Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ჰიპერტენზია და დიაბეტი: საშიში კომბინაცია.
2021-10-18 გაზიარება ავტორი: ირაკლი ქვარაია

ჰიპერტენზია და დიაბეტი: საშიში კომბინაცია.

დიაბეტით დაავადებული ოთხი ზრდასრული ადამიანიდან სამს მაინც 120/80 მმ. ვწყ. სვ-ზე მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება ან ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს იღებს. ჰიპერტენზიის მსგავსად, დიაბეტის დროსაც იზრდება გულის დაავადებებისა და ინსულტის, თირკმელებისა და თვალების დაზიანების ალბათობა. ორივე ზემოხსენებული დაავადების თანაარსებობის შემთხვევაში რისკი უფრო მაღალია.

ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ერთმანეთთან კავშირი აშკარაა, თუმცა მათი ურთიერთქმედების მექანიზმი ჯერაც უცნობია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მთავარი მიზეზი ორგანიზმის მიერ ინსულინის სინთეზისა და გამოყენების დარღვევა უნდა იყოს. ტიპი 2 დიაბეტისა და კორონარული უკმარისობის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ჰიპერინსულინემია, რაც სისხლში ინსულინის მაღალ დონეს ნიშნავს. ამ ჰორმონის სიჭარბე წნევის აწევას, სავარაუდოდ, ორი განსხვავებული გზით იწვევს: ან თირკმლებს ნატრიუმის შეკავების ბრძანებას აძლევს, ან სიმპათიკური ნერვულ სისტემას აღაგზნებს იმ ნეირომედიატორების გამოსათავისუფლებლად, რომლებიც სისხლძარღვების შეკუმშვას იწვევენ.

დროთა განმავლობაში დიაბეტის მქონე ადამიანების უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა პრობლემები უვითარდება. დიაბეტიანი ადამიანების 65-75% გულ-სისხლძარღვთა დაავადების რომელიმე ფორმით იღუპება. ეს პროცენტული მაჩვენებელი დიაბეტის არმქონე ადამიანებთან შედარებით 2-4 -ჯერ მეტია. ამიტომ, დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა აკონტროლონ და ნორმის დონეზე შეინარჩუნონ არტერიული წნევა, რაც გულის დაავადებებისა და ინსულტების პროფილაქტიკისთვის არის აუცილებელი.

დიაბეტი და ჰიპერტენზია მარტო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან არ არის დაკავშირებული. ისინი იწვევენ თირკმელებისა და თვალების დაზიანებებსაც, რაც მათზე დეტალურ დაკვირვებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

პროგნოზი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევი პათოლოგიის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, მკურნალობის ეფექტიანობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსა და კიდევ სხვა ფაქტორებზე.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლეთ არტერიული წნევა, ჩაიტარეთ გულისა და სისხლძარღვების დროული, პროფილაქტიკური გამოკვლევა, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამით თავიდან აიცილებთ ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ინსულტი, ინფარქტი, ქვედა კიდურების განგრენა/ამპუტაცია, თირკმელების უკმარისობა, მხედველობის დაქვეითება/დაკარგვა.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?