ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპია (LTOT) სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში
ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპია (ინგლისურად Long Term Oxygen Therapy) გულისხმობს სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ჟანგბადის ხანგრძლივ მოხმარებას დღეში სულ მცირე 16 საათის განმავლობაში. ეს არის აპრობირებული მკურნალობის მეთოდი პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსემია).
როდის გამოიყენება ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპია?
ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპიის საჭიროება დგება მაშინ, როცა ადამიანი უჩივის ჟანგბადის ქრონიკულ ნაკლებობას (ჰიპოქსემიას). ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენს არტერიულ სისხლში ძალიან მცირე რაოდენობით ჟანგბადია დაკავშირებული წითელ უჯრედებთან ორგანოებისა და ქსოვილების ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტით მოსამარაგებლად.
ასეთ ქრონიკულ ჰიპოქსემიას შესაძლოა რიგი მიზეზები ჰქონდეს. პირველ რიგში ფილტვის მძიმე დაავადებები, როგორიცაა:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- ფილტვების ემფიზემა
- ფილტვების ფიბროზი
- ცისტური ფიბროზი
- ფილტვის არტერიის ქრონიკული თრომბოემბოლია
ასევე ისეთმა დაავადებებმა, რომელთა დროსაც ირღვევა სუნთქვის აქტი, მაგალითად სასუნთქი კუნთების დაზიანების ან გულმკერდის ყაფაზის დეფორმაციის დროს, შესაძლოა მიგვიყვანოს ჟანგბადის ქრონიკულ ნაკლებობამდე. ასევე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების როლი ქრონიკული ჰიპოქსიის განვითარებაში, როგორიცაა ფილტვის არტერიაში წნევის მომატება ე.წ. Cor pulmonale, ასევე გულის მძიმე უკმარისობა.
ჟანგბადის ქრონიკული ნაკლებობის ნიშნები და შედეგები
ჩვენი სხეულის ყველა ორგანოსა და უჯრედის ადეკვატური ფუნქციონირება დამოკიდებულია ჟანგბადით მდიდარი სისხლით მომარაგებაზე. ჟანგბადის პერსისტირებადი ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა ტიპის გავლენას ორგანიზმზე. ქრონიკული ჰიპოქსემიის პირველი ნიშნები არის უმეტესად:
- დაღლილობა
- ძლიერი საერთო სისუსტე
- დატვირთვისადმი ტოლერანტობის შემცირება
ჟანგბადის ძლიერი ნაკლებობის დროს უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი იწვევს ქოშინს და ადვილად დაღლას.
ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ გული უფრო გაძლიერებულად ცდილობს სისხლის გადატუმბვას არტერიებში, რასაც მივყავართ ფილტვის არტერიაში წნევის მომატებასთან, გულის მარჯვენა კამერების გადაძაბვასთან და გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის განვითარებასთან.
მეორე საკომპენსაციო მექანიზმი მდგომარეობს ჟანგბადის გადამტანი წითელი უჯრედების ერითროციტების გაზრდილ წარმოქმნაში, რის შედეგადაც სისხლი ხდება უფრო ბლანტი, რაც დამატებით აფერხებს ჟანგბადის ტრანსპორტირებას.
როგორც ვხედავთ, იქმნება მანკიერი წრე, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ჟანგბადდამოკიდებულებას. ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპიის მიზანია სწორედ ამ მანკერი წრის გარღვევა და პაციენტის დატვირთვისადმი ტოლერანტობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
როდის დგება ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპიის საჭიროება?
ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპიის ჩვენება არის ჟანგბადის პერსისტირებადი ნაკლებობა მიუხედავად მედიკამენტოზური და სხვა ტიპის მკურნალობისა. ჟანგბადის ასეთი ქრონიკული ნაკლებობის კრიტერიუმია 4 კვირის განმავლობაში არტერიულ სისხლის სულ მცირე სამ ნიმუშში დაავადების სტაბილურ ფაზაში მოსვენებულ მდგომარეობაში ჟანგბადის პარციუალური წნევის მაჩვენებელი ტოლი ან ნაკლები 55mmHg-ზე. ფქოდის და თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 60 mmHg.
