Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ფიზიკური აქტივობის გაზრდის 10 მარტივი გზა!
2022-03-16 გაზიარება ავტორი: ირაკლი ქვარაია

ფიზიკური აქტივობის გაზრდის 10 მარტივი გზა!

ფიზიკური დატვირთვა არ უნდა შემოიფარგლოს სპორტული დარბაზით ან სარბენი ბილიკით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ- ერთი ყველაზე მარტივი გზაა დღის განმავლობაში დაბალი ინტენსივობის აქტივობის გაზრდა. მაგალითად, ყოველდღიურად თქვენი ნაბიჯების რაოდენობის გაზრდა, რომელსაც შეუძლია შეამციროს ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ასეთმა ყოველდღიურმა აქტივობებმა შეიძლება შეამციროს სხეულის წონა და გააუმჯობესოს ჯანმრთლობის საერთო მდგომარეობა.
მინდა შემოგთავაზოთ 10 პრაქტიკული, მარტივი გზა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.

 

დასაწყისისთვის, შეეცადეთ გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე მეთოდი, შემდეგ, როდესაც ისინი გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, შეგიძლიათ დაამატოთ მომდევნო მათგანი:

 

    1.რაც შეიძლება ხშირად იარეთ ფეხით კიბეებზე, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ფეხით ადით 2-3 სართულზე ან ჩამოდით 3-4 სართული ფეხით. თუ თქვენთვის ძნელია კიბეებზე ასვლა, შეეცადეთ ნაწილი ფეხით გაიაროთ და შემდეგ გამოიყენოთ ლიფტი.

მოლოდინი:    შეამჩნევთ, რომ ყოველ კვირასა და თვეში გაიზრდება ნაბიჯების რაოდენობა, რომელთა გავლასაც დაუბრკოლებლად შეძლებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი შეამჩნევთ, თუ როგორ გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრების ხარისხი.

    2. დალიეთ წყალი

უცნაურად ჟღერს, მაგრამ დღის განმავლობაში ბევრი სითხის მიღება მოგანდომებთ ადგომას თქვენი სამუშაო მაგიდიდან და მისვლას საჭირო ოთახამდე. თუ თქვენი კომპიუტერიდან ყოველ საათში მაინც ადგებით და ივლით ,,საჭირო ოთახში“ და უკან, ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. საერთო ჯამში თქვენ მიიღებთ  სრულ 20-30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას. ასევე საკმარისი  მიღებული წყლის რაოდენობა მოგცემთ საშუალებას არ  გადატვირთოთ ორგანიზმი ზედმეტი საკვები პროდუქტებით.

    3.   კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ეფექტიანი გზა.

არ მოძებნოთ პარკინგი სუპერმარკეტის ან ოფისის შესასვლელთან. სადაც არ უნდა მიხვიდეთ მანქანით, ეცადეთ რაც შეიძლება შორს დააყენოთ ადგილმდებარეობიდან, სადარბაზოდან.  ყოველი 10-20 წამი, რომელსაც თქვენ დახარჯავთ ფეხით სიარულში, გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს და გაზრდის თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას.

    4.   ხშირად დაკავდით საოჯახო საქმეებით. შეეცადეთ ყოველდღიურად ბინა დაალაგოთ სველი წესით, რომ ამით გაზარდოთ თქვენი ფიზიკური აქტივობა.
ეს არ წაგართმევთ ბევრ დროს და მოგცემთ საშუალებას გაოფლიანდეთ.
ყველაზე უმარტივესი მოქმედება-ჭურჭლის რეცხვაც კი, დაგახარჯინებთ დამატებით კალორიებს.

    5.  მებაღეობა.


ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გზაა ფიზიკური აქტივობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ყვავილებს უვლით თუ ბოსტნეულს. მთავარია, რომ გაქვთ მოტივაცია, თქვენი სააგარაკო ტერიტორია იყოს უფრო მოვლილი, რაზეც ორმაგ სიამოვნებას მიიღებთ - სუფთა ჰაერზე ყოფნას და დამატებითი კალორიების ხარჯვას.

    6. გამორთეთ საკაბელო ტელევიზია ან სატელიტი ზაფხულის თვეებში.


რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ ტელევიზორის წინ, მით უფრო დიდია სხვადასხვა დაავადების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ტელევიზორის გამორთვით, თქვენ შეძლებთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახში, ასევე მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს, მეგობრებს ან ისეირნოთ ფეხით.

    7. შეიძინეთ პედომეტრი-ფიტნეს ტრეკერი.


პედომეტრი არის იდეალური საშუალება, რათა გაზარდოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობა. მისი საშუალებით თქვენ შეხედავთ, თუ რამდენი ნაბიჯი გაქვთ გავლილი დღის მანძილზე, რამდენად პროდუქტიული იყო დღე დატვირთვის კუთხით და ა. შ. ჯანმრთელი ადამიანი მიზნად უნდა ისახავდეს დღეში გაიაროს 10 000 ნაბიჯი. თავიდან შეიძლება ვერ მიიღოთ ის შედეგი რასაც ელით, მაგრამ არ ინერვიულოთ, იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი სხეულის წონა, ფიზიკური დატვირთვა უნდა აღემატებოდეს საჭირო მინიმუმს, რაც დროთა განმავლობაში დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და, ბუნებრივია, სხეულის მასაზე.

    8.  ხშირად გამოიყენეთ აქტიური ტიპის სატრანსპორტო საშუალებები.

იდეალური ვარიანტია სამსახურში თუ სკოლაში ველოსიპედით მისვლა, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ფეხით სიარული სამუშაო ადგილამდე და უკან დაბრუნება, ხანდახან მაინც, თუ ყოველდღიურად ვერ ახერხებთ.

  

    9.  მაქსიმალურად გამოიყენეთ შესვენება.


თუ კაფეში ლანჩზე მიდიხართ, აირჩიეთ მოშორებით მდებარე კაფე. თუ სადილი თან გაქვთ წამოღებული, მაშინ ყავის დასალევად ფეხით წაბრძანდით კაფეში. ყოველდღე აქტიური ცხოვრების წესზე დახარჯული 15 წუთი, მოგვიანებით დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

  

    10.  ვახშმის შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ფეხით გაისეირნეთ.
თუნდაც 20 წუთიანი გასეირნება მოგცემთ საშუალებას პირისპირ ისაუბროთ თქვენს ოჯახის წევრებთან, დაგეგმოთ მომდევნო დღე. განიხილოთ არსებული პრობლემები ან, უბრალოდ, ჩუმად იაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა.

როგორც ხედავთ, ამ რჩევებში არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. მთავარია სულ ცოტაოდენი მონდომება, გაატარეთ ნაკლები დრო საწოლში და ტელევიზორთან, იმოძრავეთ და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა!

სტატია ნათარგმნია კარდიოლოგ ირაკლი ქვარაიას მიერ ხორვატიული ფარმაცევტული კომპანია pharmaS ინტერნეტ ჟურნალიდან ,,Mulvita".

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?