შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ინფექციური დაავადებები
ამ სეზონზე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მწვავე რესპირაციული დაავადებების სიხშირე იზრდება. რის გამოც, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვი გაგვიცივდა ან შეხვდა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია.
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ, ზოგადად, ავადმყოფობის პერიოდში ორგანიზმში სტრესის ჰორმონების დონე იზრდება, რაც ფიზიოლოგიურია და წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვით რეაქციას, შეებრძოლოს ინფექციას. თუმცა, მეორე მხრივ, სტრესის ჰორმონების მომატება იწვევს ინსულინის მოქმედების დათრგუნვას, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებში ინსულინზე მოთხოვნილება ამ პერიოდში იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლში მოიმატებს გლუკოზის დონე.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციის დროს გლუკოზის დონის მომატება, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი წესები.:
- შეამოწმეთ სისხლში გლუკომეტრით გლუკოზის დონე უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ, კერძოდ, ყოველ 2-3 საათში.
- მწვავე დაავადებების დროს გლუკოზის შეფასების მიზნით ნუ გამოიყენებთ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებს.
- ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დაავადებას ინდივიდუალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია კონკრეტულ ადამიანზე. შესაბამისად, განსხვავებულია გლუკოზის დონეზე ზემოქმედებაც. მაგ. ერთიდაიმავე ვირუსმა ერთ ადამიანს შეიძლება მკვეთრად აუწიოს გლუკოზა სისხლში, სხვას კი - ნაკლებად.
- გააგრძელეთ ბაზალური და ბოლუსური ინსულინის ინიექციები. შესაძლოა დაგჭირდეთ ბაზალური ინსულინის დოზის მომატება.
- რაც შეეხება კვებას, ხშირად, ვირუსული ინფექციის დროს, აღინიშნება უმადობა; იმ შემთხვევაში, თუ კვებას გამოტოვებთ, ბოლუსური ინსულინის შეყვანა არ დაგჭირდებათ. თუმცა ბაზალური ინსულინის (ხანგრძლივი მოქმედების) გაგრძელება საჭიროა დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად კვების ჯერადობისა, და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება დაგჭირდეთ ჩვეულებრივზე უფრო დიდი დოზაც კი.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ თანმხლები მწვავე დაავადებების დროს მომატებულია შარდში კეტონების გაჩენის რისკი, ამიტომ არ გამოგრჩეთ კეტონები! გახსოვდეთ, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებში მწვავე დაავადებებთან ასოცირებულია დიაბეტური კეტოაციდოზი - ეს არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობით, რაც შესაძლოა განვითარდეს ავადმყოფობით გამოწვეული სტრესის ჰორმონების ჭარბი პროდუქციით. აუცილებლად შეამოწმეთ კეტონები შარდში ან სისხლში კეტონების ჩხირებით. შედეგი ჩაინიშნეთ თვითკონტროლის დღიურში და აცნობეთ ექიმს. კარგი იქნება, თუ ასეთი შემთხვევებისთვის წინასწარ გექნებათ თქვენი ექიმის მიერ შედგენილი წინასწარი სამოქმედო გეგმა.
- მწვავე დაავადებების დროს, ზოგადად, მაღალია ორგანიმში წყლის რაოდენობის შემცირების (დეჰიდრატაციის) რისკი, მით უმეტეს ეს რისკი უფრო მაღალია შაქრიანი დიაბეტის დროს. დეჰიდრატაცია არის სწორედ კეტოაციდოზის განვითარების რისკის ფაქტორი, ამიტომ ავადმყოფობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება - სულ ცოტა ერთი ჭიქა წყალი ყოველ საათში. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ღებინება და დიარეა დამატებით ზრდის დეჰიდრატაციის რისკს და ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ სითხის შევსებისას.
- დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სუფთა სასმელი წყლის გამოყენება ნახშირწყლების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ირჩევთ ტკბილ სითხეს, გაითვალისწინეთ ინსულინის დოზის კორექციის დროს.
- როდის არის საჭირო სამედიცინო დახმარება? სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ სისხლში ან შარდში გაქვთ კეტონები, ასევე, თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია და არ შეგიძლიათ მისი დაწევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები ან სიმპტომები, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
- რა სიმპტომები და ანალიზები მიგვითითებენ დიაბეტური კეტოაციდოზის საფრთხეზე? იმისათვის, რომ დროულად თავიდან ავიცილოთ დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარება, კარგად უნდა ვიცოდეთ და მივაქციოთ ყურადღება (არ გამოგვრჩეს) დიაბეტური კეტოაციდოზის საწყისი (ადრეული) და შორსწასული (გვიანი) სიმპტომები.
დიაბეტურ კეტოაციდოზს განვითარების საწყის ეტაპზე ახასიათებს.:
- წყურვილი და პირის სიმშრალე
- ხშირი შარდვა
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (250 მგ/დლ და მეტი)
- კეტონები შარდში ან სისხლში
იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტური კეტოაციდოზი დროულად არ იქნება აღმოჩენილი და ნამკურნალები, ვითარდება დიაბეტური კეტოაციდოზის გვიანი სიმპტომები.:
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ენერგიის დაქვეითება, ადინამია
- მშრალი ან ჰიპერემიული კანი
- გულისრევა, ღებინება ან მუცლის ტკივილი
- გაძნელებული სუნთქვა
- აცეტონის სუნი პირიდან
- ორიენტაციის უნარის დარღვევა, რამაც შესაძლოა გონების დაკარგვამდე მიგვიყვანოს.
სწორი შეფასებით და ადეკვატური ღონისძიებების გატარებით სრულად ავიცილებთ თავიდან მწვავე რესპირაციული ინფექციების გართულებებს!