Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებების განხილვა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
2020-12-24 გაზიარება ავტორი: ირაკლი ქვარაია

გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებების განხილვა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ტიპი2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს მიუხედავად ტრადიციული რისკ-ფაქტორების, როგორიცაა: ასაკი, სქესი, გულის იშემიური დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია, 2-3 ჯერ მეტად აქვთ გაზრდილი რისკი გულის უკმარისობის განვითარების, ვიდრე დიაბეტის გარეშე.

გულის უკმარისობა რთული კომპლექსური კლინიკური სინდრომია, რომლის დროს ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება. რიგ შემთხვევაში გულის უკმარისობა განპირობებულია მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითებით ხასიათდება. სხვა შემთხვევაში გულის უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის ფონზე ვითარდება.

მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიხედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმარისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება.


რსებობს გულის უკმარისობის ოთხი ფუნქციური კლასი:


I კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც არ იწვევს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას არ ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.


II კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს ფიზიკური აქტივობის მცირედ შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.


III კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც კი ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.


IV კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, სიმპტომურია მინიმალურ დატვირთვასა და მოსვენებულ მდგომარეობაშიც. როდესაც გული, როგორც ტუმბო არ მუშაობს კარგად ვითარდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენების მდგომარეობაში, ხდება სითხის დაგროვება ფილტვებში, მუცლის ღრუში, ქვედა კიდურებში ან სხეულის სხვა წილებში. არაიშვიათად პაციენტს აწუხებს მშრალი ხველა (წამოხველება), უჭირს ყოფნა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და იძულებით ზის, ან იყენებს დამატებით ბალიშს.

არსებობს კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრიანი დიაბეტს შორის და ეს კავშირი არის მნიშვნელოვანი.


CDC-ის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 80 წამში კლინიკაში ჰოსპიტალიზირდება შაქრიანი დიაბეტით მქონე პაციენტები, რომლებსაც თან ახლავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამიტომ ასეთი ტიპის პაციენტები საჭიროებენ დროულ გამოვლენას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ, ვინაიდან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გულის უკმარისობა უფრო მძიმე შედეგებით მიმდინარეობს, ვიდრე დიაბეტის გარეშე. დაავადების ასეთი კომბინაცია ქმნის უფრო მეტ კლინიკურ პრობლემებს. გარკვეულ ასაკში მამაკაცებში და ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განსხვავებულად მომდინარეობს. მაგალითად ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში ნაკლებად ვლინდება გულის კუნთის, მიოკარდიუმის დაზიანება. ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლების ნორმის ფარგლებშია, რაც მიუთითებს ესტროგენების დაცვით მექანიზმზე, მაგრამ თუ არის შაქრიანი დიაბეტი ერთნაირად მოქმედებს ორივე სქესზე. მაშინ ესტროგენის დაცვითი მექანიზმი ირღვევა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე.


ადამიანების უმრავლესობა გარკვეულ ასაკამდე არ ფიქრობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, მაგრამ თუ ანამნეზში პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ჩატარდეს გულის დაავადებების პრევენციული ღონისძიებები. თითეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი საკუთარი სხეულის მასის ინდექსი (BMI) წონა, სიმაღრე, სისხლში შაქრის დონე, არტერიული წნევა. ყველა ეს მაჩვენებელი არის მნიშვნელოვანი. თუ ეს ციფრები ნორმის ზედა ზღვარზეა ან პაციენტს აქვს გამოხატული კლინიკური ჩივილები, მაშინ მისი მკურნალი ექიმი მოახდენს მდგომარეობის დეტალურად შეფასებას.

როგორია დიაგნოსტირება?


გულის უკმარისობის დიაგნოზტიკისთვის მნიშვნელოვანია:

  • ანამნეზის სრულად შეკრება
  • ფიზიკალური გამოკვლევა;
  • ლაბორატორიული კვლევები — პაციენტის საწყისი კვლევა მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს, შარდის ანალიზს, შრატში ელექტროლიტების (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის ჩათვლით), გლიკოლიზებული ჰემოგლობინის და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციურ ტესტებს

თუ პაციენტს ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი არ აღენიშნება, მაგრამ გულის უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები სახეზეა, რეკომენდებულია შრატში ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) ან N-ტერმინალ პრო-B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის განსაზღვრა (NTproBNP). შრატში ნატრიურეზული პეპტიდის დონის მომატება ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ნატრიურეზული პეპტიდის დონის მომატება მოსალოდნელია სხვა დაავადებების ფონზეც.

