Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
რა არის ორგანული პროდუქტი?
2020-10-18 გაზიარება ავტორი: თამარ კახნიაშვილი

რა არის ორგანული პროდუქტი?

რას ნიშნავს ორგანული პროდუქტი და რატომ წარმოიშვა იმის საჭიროება, რომ იწარმოოს ორგანული პროდუქცია?


ორგანულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის მოყვანა და გაზრდა წარმოებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, არ შეიცავს ქიმიურ პესტიციდებს, ზრდის ჰორმონს, გენური ინჟინერიით მიღებულ ინგრედიენტებს.

ამ პროდუქტების მიღების წესის რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგ. აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - სკანდინავიის ქვეყნებში, ინგლისში, მარცვლეული ორგანულია, თუკი იზრდება სინთეზური პესტიციდების, გენური ბიოინჟინერიის, ნავთობზე და ნარჩენებზე დაფუძნებული სასუქის გარეშე.  ხორცის, კვერცხის და რძის პროდუქტისთვის ორგანული მეცხოველეობა უნდა იყოს ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე და ინდუსტრიული საწარმოებიდან მოშორებით. ცხოველი უნდა იკვებებოდეს ორგანული (ნატურალური) პროდუქტით, კვებისთვის არ უნდა გამოიყენონ ზრდის ჰორმონები, ცხოველთა პროდუქტები და ანტიბიოტიკები. ორგანული პროდუქტი იზრდება ბუნებრივი სასუქით (ნაკელი, კომპოსტი), სარეველა კონტროლირდება ნატურალურად (მოსავლის შებრუნება, ხელით მოშორება და გადარჩევა), მავნებლები კონტროლირდება ბუნებრივი მეთოდებით ( ჩიტები, მწერები, ხაფანგები) და ბუნებრივი გზით მიღებული პესტიციდებით.

ორგანულია ხორცი, რძის პროდუქტი და კვერცხი, თუ ცხოველი იკვებება ორგანული, ბუნებრივი, ჰორმონებისგან თავისუფალი და არაგენმოდიფიცირებული საკვებით; დაავადებების პრევენცია ხდება ტრადიციული ბუნებრივი მეთოდებით (სანიტარული დასუფთავება, ჯანსაღი კვება); მეცხოველეობა აუცილებელია იყოს სუფთა ჰაერზე.

ხორც-პროდუქტი, რძის პროდუქტი და კვერცხი არაორგანულია, თუ ცხოველებს კვებავენ ზრდის ჰორმონებით - სწრაფი ზრდისთვის, ასევე სითეზური არაბუნებრივი პროდუქტით, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტით. დაავადებათა პრევენციისთვის აძლევენ ანტიბიოტიკებს და წამლებს. ფერმა ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი მდებარეობდეს სუფთა ჰაერზე.

არაჯანსაღი პროდუქტების გამოყენება ზრდის ავადობას. უკანასკნელ პერიოდში მივიღეთ საგანგაშო სტატისტიკა საკვები პროდუქტებით გამოწვეული დაავადებების ზრდის შესახებ. 2017 წლის მონაცემებით მხოლოდ ა.შ.შ-ში პესტიციდების ჭარბი გამოყენების გამო 2-დან 1 ამერიკელს აქვს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ძალიან მაღალი რისკი, 4-დან 1-ს - შაქრიანი დიაბეტის, 4-დან 1-ს - ასთმის, 45-დან 1 -ს - აუტიზმის, 10-დან 1 -ს  - ყურადღების დეფიციტის, 3-დან 1-ს - სიმსუქნის და 1-დან 1-ს - დემენციის განვითარების რისკი. ამ კუთხით გამონაკლისს არ წარმოადგენს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნები, სადაც სტატისტიკა სათანადოდ არ წარმოებს და იაფი საკვების მოხმარება ძალიან მაღალია.

რა სინთეზური პესტიციდები არსებობს და როგორია მათი გავლენა ორგანიზმზე?


ჩატარდა მრავალრიცხვოვანი კვლევები სინთეზური პესტიციდების გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე. მეოცე საუკუნეში, მას შემდეგ, რაც პოლ მულერმა 1939 წელს აღმოაჩინა პესტიციდი (ინსექტიციდი - (დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანი ) მალარიის და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგოდ, გაფართოვდა პესტიციდების გამოყენების არეალი და მოხდა მისი ფართოდ გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მწერებისგან მოსავლის დასაცავად და შესაწამლად; ინსექტიციდები გამოიყენება ცხოველებში მათი პარაზიტული დაავადებებისგან დაცვის მიზნით.

