რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?
რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც არღვევს გლუკოზის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში ყველა უჯრედს სჭირდება გლუკოზა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზა უჯრედში აღწევს ჰორმონ ინსულინის მეშვეობით. თუ არ გვაქვს საკმარისი ინსულინი, ან ორგანიზმი არ რეაგირებს სათანადოდ ინსულინზე, გლუკოზის აკუმულაცია ხდება სისხლში, მაშინ, როცა უჯრედებში გლუკოზის ნაკლებობაა.
იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც ტიპი1 შაქრიან დიაბეტს ვუწოდებთ.
რა სიმპტომები ახასიათებს ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს?
ტიპი1 შაქრიან დიაბეტს მრავალფეროვანი სიმპტომები ახასიათებს, მათგან წამყვანია:
- გაძლიერებული წყურვილი;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ხშირი შარდვა;
- წონის კლება;
- დაბინდული მხედველობა
გარკვეულ შემთხვევაში, ასევე შესაძლოა შეგვხვდეს გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა.
როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?
ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევითი ანალიზით დაფიქსირდა ჰიპერგლიკემია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ, კლინიკური სურათისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების შეჯერებით, დაგიდგენთ კლინიკურ დიაგნოზს და დაგინიშნავთ ადეკვატურ მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ტიპი 1 დიაბეტი უპირატესად ვითარდება ახალგაზრდა ასაკში.
როგორ ვუმკურნალოთ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს?
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა დღეისათვის ხდება მხოლოდ ინსულინით. ინსულინის ორგანიზმში მოხვედრა შესაძლებელია ინსულინის კანქვეშა ინიექციებით ან ინსულინის სპეციალური საინფუზიო სისტემით - ინსულინის ტუმბოს საშუალებით. ორგანიზმისათვის საჭირო ინსულინის რაოდენობის კონტროლი შეუძლებელია გლიკემიის ხშირი კონტროლის გარეშე. რაც ხორციელდება კაპილარულ სისხლში გლუკოზის გაზომვით ან გლიკემიის უწყვეტი მონიტორირებით. ამისათვის არსებობს სპეციალური მოწყობილობები - გლუკოზის მზომები და გლუკოზის უწყვეტი მონიტორირების სისტემები. ეს სისტემები არსებობს როგორც დამოუკიდებელი, ცალკე გამოყენებისათვის, ასევე ინსულინის საინფუზიო მოწყობილობებთან - ტუმბოსთან ერთად კომბინაციაში.
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვებისა და ფიზიკური აქტივობის დაგეგმვა, შერჩევა და შეხამება ინსულინთერაპიასთან.
გახსოვდეთ, რომ კვება იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას, ფიზიკური აქტივობის დროს კი ორგანიზმი მოიხმარს გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს და, შესაბამისად, შაქრის დონე დაბლა იწევა.
რამდენად ხშირად არის საჭირო ექიმთან ვიზიტი?
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს განსაკუთრებით გამოკვეთილია ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობის როლი დიაბეტის წარმატებული მართვისათვის.
საჭიროა სულ მცირე 4 გეგმიური ვიზიტი ექიმთან წლის მანძილზე. რიგ შემთხვევებში კი საჭირო ხდება უფრო ინტენსიური ვიზიტები იმისათვის, რომ გლიკემია სამიზნე მაჩვენებლს მიუახლოვდეს და დიაბეტი იყოს კარგად კონტროლირებული.
დიაბეტის კონტროლის „ოქროს სტანდარტი" არის გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი, რომელიც ფასდება 3 თვეში ერთჯერ და ასახავს 3 თვის მანძილზე გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს სისხლში. ექიმი ინდივიდუალურად დაგისახავთ, თუ რა უნდა იყოს თქვენი გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელი. მხოლოდ გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა არ ნიშნავს გლიკემიის კარგ ან იდეალურ კონტროლს. გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელთან ერთად აუცილებელია სამიზნე დიაპაზონში მერყეობდეს ყოველდღიურად განსაზღვრული გლუკოზის მაჩვენებლები. ამისათვის ექიმთან ყოველი ვიზიტისას საჭიროა წარმოადგინოთ გლუკოზის თვითკონტროლის დღიური, სადაც ასახული იქნება გლუკოზის ყოველდღიური მაჩვენებლები.
გლიკემიის მონაცემების გარდა ტიპი 1 შაქრიან დიაბეტის დროს ფასდება ასევე სხვა პარამეტრები, რომლებიც ასოცირებულია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზთან და/ან მის გართულებებთან. ექიმთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია დიაბეტთან ასოცირებული გართულებების ადრეული გამოვლენისა და პრევენციისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი გლიკემიის მაჩვენებლების ნორმის დიაპაზონში შენარჩუნება?
სისხლის შაქრის მომატებულმა მაჩვენებლებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის შემდეგი გართულებები :
- ნერვების დაზიანება - დიაბეტური ნეიროპათია;
- თირკმელების დაავადება - დიაბეტური ნეფროპათია;
- მხედველობის პრობლემები - დიაბეტური რეტინოპათია ( მხედველობის დაკარგვაც კი);
- ქვედა კიდურების განგრენა/ამპუტაცია (თითების, ტერფის ან ფეხის)
- გულ-სისხძარღვთა დაავადებები (ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა);
- ინსულტი
გლუკოზის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი ასევე დამაზიანებელია ორგანიზმისთვის. ინსულინთერაპიას შეუძლია გლუკოზის ნორმის მაჩვენებელზე დაბლა დაწევა, ამ მდგომარეობას ვუწოდებთ დაბალი გლიკემიის მდგომარეობას - ანუ ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობას. ინსულინთერაპიის და გლიკემიის კონტროლის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის თავიდან აცილებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი წნევისა და ქოლესტერინის კონტროლი?
ზოგადად, დიაბეტის მქონე პირებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის განვითარების მომატებული რისკი დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით. წნევის მონიტორირება და ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება ამცირებს ზემოაღნიშნულ რისკებს. თუ გაქვთ დანიშნული წნევისა და ლიპიდური ცვლის მოსაწესრიგებელი მედიკამენტოზური საშუალებები, ყურადღებით შეასრულეთ და თვითნებურად არ შეწყვიტოთ დანიშნულება, რადგან დადასტურებულია, რომ სტაბილური მკურნალობით შესაძლებელია აღნიშნული გართულებების პრევენცია.