Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ჰიპერპროლაქტინემია- პროლაქტინის სიჭარბე
2020-10-18 გაზიარება ავტორი: დარინა ღვინიაშვილი

ჰიპერპროლაქტინემია- პროლაქტინის სიჭარბე

 ჰიპერპეროლაქტინემია ეს არის პროლაქტინის სიჭარბე სისხლში. პროლაქტინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ლაქტაციას - სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნას. პროლაქტინი გამომუშავდება თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალში - ჰიპოფიზში.

ჰიპერპროლაქტინემიის გამომწვევი მიზეზებია:

  • ფიზიოლოგიური: ორსულობა, ლაქტაცია, გულმკერდის ფარის სტიმულაცია, ძილი;
  • თავის ტვინის დაზიანება: ტრავმა, სიმსივნეები, თავის ტვინზე ოპერაციული ჩარევა;
  • ჰიპოფიზური ჰიპერსეკრეცია: პროლაქტინომა-ჰიპოფიზის სიმსივნე (მიკრო და მაკროადენომა), მეტასტაზური სიმსივნე, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, ჰისტიოციტოზი, აკრომეგალია, კუშინგის დაავადება, ადისონის დაავადება.
  • სისტემური დაავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, ჰიპერნეფრომა, ბრონქოგენული სარკომა, ციროზი, ეპილეფსიური გულყრები, ცრუ ორსულობა;
  • გარკვეული მედიკამენტები;
  • იდიოპათიური: მიზეზი უცნობია.

ჩივილები:

ქალებში: ციკლის დარღვევა, მკერდიდან გამონადენი, დაქვეითებული ლიბიდო, უშვილობა, ძვლის მასის შემცირება, აკნე, თმიანობის მატება.

მამაკაცებში: ერექციის დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია) და გამონადენი, ენერგიის დაქვეითება, ძვლისა და კუნთის მასის შემცირება. 

ჩივილებს ემატება თავის ტკივილი და  მხედველობის გაუარესება, თუკი ჰიპერპორლაქტინემიის გამომწვევი არის პროლაქტინომა- ჰიპოფიზის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ზრდის შემთხვევაში  აწვება ტვინის ქსოვილებსა და მხედველობის ნერვს.

დიაგნოსტიკა:

ჰიპერპროლაქტინემიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია დილით, კარგად გამოძნებულზე პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში.  ამასთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს თავის ტვინის მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება- პროლაქტინომის დიაგნოსტირებისათვის.

მკურნალობა:

 მკურნალობის მიზანია სისხლში პროლაქტინის დონის შემცირება ნორმის ფარგლებში და ჰიპოფიზის ადენომის - პროლაქტინომის შემცირება ზომაში.  ამისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომელსაც ჰქვია დოფამინის აგონისტები. თუკი მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა ან მედიკამენტის  გვერდითი მოვლენების გამო ვერ ხერხდება მისი მიღება ან ჰიპოფიზის ადენომა იზრდება და იწვევს ზეწოლას ტვინის ქსოვილებსა და მხედველობის ნერვზე,  ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას - ოპერაციას -ჰიპოფიზის სიმსივნის მოშორებას. ოპერაცია უნდა ჩაატაროს გამოცდილმა ქირურგმა. ოპერაციულ ჩარევას თან ახლავს  ისეთი გართულებების რისკები, როგორიცაა: სისხლდენა, მენინიგიტი, ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტი.

  ზემოაღნიშნული მკურნალობის  მეთოდების გარდა გამოიყენება რადიაციული თერაპია. რადიაციული თერაპიის ეფექტიანობისათვის  რამდენიმე წელია საჭირო, გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა, თმის ცვენა, ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტი.

პროლაქტინომა და ორსულობა:

 პროლაქტინომის მქონე ქალებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დაორსულება, თუმცა უნდა გაითვალისწინონ  მცირედი  რისკები, რომელიც დაკავშირებულია დედასთან და ნაყოფთან. დაორსულებამდე საჭიროა ენდოკრინოლოგთან  კონსულტაციის გავლა, რათა შეფასდეს ადენომის ზრდასთან დაკავშირებული რისკები, განხილულ იქნას ადენომის ზომაში მატების  შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა, სასურველია თუ არა ნაყოფის ძუძუთი კვება და ა.შ.