პესტიციდები კლასიფიცირდება ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ორგანულ, არაორგანულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პესტიციდებად. პესტიციდების გამოყენებით იზრდება მოსავლის რაოდენობა და ვიზუალი (მწერებისგან დაუზიანებელი). სოფლის მეურნეობაში პესტიციდები სწორედ ამ მიზნით გამოიყენება.

არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ სინთეზური პესტიციდები აქტიურად ერთვებიან ნივთიერებათა ცვლაში. ისინი არიან ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხის, სათესლის ჰორმონების რეცეპტორების ლიგანდები (ანუ ბაძავენ ამ ჰორმონებს) და მათ მაგივრად ერთვებიან ნივთიერებათა ცვლაში. იწვევენ ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი მიმდინარეობის შეცვლას და ასინთეზებენ განსხვავებულ ცილას, ანუ იწვევენ დაავადებებს. რაც უნფრო ხანგრძლივი დროით და მუდმივად ხვდება ორგანიზმში პესტიციდები, მით უფრო მეტია დაავადებების განვითარების რისკი. ასევე, დადასტურდა, რომ ორი და მეტი სახეობის პესტიციდის მიღების შემთხვევაში მეტად იზრდება დაავადებათა განვითარების რისკი. ხშირ შემთხვევაში პესტიციდები პირდაპირი ზემოქმედებით აზიანებენ სხვადასხვა ორგანოთა უჯრედებს, მაგალითად პანკრეასის ბეტა უჯრედებს და იწვევენ შაქრიან დიაბეტს. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ უცხოს -  გარემო თუ ორგანიზმში მოხვედრილ თუ წარმოქმნილდ ებრძვის და უმკლავდება იმუნური სისტემის საშუალებით. ხანგრძლივი და მუდმივი ანტიგენის (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება) არსებობის შემთხვევაში იმუნური სისტემა სუსტდება და კარგავს შეცვლილ გარემოსთან ბრძოლის უნარს. სწორედ ეს არის სიმსივნური პათოლოგიის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პესტიციდებით ექსპოზიციასთან  ასოცირებულია ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა. ასევე დადგინდა, რომ პესტიციდები აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და იწვევენ ეპითელიუმის შესქელებას, რაც ასოცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებთან. ქიმიური პესტიციდები იწვევენ ნაწლავის მიკლოფლორის შეცვლას, ნაწლავური იმუნიტეტის დაქვეითებას. ნაწლავური იმუნიტეტი უნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. მისი ბაქტერიული შიგთავისის (მიკრობიოტის) შეცვლა მრავალი დაავადების, მათ შორის სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სიმსივნის მიზეზია. გლუტეინის აუტანლობა-ცელიაკიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სწორედ პესტიციდებით ექსპოზიცია დასახელდა. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს განახლების პროცესი, რისთვისაც აუცილებელია ადამიანმა საკვებით მიიღოს მაკრო და მიკრო - ნუტრიენტები. თუ როგორ ნივთიერებებს მივაწვდით ჩვენს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის სწორად წარსამართად, გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანრთელობითვის.
 სინთეზური პესტიდიცის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე და მოწყვლადია შემდეგი პოპულაცია: ბავშვები, ორსულები, ასაკოვანი პირები, რომელთა იმუნიტეტი სუსტია გარე და შიდა ფაქტორებთან გასამკლავებლად. კვლევებით დადგინდა, რომ პესტიციდები დედის რძეშიც გამოიყოფა. ორსულებში ქიმიური პესტიციდების სიჭარბესთან არის დაკავშირებული ნაყოფის განვითარების შეფერხება, განსაკუთრებით ნერვული სისტების განვითარების შეფერხება, რაც აუტიზმის და სხვა ცერებრალური პათოლოგიების განვითარების მიზეზად გვევლინება. 

არაერთი ასეთი მტკიცებულების დაგროვების შემდეგ, 2007 წელს გაერთიანებული ერების საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ  მიიღო ნიელენის დეკლარაცია (80 ქვეყნის 500 დელეგატის მონაწილეობით), ახალი მეთოდების დანერგვის საჭიროების შესახებ, იმისთვის, რომ შემცირდეს ქიმიური პესტიციდების უარყოფითი გავლენა საკვებსა და გარემოზე, და, შესაბამისად, ადამიანზე. 