მას შემდეგ რაც ქრონიკული ჰიპოქსემიის დიაგნოზი დაისმევა, ექიმი დაგინიშნავთ ხანგრძლივ ოქსიგენოთერაპიას, რომლის მიზანია არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის სულ მცირე 60mmHg-მდე ან მეტად გაზრდა. საამისოდ დასაწყისშივე უნდა შეირჩეს დანადგარის მიერ მოწოდებული ჟანგბადის ნაკადის სიჩქარე.
როგორ ტარდება ჟანგბადის ხანგრძლივი თერაპია?
კვლევების თანახმად, სასურველი შედეგის მისაღწევად თერაპიის ხანგრძლივობა არის დღეში სულ მცრე 16 საათი. ძირითადი პრინციპი ასეთია: რაც უფრო ხანგრძლივად, მით უკეთესი. ამიტომ სამიზნე ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს. ჟანგბადის მიწოდებისთვის არსებობს სხვადასხვანაირი მოწყობილობები: არამობილური დანადგარები სახლისთვის, ძირითადად ჟანგბადის კონცენტრატორი და მობილური, შედარებით მცირე ზომისა და წონის მოწყობილებები, რომლებიც პაციენტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ. ჟანგბადის კონცენტრატორი დაახლოებით ტუმბოს ზომის დანადგარია, რომელიც ფილტრავს ჟანგბადს ოთახის ჰაერიდან და მუშაობს ელექტრულ დენზე. ჟანგბადის მიწოდება ძირითადად ხდება ცხვირიდან ნაზალური კანულის მეშვეობით ან სახის მარტივი ნიღბით ცხვირიდან და პირიდან. უმჯობესია ჰაერის დატენიანება, რაცა არ მოხდეს ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა და გაღიზიანება. თუ იყენებთ ნაზალურ კანულას, გარეცხეთ იგი საპნით და წყლით კვირაში 2-ჯერ. გამოცვალეთ კანულა ყოველ 2-4 კვირაში. თუ შეგხვდათ გრიპი ან რომელიმე რესპირაციული ვირუსი, გამოცვალეთ კანულა სიპტომების ალაგების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც ჟანგბადის ხანგრძლივ თერაპიას იყენებენ, საჭიროებენ რეგულარულ საკონტროლო კვლევებს. გაიდლაინების მიხედვით ასეთი კვლევების ჩატარება მოწოდებულია ყოველ 3 თვეში ერთხელ.
ხშირად დასმული კითხვები:
გავხდები თუ არა ჟანგბადზე დამოკიდებული?
არა. თქვენ დაგენიშნათ ჟანგბადით მკურნალობა იმიტომ, რომ გაქვთ ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა. ექიმი გირჩევთ რა რეჟიმით და რა ხანგრძლივობით გამოიყენოთ ჟანგბადი დღის განმავლობაში. თქვენ არ გახდებით დამოკიდებული ჟანგბადზე და ის არასდროს დაკარგავს თავის ეფექტს.
სად შევიძინო ჟანგბადის კონცენტრატორი?
ჟანგბადის კონცენტრატორი შეგიძლიათ შეიძინოთ ან დროებით იქირავოთ სამედიცინო მაღაზიებში.
უსაფრთხოა თუ არა ჟანგბადის გამოყენება სახლში?
დიახ. თუ დაიცავთ უსაფრთხოების წესებს. ჟანგბადი ადვილად აალებადია ამიტომ არასდროს არ მოწიოთ და არ მოაწევინოთ სიგარეტი თქვენს სიახლოვეს ჟანგბადის გამოყენების დროს. ჟანგბადის კონცენტრატორი უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრით დაშორებული ნებისმიერი სითბოს და ალის წყაროდან, როგორიცაა გაზქურა, გამათბობელი, სიგარეტი, სიგარა, ბუხარი.
შეიძლება ჟანგბადი იყოს ზედმეტი?
დიახ. ჟანგბადმა შეიძლება გავნოთ თუ გამოიყენებთ მას არასწორად. თუ მოიხმართ იმაზე მეტ ჟანგბადს, ვიდრე გჭირდებათ, ამას შეიძლება მოჰყვეს ნახშირორჟანგის დაგროვება ორგანიზმში, რამაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ჟანგბადის ნაკადის სიჩქარე უნდა აკონტროლოთ ექიმთან შეთანხმებით.