მცენარეული კვების უპირატესობები შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს
მცენარეული კვების უპირატესობები შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს
რა არის შაქრიანი დიბაეტი?
შაქრიანი დიაბეტი მეტაბოლური ხასიათის პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიითა და ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმის დარღვევით.
შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მოუვლელობის შემთხვევაში იწვევს ნაადრევ ინვალიდობას და მაღალ სიკვდილობას. მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. გამოყოფენ შაქრიანი დიაბეტის ოთხ ძირითად კატეგორიას: ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, გესტაციური დიაბეტი და დიაბეტის სხვა სპეციფიკური ტიპები.
დიაბეტთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი რისკის ფაქტორები (ჰიპერგლიკემია, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, გაზრდილი თრომბოგენეზი) მოითხოვს მრავალმხრივ ინტერვენციასა და მედიკამენტურ მკურნალობას.
დიაბეტის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სისხლის გლუკოზის ნორმალური დონის მიღწევა (ნორმოგლიკემია).
ამერიკის დიაბეტის ასოციაციისა და დიაბეტის შესწავლის ევროპის ასოციაციის მიერ მოწოდებულია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ალგორითმი, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების მენეჯმენტს. კვების მართვა მოიცავს წონის კორექციას, ჯანსაღი კვების გეგმის გაცნობას. ჯანსაღი კვება კრიტიკული კომპონენტია ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის მართვაში. ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 50% ‐ ზე მეტში გლუკოზის დონის ნორმალიზებას იწვევს მიღებული კალორიების შემცირება, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა და წონის შემცირება.
ბოლო დროს ჩატარებული დაკვირვებითი და ინტერვენციული კვლევები მტკიცედ უჭერს მხარს მცენარეული კვების-ვეგეტარიანული და ვეგანური კვების სარგებლიანობას შაქრიანი დიაბეტის განვითარების პრევენციასა და მართვაში.
რა განსხვავებაა ვეგეტარიანულ და ვეგანურ კვებას შორის?
მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული დიეტა, სრულიად ან ნაწილობრის გამორიცხავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებას (ხორცი, რძე, კვერცხი..)
კერძოდ,
- ოვოლაქტოვეგეტარიანელები (Ovo-lacto vegetarianism) — მიირთმევენ რძის პროდუქტებს (ლაქტო) და კვერცხს (ოვო), არ მიირთმევენ ხორცს.
- *ლაქტოვეგეტარიანელები — უარს ამბობენ კვერცხზე, ხორცზე, მაგრამ მათთვის მისაღებია რძის პროდუქტები.
- ოვოვეგეტარიანელები — მიირთმევენ კვერცხს, მაგრამ რძის პროდუქტებსა და ხორცზე უარს ამბობენ.
- პესკეტარიანელები (იტ. pesce-თევზი) — უარს ამბობენ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცზე, მაგრამ არა თევზზე, კვერცხზე და რძის პროდუქტებზე.
- ვეგანები- საერთოდ უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე.
ჩატარებული კვლევების მიმოხილვა:
ფართო კოჰორტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტიპი 2 დიაბეტის გავრცელება და სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია მათ შორის, ვინც მიჰყვება მცენარეულ კვებას.
მცენარეული კვება, რომელიც მოიცავს პარკოსნებს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, თხილეულს, მდიდარია ბოჭკოთი და ფიტონუტრიენტებით, რაც დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების მკვეთრად შემცირებულ რისკთან.
ფართო კოჰორტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტიპი 2 დიაბეტის გავრცელება და სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია მათ შორის, ვინც მიჰყვება მცენარეულ კვებას, ხორცისმჭამელებსა და ნახევრად ვეგეტარიანელებთან შედარებით. ვეგანური კვების მიმდევერებს აქვთ დაბალი სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი (BMI), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის შესამცირებლად.
ცხოვრების წესის მედიცინის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ცხოვრების წესის ინტერვენციის შემდეგ, რომელიც მოიცავდა მთლიანი საკვები რაციონის უპირატესად მცენარეულით შეცვლას, ნაჩვენები იქნა ტიპი 2 დიაბეტის რემისიის მიღწევის პოტენციალი.