შესაბამისად, უკანასკნელ წლებში გაიზარდა ორგანული ფერმების რიცხვი. ორგანული პროდუქტების მოხმარებას პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მოხდეს დაავადებათა პრევენცია ნებისმიერ ასაკში, რათა შემცირდეს დაავადებათა გავრცელება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ასაკოვანი პირებისთვის.
ასევე ორგანულ პროდუქტზე მეტი აქცენტის გაკეთება სჯობს სიმსივნური პათოლოგიის ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში, როდესაც იმუნური სისტემა სუსტია. შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, კარდიო-ვასკულარული პათოლოგიების მქონე პირებში. ინფექციური პათოლოგიების დროს, მწვავე ანთებითი დაავადებების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანული პროდუქტის გამოყენება საკვებისმიერი ალერგიის დროს; მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე პირდაპირი გავლენა აქვს იმას, თუ როგორ იზრდება საკვები, რასაც ვღებულობთ, მდიდარია თუ არა სასარგებლო მიკრონუტრიენტებით, ანტიოქსიდანტებით. ორგანული საკვები არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ აქვს ვარგისიანობის ნაკლები ვადა,  ამიტომ უფრო ახალია. ამ მიზეზის გამო  ფერმები, სადაც ორგანული პროდუქტი იწარმოება ხშირად ახლოსვეა მის გასაყიდ აგილთან.

ორგანული ფერმერობა გარემოსთვისაც უვნებელია, ამცირებს გამონაბოლქვს, ზოგავს წყალს, ამცირებს ნიადაგის ეროზიას, ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და ხარჯავს ნაკლებ ენერგიას. ქიმიური პესტიციდების გარეშე ფერმერობა უსაფრთხოა ახლომდებარე რეგიონებში მცხოვრები ფრინველებისთვის, ცხოველებისთვის, ადამიანებისთვის. 

ორგანული წესით გაზრდილი ცხოველები არ იზრდებიან ანტიბიოტიკებით, ზრდის ჰორმონებით, ცხოველთა პროდუქტებით. ცხოველური პროდუქტებით ცხოველთა კვება ზრდის მათ დაავადებებს (დაავადებული ძროხა), საჭიროებს მათ ანტიბიოტიკოთერაპიას, რაც იწევს ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამების გაჩენას.
ორგანულად გაზრდილ ცხოველს აქვს გარემოში მეტი თავისუფალი სივრცე,  რაც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას. ორგანული ხორცი და რძე მდიდარია ბუნებრივი საკვები მიკრო-ნუტრიენტებით. 2016 წელს ევროპაში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ, ძირითადი ნუტრიენტები, მათ შორის ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, 50%-ით მეტია ორგანულ რძესა და ხორცში, ვიდრე არაორგანულში. ორგანული საკვები არ შეიცავს გმო-ს. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) ან გენური ინჟინერიით მიღებული საკვების და მცენარის დნმ შეცვლილია, ის არ არსებობს საერთოდ ბუნებაში. ის შექმნილია იმიტომ, რომ იყოს რეზისტენტული პესტიციდების მიმართ და/ ან წარმოქმნას საკუთარი ინსექტიციდები.

მტიცებულებები გმო-ს ეფექტის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა.

აშშ კვების და წამლის ადმინისტრაციამ Food and Drug Administration (FDA) და ბიოტექნოლოგიურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ გმო ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. სხვა კვების უსაფრთხოების დაცვის სამსახურები აცხადებენ, რომ გმო-ს უსაფრთხოების შესახებ მსჯელობა ნაადრევია, რადგან შორეული კვლევები არ არსებობს უსაფრთხოების დასადასტურებლად.  ცხოველთა მოდელებში ჩატარებული სხვა კვლევებით დადგინდა, რომ გმო იწვევს ცნს-ის განვითარების შეფერხებას, შინაგანი ორგანოების დაზიანებას, კუჭ-ნაწლავის ეპითელიუმის შესქელებას. ასევე დადასტურდა, რომ გმო ადამიანებში კავშირშია კვებითი ალერგიების ზრდასთან და გასტრო-ინტესტინულ დაავადებებთან.

გარეცხილ და გათლილ პროდუქტში ნაკლებია პესტიციდების შემცველობა, თუმცა სრულად ვერ თავისუფლდება მათგან. ამასთან, კანი მდიდარია მიკრონუტრიენტებით, რომელიც გათლით ასევე შორდება პროდუქტს. ამიტომ საუკეთესო არჩევანია ორგანული პროდუქტით კვება.

იმისთვის, რომ პროდუქციას მიენიჭოს ორგანული სერტიფიცატი, ის უნდა აკმყოფილებდეს ყველა სტანდარტს: ეკოლოგია, გარემო, სანიტარია, ცხოველთა კვება, საკვების შემადგენლობა, ბუნებრივი სასუქი. სერტიფიცირება ხდება ორგანული სტანდარტების ეროვნული საბჭოს მიერ, ინსპექცია დეტალურად ამოწმებს ყველა პარამეტრს, საბჭო განიხილავს შედეგებს და წყვეტს - მიენიჭოს თუ არა ორგანული სტანდარტის სერტიფიკატი. აუცილებელია ყოველწლიური რეინსპექცია და რესერტიფიცირება.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?