთლიანი მარცვლეული, პარკოსნები. ეს საკვები უნდა შედიოდეს ჯანსაღი რაციონის შემადგენლობაში. დაბალი GI-ის მქონე საკვები იწვევს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ ზრდას და შემდგომ შენელებულ კლებას. შესაბამისად, უფრო დიდ ხანს ვიგრძნობთ თავს დანაყრებულად.
მაღალი GI-ის მქონე საკვებია: ტკბილეული, ხილის წვენები.
შევეცადოთ შევამციროთ მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვები და მათ ნაცვლად მივიღოთ ნახშირწყლების ჯანსაღი წყაროები (დაბალი გლიკემიური ინდექის მქონე ნახშირწყლები), როგორიცაა: მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოიო და ა.შ.) და თხევადი რძის პროდუქტი.