2007 წლიდან 2021 წლამდე მკვლევარებმა გამოიკვლიეს ტიპი 2 დიაბეტის მქონე 59 პაციენტის ჯანმრთელობის ჩანაწერები, რომლებიც მიჰყვებოდნენ მთლიანად მცენარეული კვების სქემას. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71,5 წელი (41-დან 89 წლამდე). ამ პაციენტებში გლუკოზის მონიტორინგით ნანახი იქნა სისხლში გლუკოზის ციფრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და კვლევის მონაწილეთა 37%-მა მიაღწია დიაბეტის სრულ რემისიას.
ამასთანავე, ამ კვლევამ აჩვენა მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების მნიშვნელოვანი შემცირება პაციენტებში, რომლებმაც შეიტანეს ცვლილებები კვების რეჟიმში მცენარეული კვების სასარგებლოდ.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბოჭკოვანი და უცხიმო მცენარეული დიეტები შეიძლება დაეხმაროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რემისიის მიღწევას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სტანდარტულ მკურნალობას. კვლევა უნიკალური იყო, რადგან არ მოითხოვდა კალორიების შეზღუდვას ან შიმშილს“- განაცხადა დოქტორ ქეროლაინ მესერიმ, „Medical News Today“-თან ინტერვიუში (იგი გახლავთ ექიმი ენდოკრინოლოგი Northwell Lenox Hill Hospital-ში, და, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად არ იყო ჩართული ამ კვლევაში).
ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოქვეყნდა კვლევები ჰიპერგლიკემიის მკურნალობის შესახებ ნახშირწყლებით მდიდარი, უცხიმო დიეტით, რომელიც ადასტურებს დიაბეტის სამკურნალოდ უპირატესად ვეგეტარიანული დიეტის გამოყენების ეფექტურობას.
ამავე წლებში ჩაატარეს პირველი ძირითადი რანდომიზებული კლინიკური კვლევა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ მცენარეული (ვეგანური) დიეტით, შეადარეს ის იმ ჩვეულებრივ დიეტას, რაც არის გათვალისწინებული 2003 წლის ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) მითითებებით.
კვლევაში სულ მონაწილეობდა 27-82 წლის ასაკოვანი ჯგუფის 99 პირი, პაციენტები რანდომიზირებული იყვნენ შემდეგნაირად: ნაკლები ცხიმის შემცველი ვეგანურ დიეტა/ ADA დიეტა, კვლევა გრძელდებოდა 22 კვირის განმავლობაში. რეკომენდებული ვეგანური დიეტა გულისხმობდა ენერგიის დაახლოებით ასე გადანაწილებას: 10% ცხიმო, 15% ცილა და 75% ნახშირწყლები და შედგებოდა ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის, მარცვლეულისა და პარკოსნებისგან.
ვეგანების ჯგუფში მონაწილეებს მოეთხოვებოდათ არ მიეღოთ ცხოველური პროდუქტები და ესარგებლათ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებით, როგორიცაა ლობიო და მწვანე ბოსტნეული. კვლევის ბოლოს, ვეგანური ჯგუფის 43%-მა (49-დან 21) და ADA ჯგუფის მონაწილეთა 26%-მა (13 50-დან) შეამცირა დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები და/ან მათი დოზა. იმათ გარდა, ვინც შეცვალა მედიკამენტოზური მკურნალობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინი A1c ვეგანურ ჯგუფში შემცირდა 1,23 %-ით , ADA ჯგუფში კი 0,38 %-ით (P = 0,01 ). სხეულის წონა შემცირდა 6.5 კგ-ით ვეგანურ ჯგუფში და 3.1 კგ-ით ADA ჯგუფში (P <0.001). მათ შორის, ვინც არ შეცვალა ანტილიპიდური მედიკამენტები, ქოლესტერინის შემცველობა შემცირდა 21.2%-ით ვეგანურ ჯგუფში და 10.7%-ით ADA ჯგუფში (P = 0.02). საბაზისო მნიშვნელობების კორექტირების შემდეგ, შარდში ალბუმინის შემცირებაც კი მნიშვნელოვნად მეტი იყო ვეგანურ ჯგუფში (15.9 მგ/24 სთ), ვიდრე ADA ჯგუფში (10.9 მგ/24 სთ).
