Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ჰიპოთირეოზი - პაციენტის ინფორმაცია
2020-10-18 გაზიარება ავტორი: დარინა ღვინიაშვილი

ჰიპოთირეოზი - პაციენტის ინფორმაცია

                                              ჰიპოთირეოზი

  ჰიპოთირეოზი  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ყველაზე ხშირი დარღვევაა. ჰიპოთირეოზი არის  მდგომარეობა,  რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით  ჰორმონებს. 

                                      რა არის ფარისებრი ჯირკვალი ?

   ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა-შუა ზედაპირზე მდებარე პეპლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც მოთავსებულია ხორხსა და  ლავიწის ძვალს შორის.  ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს 2 ჰორმონს- თიროქსინი ( T4 ) და ტრიიოდთირონინი ( T3 ), აღნიშნული ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმში მეტაბოლიზმს.  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში მდებარე ჯირკვალი- ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპული ჰორმონს ( TSH ), რაც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლიდან  ჰორმონების - T3  და T4 სინთეზს.

                                       ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზები:

   ჰიპოთირეოზი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.  ასაკის მატებასთან ერთად შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.

  ჰიპოთირეოზის სხვა მიზეზებია:

  • შემთხვევათა 95%-ში ჰიპოთირეოზი გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით და ამ პათოლოგიას ეწოდება პირველადი ჰიპოთირეოზი;
  • თიროიდექტომია - ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული გზით ამოღება;
  • რადიაქტიული იოდით მკურნალობა;
  • თირეოტროპული ( TSH ) ჰორმონის შემცირებული პროდუქცია ჰიპოფიზში- მეორადი ჰიპოთირეოზი.

 

                                                     ჰიპოთირეოზის სიმპტომები:

    ჰიპოთირეოზის  სიმპტომები მრავალფეროვანია. ზოგ პაციენტს შეიძლება არც ჰქონდეს რაიმე ჩივილი, მაშინ როცა  ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდება დრამატულად - იშვიათად კი - სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომებით.

ზოგადი სიმპტომებია:  დაღლილობა, მოდუნება,  წონის მატება, სიცივის აუტანლობა;

კანი: ოფლიანობის შემცირება, რის გამოც კანი ხდება გამომშრალი, თმიანობის შემცირება ან თმის ღერის გაუხეშება, ფრჩხილების მტვრევადობა, წარბების ცვენა;

თვალები:  თვალის გარშემო მსუბუქი შეშუპება; 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოთორეიზი ამცირებს გულის შეკუმშვის ძალასა და  სიხშირეს, რაც გამოვლინდება ჩივილებით: დაღლილობა, ფიზიკურ დატვირთვაზე ქოშინით. აღნიშნული ჩივილები უფრო მკვეთრადაა გამოხატული გულის დაავადებების მქონე პაციენტებში.  გარდა ამისა,  ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის და ქოლესტერინის მსუბუქი მატება.

სასუნთქი სისტემა:   ჰიპოთირეოზი იწვევს ნერვ-კუნთოვან სისუსტეს, რის გამოც ირღვევა ფილტვის ფუნქცია, რაც გამოვლინდება ჩივილებით: სისუსტე, ქოშინი, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა. ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს: ენის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, ძილის აპნოე (ძილის აპნოე არის ძილის დროს სასუნთქი გზების დახშობა, რაც იწვევს ძილის ხარისხის დარღვევას და დღის ძილიანობას).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:  ჰიპოთირეოზი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივობას, რაც გამოიხატება  ყაბზობით.

რეპროდუქტიული სისტემა:  ჰიპოთირეოზის მქონე ქალთა უმეტესობას აქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რაც გამოიხატება  ციკლის გახანგრძლივებითა და გამოტოვებით, ან გახშირებით და ჭარბი გამონადენით.  ჰიპოთირეოზის მქონე ქალები რთულად  ორსულდებიან,  ხოლო ორსულ ჰიპოთირეოზის მქონე ქალებში მუცლის მოშლის რისკი გაზრდილია.

მიქსედემური კომა:   მიქსედემური კომა,  ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რაც გამოიხატება ცნობიერების დაქვეითებითა და სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით. მისი გამომწვევი მიზეზია ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა,  ტრავმა, ინფექციები,  სიცივის ზემოქმედება, ზოგიერთი მედიკამენტი.

