რა არის გინეკომასტია?
რა არის გინეკომასტია?
გინეკომასტია მდგომარეობაა, როცა მოზარდ ბიჭებს ან ზრდასრულ მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვალი, რაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან ასაკოვან პირებში ნორმად ითვლება. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, სარძევე ჯირკვლის გაზრდა პაციენტს უქმნის უხერხულობას და დისკომფორტს.
გინეკომასტია, როგორც წესი, თავისით გაივლის, ჩარევის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გინეკომასტია ხანგრძლივდება და ქმნის დისკომფორტს, საჭიროა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რა სიმტომები ახასიათებს გინეკომასტიას?
მოზარდ ბიჭებს და ზრდასრულ მამაკაცებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ცალმხრივი ან ორმხრივი გინეკომასტია. ტკივილის არსებობის შემთხვევაში იგი ძლიერდება ხელით შეხებისას.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს ?
ექიმთან ვიზიტი საჭიროა, თუ:
- სარძევე ჯირკვალი იზრდება ძალიან სწრაფად;
- სარძევე ჯირკვალი ზომაში მომატებულია 4 სმ -ზე მეტად;
- სარძევე ჯირკვალი არის ძლიერ მტკივნეული;
- სარძევე ჯირკვალი იწვევს დისკომფორტს და უხერხულობას;
- პაციენტს აქვს დაავადების არსებობის შიში;
- მოზარდობის ასაკში სარძევე ჯირკვალში შენიშნეთ მკვრივი, მტკივნეული წარმონაქმნი.
რა მეთოდები არსებობს სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდის გამოკვლევისთვის?
თუ შენიშნავთ სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდას და მიმართავთ კლინიკას, ექიმი განსაზღვრავს, რის ხარჯზეა ზომის მატება - ცხიმოვანი თუ ჯირკვლოვანი ქსოვილის, რისი გარკვევაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ამის შემდეგ, სპეციალისტი, საჭიროების მიხედვით, გაგაგზავნით მამოგრაფიის (სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა) ჩასატარებლად და გარკვეული ანალიზების ჩასაბარებლად.
რა მეთოდები არსებობს გინეკომასტიის სამკურნალოდ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გინეკომასტია ხშირად არ საჭიროებს მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში კი მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:
მიზეზი, თუ რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის ზომაში გაზრდა;
რამდენი ხანია რაც ჩივილი გაქვთ;
რამდენად მძიმე და შემაწუხებელია ჩივილები.
- მოზარდ ბიჭებში გინეკომასტია, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე, თავისთავად უკუგანვითარდება, ამ დროს ჰორმონალური ანალიზები ნორმაშია. ზოგჯერ, როცა სარძევე ჯირკვალი მკვეთრად გაზრდილი და ძლიერ მტკივნეულია, ექიმი ნიშნავს მედიკამენტს;
- ზრდასრულ პირებში გინეკომასტია დაკავშირებულია უმეტესად სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მიღებულ მედიკამენტებთან. შესაბამისად, ამ მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ, სარძევე ჯირკვალი უბრუნდება საწყის ზომას და გინეკომასტია მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სარძევე ჯირკვალი არ დაუბრუნდება საწყის ზომას, ექიმი იწყებს გინეკომასტიის მკურნალობას;
- მამაკაცებს, რომლებიც უჩივიან სარძევე ჯირკვლის გადიდებას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა დასჭირდეთ ქირურგიული ჩარევა;
- მამაკაცები, რომლებიც იტარებენ ჰორმონალურ მკურნალობას წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის გამო, როგორც წესი, უჩივიან სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდას. ამ დროს, სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდის პრევენციის მიზნით საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის მიღება ან რადიოთერაპიის ჩატარება.