Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
COVID 19-ის მიმდინარეობის თავისებურებები შაქრიანი დიაბეტის დროს
2020-12-21 გაზიარება ავტორი: თამარ კახნიაშვილი

COVID 19-ის მიმდინარეობის თავისებურებები შაქრიანი დიაბეტის დროს

COVID-19-ის შესახებ მისი გამოჩენიდან დღემდე მრავალი ფაქტის გარკვევა და შესწავლა მოხერხდა, თუმცა ამ ინფექციის მრავალი კლინიკური და დიაგნოსტიკური მახასიათებელი ჯერ კიდევ უცნობი რჩება.


COVID-19-ით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით 90%-ს აღენიშნება თანმხლები ქრონიკული დაავადებები: 49.7%-ს -არტერიული ჰიპერტენზია, 48.3%-ს - სიმსუქნე, 34.6%-ს - ფილტვების ქრონიკული დაავადებები, 28.3%-ს - შაქრიანი დიაბეტი, 27.8%-ს - კარდიო-ვასკულარული პათოლოგიები. ცხადი გახდა, რომ > 60 წლის ასაკის პირებში, რომელთაც არაერთი თანმხლები ქრონიკური დაავადება აქვთ COVID-19 უფრო მწვავედ მიმდინარეობს. სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას შორის განსაკუთრებული ყურადღება შაქრიანმა დიაბეტმა მიიქცია. მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კლინიკური შემთხვევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში COVID-19, ინფექციური პროცესის გართულებასთან და სიკვდილობის გაზრდილ სიხშირესთან არის ასოცირებული.[1]


დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 463 მილიონ ადამიანს აქვს დიაბეტი დიაგნოსტირებული. დიაბეტის ქრონიკული გართულებების (ხარგრძლივი ჰიპერგლიკემია იწვევს მსხვილი და წვრილი კალიბრის სისხლძარღვების დაზინებას, რაც გამოვლინდება: მიოკარდიუმის ინფარქტით, თავის ტვინის ინსულტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ქვედა კიდურების განგრენით, მხედველობის დაკარგვით) გამო მსოფლიოში ყოველ 10 წამში 1 ადამიანი იღუპება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები ადვილად ინფიცირდებიან ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით. ცუდად კონტროლირებადი დიაბეტი იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, რის გამოც ორგანიზმს უჭირს გამკლავება სხვადასხვა ინფექციურ აგენტებთან. მიჩნეულია, რომ ვირუსული ინფექცია იწვევს ჰიპეროსმოლარულ ჰიპერგლიკემიურ მდგომარეობას, რომელიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირების ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება. ასაკოვან პირებში სწორედ ჰიპეროსმოლარული მგომარეობაა სიკვდილობის 10 ჯერ გაზრდის მიზეზი დიაბეტურ კეტოციდოზთან შედარებით. (ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა გვხვდება ტიპი2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა დიაბეტი არ არის კომპენსირებული და აქვთ ხშირი ჰიპერგლიკემიური ეპიზოდები. მუდმივი ჰიპერგლიკემია იწვევს ოსმოსური დიურეზის გაზრდას, დეჰიდრატაციას და პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. დიაბეტური კეტაციდოზი გვხვდება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირებში, თუმცა შესაძლოა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებშიც განვითარდეს. ის ვითარდება ინსულინის დეფიციტის გამო და ხასიათება კეტონური სხეულების ჭარბი წარმოქმნით, რაც სისხლის მჟავა- ტუტოვანი რეაქციის ცვლილების მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაშიც საჭიროა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია).


როგორც ზემოთ აღინიშნა, დიაბეტის მქონე პირებში ხშირია რეპირაციული ინფექციებით დასნებოვნება, განსაკუთრებით Streptococcus pneumoniae და Influenza-ს ვირუსით. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ Influenza-ს ეპიდემიის დროს დიაბეტის მქონე პირების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევბი 6 - ჯერ აღემატობოდა დიაბეტის გარეშე პირების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც COVID 19-წარმოადგენს. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაციებით, საჭიროა დიაბეტის მქონე პირებს ყოველწლიურად გეგმიურად ჩაუტარდეთ Streptococcus pneumoniae და Influenza-ს ვაქცინაცია.