 

                                         ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა:

ჰიპოთორეოზის დიაგნოსტიკა ხდება მარტივად, სისხლის შემდეგი ანალიზებით:  თირეოტროპული ჰორმონი - TSH, თავისუფალი თიროქსინი -  FT4 , საჭიროების შემთხვევაში - თავისუფალი სამი იოდთირონინი- FT3.

თუკი TSH  მომატებულია და FT4 დაქვეითებულია,  ეს აშკარა ჰიპოთირეოზის მაჩვენებლია.

თუკი მხოლოდ TSH - ია დაქვეითებული და FT4  ნორმაა,  ეს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მაჩვენებელია.

 

                                        ჰიპოთირეოზის მკურნალობა:  

 ჰიპოთირეოზის მკურნალობის მიზანია სისხლში  თირეოტროპული ჰორმონისა ( TSH ) და თიროქსინის ( FT4 )  ნორმის ფარგლებში დაბრუნება, ჩივილების შემსუბუქება.

მედიკამენტები:  ჰიპოთირეოზის მკურნალობა გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით ჩანაცვლებით თერაპიას. როგორც წესი,  ამისთვის გამოიყენება ლევოთიროქსინი (T4) აბის სახით. მედიკამენტი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოდ , მინიმუმ 1 საათით ადრე საუზმემდე (გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია მედიკამენტის მიღება კვებიდან 2 საათის შემდეგ). მედიკამენტის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში არ შეიძლება კოფეინის შემცველი პროდუქტის მიღება, როგორიცაა შავი ჩაი, ყავა. მედიკამენტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში არ შეიძლება კაცლიუმის პრეპარატების ან კალციუმის დანამატის შემცველი ნებისმიერი ვიტამინის მიღება, მედიკამენტები, როგორიცაა-ამიოდარონი, ლითიუმი, იოდი. ესტროგენებით მკურნალობისას დგება ლევოთიროქსინის დოზის გაზრდის საჭიროება. სტატინით მკურნალობისას კი - ლევოთროქსინის დოზის შემცირების საჭიროება. 

როგორც წესი,  მკურნალობის დაწყებიდან  2  კვირაში  პაციენტი თავს გრძნობს უკეთ, თუმცა  ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმების დროს ჩივილების ალაგებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება: ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტთა უმეტესობას  მთელი ცხოვრება  ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება.  სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (TSH, FT4) ნორმალიზებამდე შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.  მკურნალობის დაწყებიდან  4-6 კვირაში საჭიროა განმეორებით ჰორმონალური სტატუსის შემოწმება.  მედიკამენტის ოპტიმალური დოზის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია საკონტროლო კვლევა წელიწადში  2-3-ჯერ.

მედიკამენტის დოზის ცვლილება:  არასდროს შეცვალოთ მედიკამენტის დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე !

 ლევოთროქსინის (T4)  დოზის ცვლილება დამოკიდებულია სისხლში ჰორმონების (TSH, FT4 ) დონეზე. მედიკამენტის დოზის გაზრდა ძირითადად საჭიროა: ორსულობისას,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებისას (რაც ამცირებს T4-ის შეწოვას), წონის მატებისას.  საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველი საკვები, კალციუმის ან ალუმინის შემცველი კუჭის მჟავიანობის მადაქვეითებელი წამლები, რკინის აბები -  ხელს უშლის ლევოთიროქსინის შეწოვას, ამიტომ აღნიშნული პრეპატარები უნდა მიიღოთ დღის სხვა მონაკვეთში.

ლევოთიროქსინის (T4) დოზის შემცირება საჭირო ხდება  ასაკის მატებასთან ერთად (ხანდაზმულებში), მშობიარობის შემდეგ, წონის კლების დროს.

ასაკოვანი პირები, გულის დაავადებების მქონე პაციენტები:  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი მცირედ აძლიერებს გულის მუშაობას. აქედან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება აირჩიოს მკურნალობის უფრო კონსერვატიული მეთოდი ხანდაზმულ პაციენტებსა და გულის კორონარული დაავადების მქონე პირებში.  

ორსულები: ორსულობის დროს ლევოთიროქსინის (F4) უფრო მაღალი დოზაა საჭირო.  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური კვლევა საჭიროა ყოველ 4 კვირაში ერთხელ მედიკამენტის დოზის სტაბილიზაციამდე, შემდეგ - ტრიმესტრში ერთხელ. მშობიარობის შემდეგაც საჭიროა მედიკამენტის დოზის კორექცია.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?