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) სრულ წარმოდგენას გვაძლევს გულის ისეთ ფუნქციურ მდგომარეობაზე, როგორიცაა ავტომატიზმი, აგზნებადობა და გამტარებლობა. ეკგ საშუალებას იძლევა დადგინდეს ჰიპოქსიასთან და ელექტროლიტურ დარღვევებთან დაკავშირებული ცვლილებები მიოკარდიუმში.

ექოკარდიოგრაფიით იკვლევენ გულის ორგანულ, სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მისი მიზანია გულის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, რომელიც გამოწვეულია გულშიდა ჰემოდინამიკის დარღვევით, გულის სტრუქტურული, ორგანული დაზიანებებითა და ფუნქციის ცვლილებები.

როგორ ვუმკურნალოთ გულის უკმარისობას ?


ტ2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვთ მაღალი რისკი არითმიის, გულის გაჩერების, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უკმარისობის განვითარების. ამიტომ, დიაბეტური გულის უკმარისობის მკურნალობა ექვემდებარება იმავე პრინციპებს რაც არადიაბეტური ჯგუფის პაციენტებში. გულის უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გააუმჯობესებს გულის შეკუმშვის უნარს, შეამცირებს მის დატვირთვას ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოყოფისა და ვენური და არტერიული სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. წინა წლებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა საგულე გლიკოზიდები. დღეს მათ უფრო იშვიათად – მხოლოდ განსაზღვრული ჩვენებისა და დაავადების შორსწასულ შემთხვევებში – იყენებენ.


გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება შარდმდენები. ეს პრეპარატები ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. მათი დანიშვნა აუცილებელია, როცა აღინიშნება სითხის შეკავების სიმპტომები – ქვემო კიდურების შეშუპება, სხეულის მასის მატება, მუცლის მკვეთრი ზრდა. ბოლო ხანს გულის უკმარისობის სამკურნალო მთავარ პრეპარატებად მიიჩნევა ანგიოტენზინგარდაქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ისინი გულის უკმარისობის დროს თითქმის ყველა პაციენტს ენიშნება. აგფ-ინჰიბიტორები ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. ასევე ინიშნება ბეტა ბლოკერები, რომლებიც აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვეითებს ჟანგბადზე გულის მოთხოვნილებას.

კვლევა EMPAREG OUTCOME აჩვენა რომ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით და თანხმლები გულის დაავადებებით აძლევდნენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატს ემპაგლიფლოზინს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებები.

ორმა ბოლოდროინდელმა კლინიკურმა კვლევებმა (EMPAREG OUTCOME, 2015 და CANVAS, 2017) ინჰიბირება ნატრი-გლუკოზური კო-ტრანსპორტერ-2-ის (SGLT2) აჩვენეს პერსპექტიული შედეგები და გვთავაზობენ ახალ მიმართულებას დიაბეტური გულის უკმარისობის მკურნალობაში.

კვლევა EMPAREG OUTCOME არის ერთ-ერთი პირველი, ვინც აჩვენა რეალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათი გართულებების შემცირება შაქრიანი დიაბეტის საწინაარმდეგო პრეპარატების გამოყენების ხარჯზე.

ორივე კვლევის დროს აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება გულის უკმარისობის განვითარების (35% და 33% შესაბამისად), რაც SGLT2 ინჰიბიტორს ქმნის I კლასის პრეპარატად ჰიპოკგლიკემიური აგენტების, რომლებიც ამცირებენ გულის უკმარისობის განვითარების რისკს ტიპი2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.

ცხოვრების წესი გულის უკმარისობის დროს

პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რომლის ხანგრძლივობაც დღე-ღამეში 8-9 საათს უნდა აღწევდეს. დაუშვებელია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება. 15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არამცთუ ზიანს არ აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათისა და მიზანშეწონილობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს. დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა 1,2-1,5 ლიტრი უნდა იყოს, მაგრამ გასათვალისწინებე-ლია, რომ ამაში შედის ყველა თხევად საკვებში (ჩაიში, კომპოტში, წვნიან კერძში) არსებული სითხე. საკვები იოლად მოსანელებელი უნდა იყოს. იკრძალება კოფეინის შემცველი პროდუქტები (მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი, კოლა), შებოლილი და კონსერვირებული კერძები.

რა ელის დაავადებულს ?

რასაკვირველია, პროგნოზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია გულის უკმარისობის გამომწვევი პათოლოგიის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, მკურნალობის ეფქტურობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსა და სხვა ფაქტორებზე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ გულის უკმარისობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტთა საავადმყოფოში მოთავსების მთავარი მიზეზია. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების წყალობით შეიძლება გულის უკმარისობის მართვა და პაციენტისათვის არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ კომფორტული და ჰარმონიული ცხოვრების უზრუნველყოფა.