რა ზეგავლენას ახდენს მცენარეული კვება შაქრიანი დიაბეტის პატოგენეზზე?
მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული დიეტა ამცირებს ინსულინრეზისტენტობას და აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს სხვადასხვა მექანიზმებით. მცენარეული დიეტა მდიდარია საკვები ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებით და მაგნიუმით, რაც დადასტურებულია, რომ ხელს უწყობს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას.
ბოჭკოთი მდიდარი მცენარეული საკვები იწვევს ნაყროვანების შეგრძნებას უფრო დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ის გადაადგილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შედარებით ნელა, ეს კი ამცირებს საკვებზე მოთხოვნილებას და ზედმეტი საკვების მიღების ალბათობას.
მცენარეულ საკვებში ნაკლებად გვხვდება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თავის მხრივ აზიანებენ პანკრეასის ბეტა უჯრედებს და იწვევენ ინსულინის დარღვევას.
ანტიოქსიდანტები, როგორიცაა პოლიფენოლები, აფერხებენ ნაწლავებიდან გლუკოზის შეწოვას, აააქტიურებენ ინსულინის სეკრეციას, ამცირებენ ღვიძლისმიერ გლუკონეოგენეზს და აძლიერებენ უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისებას. საკვები ბოჭკოები ასევე ამცირებენ სისხლში ანთების მარკერების არსებობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ინსულირეზისტენტობის განვითარებას.
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ძირითადად გვხვდება ცხოველურ საკვებში, ხელს უწყობს ლიპოტოქსიურობას, ფენომენს, რომლის დროსაც ტოქსიკური ცხიმოვანი მეტაბოლიტები გროვდება ღვიძლისა და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, არღვევს ინსულინის მოქმედებას და, შესაბამისად, ამცირებს გლუკოზის ათვისებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიტროზამინები, რომლებიც წარმოიქმნება დამუშავებული ხორცის ნიტრიტებისა და ნიტრატების კონსერვანტების მიერ, აჩქარებს დნმ-ის დაზიანებას, რეაქტიული ჟანგბადის სახეობების და ანთების პრო-ციტოკინების წარმოქმნას, რაც იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.
მცენარეულ კვებაზე დაფუძნებული დიეტა ხელს უწყობს წონის კლებას და ამცირებს სიმსუქნის რისკის ფაქტორებს, რაც თავის მხრივ იცავს ინსულინრეზისტენტობის განვითარებისგან. ამის საპირისპიროდ, ხორც-პროდუქტების მოხმარება უმეტესად დაკავშირებულია წონაში მკვეთრ მატებასთან და, დროთა განმავლობაში, შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან.
დაბალანსებული დიეტა მდიდარი ბოჭკოვანი საკვებით, მცენარეული ცილებით, ხილით და ბოსტნეულით, ასევე რთული ნახშირწყლებით, მნიშვნელოვად აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის დონეს.
დასკვნა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთხმად აღიარეს მცენარეული საკვების შემცველი დიეტა, როგორც არა მხოლოდ ეფექტური ქრონიკული დაავადებებისა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის, არამედ ეკოლოგიურად უფრო მდგრადი და მისაღები, ვიდრე ცხოველური პროდუქტებით მდიდარი დიეტა. ამავე პოზიციას უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატების დიეტური სახელმძღვანელო მითითებების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატია (2015 წელს).
ამდენად, დროთა განამვლობაში ჩატარებული მრავალი კვლევის საფუძვლეზე, კიდევ უფრო მტკიცდება მოსაზრება, რომ საკვებ რაციონში ცხოველური პროდუქტების შეზღუდვა და დაბალანსებული მცენარეული კვების რეჟიმზე გადასვლა ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის პრევენციასა და მკურნალობაში!
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/
https://www.diabetes.org.uk/