შაქრიანი დიაბეტის დროს COVID 19-ის ინფექციის სიმწვავე რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მექანიზმით შეიძლება აიხსნას:

  • შაქრიანი დიაბეტის დროს, გლუკოზის მუდმივად და ხანგრძლივად მცირედ მომატების შემთხვევაშიც კი წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების ენდოთელიუმში მიმდინარეობს შეუქცევადი პათოლოგიური ცვლილებები. ჰიპერგლიკემიის შედეგად ჭარბად მიიღება გლიკირების საბოლოო პროდუქტები, რომლებიც რთავს და ააქტივებს არაერთ ბიოქიმიურ გზას, რომლებიც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვთა ენდოთელიუმში მრავალი პროანთებითი ციტოკინის და ზრდის ფაქტორის გამოთავისუფლებას. აღნიშნული ფაქტორები მუდმივად აზიანებენ სისხლძარღვთა სანათურს და ცირკულირებენ სისხლშიც. ეს პროცესი განუწყვეტლივ და ტკივილის გარეშე მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში. COVID 19-ის ინფექცია ასევე მიმდინარეობს რეაქტიული ოქსიდის სახეობების და ანთებითი ციტოკინების ჭარბი ექსპრესიით. მიმდინარეობს უჯრედების დაზიანება. როდესაც COVID 19-ის ინფექციას შაქრიანი დიაბეტის გამო დახვდება ორგანიზმში უკვე გაზრდილი რეაქტიული ოქსიდის სახეობებით და პროანთებითი ციტოკინებით დაზიანებული უჯრედები, თანდართული ინფექცია უფრო მარტივად მოერევა და დააზინებს უკვე ისედაც დაზიანებულ უჯრედებს. რის გამოც დიაბეტის დროს COVID 19 უფრო აგრესიული მიმდინარეობის იქნება.
  • გარდა ამისა, COVID 19-ის დროს, სასუნთქი გზების ინფექცია მიმდინარეობს ჰიპოქსიით (სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითებით). ჰიპოქსია კიდევ უფრო ააქტივებს პროანთებითი ციტოკინების და რეაქტიული ოქსიდის სახეობების გამოთავისუფლებას, რაც მეტად აზიანებს უკვე დაზიანებულ უჯრედებს და პროცესი მძიმდება.
  • ინფექციური პროცესის საპასუხოდ ორგანიზმში სეკრეტირდება ჭარბი რაოდენობით კონტრაინსულარული ჰორმონები, რომლებიც ასუსტებენ ინსულინის მოქმედებას. საპასუხოდ, გლიკემია უფრო მეტად იზრდება.
  • COVID 19-ის დროს, სასუნთქი გზების ინფექციის მკურნალობის სქემაში გამოიყენება სტეროიდული ჰორმონები. აღნიშნული ჰორმონები ასუსტებენ ინსულინის მოქმედებას, შესაბამისად ინსულინი ვეღარ ავლენს საკმარის ჰიპოგლიკემიურ ეფექტიანობას და გლიკემია საკმაოდ იზრდება, რაც კიდევ უფრო ზრდის გლიკირების საბოლოო პროდუქტების წარმოქმნას, პროანთებითი ციტოკინების და რეაქტიული ოქსიდის სახეობების გამოთავისუფლებას და კიდევ მეტად ზიანდება უჯრედები. თუმცა, სტეროიდული ჰიპერგლიკემიის თავიდან არიდება შესაძლებელია გლიკემიის ინტენსიური მონიტორინგით და ჰიპერგლიკემიის დაფიქსირებისთანავე ინსულინის ინიექციით.
  • გააქტიურებული ანთებითი მარკერები, ჰიპოქსია იწვევს პანკრეასის ბეტა უჯრედების სტრესს და ინსულინის სეკრეციის შემცირებას, რაც ჰიპერგლიკემიის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ხდება.
  • მაღალი გლიკემიის გამო ძლიერდება ოსმოსური დიურეზი და ვიღებთ ჰიპეროსმოლარულ ჰიპერგლიკემურ მდგომარეობას ან აქტივდება კეტოგენეზი, რაც ჯანრთელობის მდგომარეობას კიდევ მეტად ამძიმებს.
  • ჭარბი და უკონტროლო ანთებითი პასუხი COVID 19-ის ინფექციაზე არის ასევე ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების ფაქტორების დისრეგულაცია), რაც თრომბის წარმოქმნის და ლეტალური გამოსავლის მიზეზი ხდება.[2]
  • შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება არის დიაბეტური ნეიროპათია, ამ დროს დარღვეულია სხეულის ტემპერატურის აღქმა. შესაძლოა დიაბეტის მქონე პირს ტემპერატურული რეაქცია არ განუვითარდეს COVID 19-ის რესპირატორულ ინფექციაზე და დაგვიანებით მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასევე დაამძიმებს ინფექციის მიმდინარეობას. დიაბეტის შემთხვევაში COVID 19-ის სხვა სიმტომებიც შესაძლოა მკაფიოდ არ გამოიხატოს. დაგვიანებითი სამედიცინო დახმარება კი გაუარესებული გამოსავალით გამოირჩევა. [3]
    როგორ დავიცვათ თავი COVID 19-ის ინფექციისგან ან როგორ შევამციროთ COVID 19-ის ინფექციის აგრესიული შედეგები შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში.
  • მაღალი გლიკემიის შეთხვევაში ზემოთ აღწერილი პათოლოგიური პროცესები უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კომპენსირებული დიაბეტის შემთხვევაში. გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად მოიწესრიგეთ გლიკემიური სტატუსი. დროულად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს გლიკემიის მოსაწესრიგებლად
  • მკაცრად გაითვალისწინეთ COVID 19-ის ინფექციისგან დაცვის მიღებული რეკომენდაციები: სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელის ჰიგიენა
  • იკვებეთ ჯანსაღად და ბალანსირებულად: საკვები რაციონი გაამდიდრეთ ცილით, ბოსტნეულით, ხილით. ნახშირწლებიდან არჩევანი გააკეთეთ არარაფინირებულ მარცვლეულზე: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, ხორბალი. არ მიიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვები (ტკბილეული). ცხიმიდან არჩევანი გააკეთეთ მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებზე (მცენარეული ზეთი: ზეითუნის, სიმინდის, ყურძნის წიპწების ზეთი). მოერიდეთ ნაჯერ ცხიმს (ცხოველური ცხიმი: კარაქი, ქონი, მაღალცხიმიანი რძის პროდუქტი). მოერიდეთ ტრანსცხიმს: სითეზური კარაქი, მაიონეზი, ზეთზე მაღალ ტემპერატურაზე რამდენჯერმე შეწვარი პროდუქტი);
  • მიიღეთ ადეკვატური რაოდენობის სითხე ონკანის წყლის სახით. მუდმივათ იყავით რეჰიდრატირებული;
  • იყავით ფიზიკურად აქტიური (ფეხით სიარული ყოველდღე 30 წუთი);
  • სისტემატიურად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ინტენსიურად იკონტროლეთ გლიკემია გლუკომეტრის მეშვეობით, ჰიპერგლიკემიის შემთხვევა დროულად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს;
  • COVID 19-ის ინფექციის ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის სფეროს. ინტენსიურად იკონტროლეთ გლიკემია და მუდმივად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი გლიკემიის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.


წყაროები:
1. Memish ZA, Perlman S, Van Kerkhove MD, et al. Middle East respiratory syndrome. Lancet. 2020;395:1063-1077. https://www.thelancet.com/pdfs/journals/lancet/PIIS0140-6736(19)33221-0.pdf. Accessed May 7, 2020. Article full text.
2. Guo W, Li M, Dong Y, et al. Diabetes is a risk factor for the progression and prognosis of COVID‐19. Diabetes Metab Res Rev. Published online March 31, 2020. https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1002/dmrr.3319. Accessed May 7, 2020. Article full text.
3. Maddaloni E, Buzzetti R. Covid‐19 and diabetes mellitus: unveiling the interaction of two pandemics. Diabetes Metab Res Rev. Published online March 31, 2020. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/dmrr.3321. Accessed May 7, 2020. Editorial full text.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?