Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
რა არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი? - ხშირად დასმული შეკითხვები
2020-10-13 გაზიარება ავტორი: ლალი ნიკოლეიშვილი

რა არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი? - ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი?


ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია გლუკოზის მეტაბოლიზმი. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედი ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროებს გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს.  მრავალ უჯრედში გლუკოზა აღწევს ჰორმონის დახმარებით, რომელსაც ჰქვია ინსულინი. იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს საკმარისი ინსულინი, ან ორგანიზმი სათანადოდ არ რეაგირებს არსებულ ინსულინზე, გლუკოზა ვერ ხვდება უჯრედში, და, შესაბამისად, გროვდება სისხლში.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ვითარდება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების გამო, ესენია, როცა

  • უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე ან
  • არ ხდება საკმარისი რაოდენობის ინსულინის სეკრეცია ან
  • ორივე პათოლოგიური პროცესი ერთდროულად არსებობს.

რა სიმპტომებით ხასიათდება ტიპი2 შაქრიანი დიაბეტი?

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ძირითადად ჩუმად, სიმპტომების გარეშე, ანუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს; დაავადების პროგრესირებისას შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა სიმპტომებმა:

  • გახშირებული შარდვა;
  • გაძლიერებული წყურვილი;
  • დაბინდული მხედველობა;

ხშირად დაისმის შეკითხვა, თუ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ძირითადად არ იწვევს სიმპტომებს და არ აწუხებს ადამიანს, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მასზე, რატომ უნდა ვუმკურნალოთ?

პასუხი არის ცალსახა - მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირ შემთხვევებში პაციენტი პრაქტიკულად თავს ცუდად არ გრძნობს და ხშირად სიმპტომებიც კი არ აღენიშნება, იმ შემთხვევაში, თუ არ ვუმკურნალებთ, დროთა განმავლობაში დიაბეტი იწვევს ძალიან სერიოზულ, სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს. სწორედ ამიტომ, ტიპი2 შაქრიან დიაბეტს „ჩუმ მკვლელსაც" უწოდებენ.

რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია არანამკურნალებ ტიპი2 შაქრიან დიაბეტს?

დაავადებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს შემდეგ მდგომარეობებამდე:

  • გულის ინფარქტი;
  • ინსულტი;
  • თირკმლისმიერი გართულებები;
  • მხედველობის პრობლემები;
  • ტკივილი, ან მგრძნობელობის დაკარგვა ხელებსა და ფეხებში;
  • ქვედა კიდურების განგრენა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ამპუტაციამდე.

როგორია მკურნალობის გზები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს?

არსებობს სხვადასხვა ჯგუფის ანტიდიაბეტური მედიკამენტები, რომლებიც გვეხმარება სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების კონტროლში. ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც ასტიმულირებს და აიძულებს ორგანიზმს წარმოქმნას მეტი ინსულინი, ზოგი მათგანი კი საჭიროებს მედიკამენტებს, რომლებიც ეხმარება ინსულინს ეფექტიანად მოქმედებაში; ხანდახან საჭირო ხდება ინსულინის ინიექციები. თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის მორგება საჭიროა ინდივიდუალურად.

გამომდინარე იქედან, თუ მკურნალობის რა სქემა აქვს მორგებული პაციენტს,  ექიმი ადგენს  და სთავაზობს მას გლუკოზის მონიტორირების (თვითკონტროლის) განრიგს. გარდა ამისა, აცნობს მას დიაბეტის გართულებების პროფილაქტიკის ან უკვე არსებული გართულებების მართვის გეგმას.

გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლად მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის დიაბეტის მართვისთვის პირველი რიგის არჩევის მკურნალობა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა დიაბეტის საკონტროლოდ არის ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა, წონის კორექცია, მწეველობისთვის თავის დანებება, მათ გარეშე ნებისმიერი მკურნალობა არაეფექტიანია.

ადეკვატური კვებისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე ვერცერთი მედიკამეტი ვერ აჩვენებს ისეთ შედეგს, რასაც ჩვენ მისგან ველით.


შესაძლებელია თუ არა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების პრევენცია?


შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის და მისი გართულებების პრევენცია შესაძლებელია რისკის ფაქტორების გამოვლენითა და კონტროლით. ყველაზე ეფექტიანი გზა ტიპი2 დიაბეტის განვითარების რისკის შესამცირებლად არის კვლავ წონის კონტროლი და ფიზიკური აქტივობა. 

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?