Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი - მიმოხილვა
2020-10-13 გაზიარება ავტორი: ლალი ნიკოლეიშვილი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი - მიმოხილვა

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა როდესაც კუჭუკუნა ჯირკვალი წარმოქმნის ძალიან ცოტა/ არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს ან საერთოდ არ წარმოქმნის მას.

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ეხმარება გლუკოზას მოხვდეს უჯრედში, რათა გარდაიქმნას ენერგიად. გლუკოზა არის შაქარი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კვებითი რაციონიდან. ინსულინი აძლევს საშუალებას გლუკოზას მოხვდეს ორგანიზმში იმ უჯრედში, რომელსაც ესაჭიროება ენერგია, ხოლო ის ენერგია რომელიც არ გამოიყენება ინახება უჯრედში ცხიმის სახით, შემდგომი მოხმარებისთვის. ინსულინის დეფიციტის დროს გლუკოზა უჯრდეში ვერ ხვდება და აკუმულირდება სისხლში, რომელიც დროთა განმავლობაში საზიანო ხდება ორგანიზმისთვის.

  • ტიპი 1 დიაბეტის მართვა მოითხოვს შაქრის რეგულარულ კონტროლს და ინსულინით მკურნალობას, რაც ცხოვრების სტილის მორგებასთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტთან ასოცირებული გართულებების რისკებს.
  • ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, როგორც წესი, ვითარდება ბავშვობისა და/ან მოზარდობის ასაკში, თუმცა, ასევე  შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა შეადგენს დიაგნოსტირებული დიაბეტის შემთხვევების 5-10% - ს.

ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის გავლენა ყოველდღიურობაზე 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისას პაციენტებს ხშირად უჩნდებათ მრავალი კითხვა, თუ რატომ განუვითარდათ დიაბეტი, რას ნიშნავს აღნიშნული მდგომარეობა სამომავლო ჭრილში და რამდენად მოახდენს ეს გავლენას ყოველდღიური ცხოვრების რუტინაზე. დიაგნოზი თავდაპირველად უკავშირდება მრავალ შიშსა თუ გადასალახავ სტიგმას საკუთარ თავთან თუ საზოგადოებასთან.

პაციენტთა უმრავლესაბა დიაგნოსტირებიდან გარკვეული დროის მანძილზე მრავალი ემოციით იტვირთება. მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების თანადგომა და იმის გააზრება, რომ დიაბეტთან ერთად ცხოვრება მათი ყოველდღიურობა უნდა გახდეს.

უმნიშვნელოვანესი როლი დაავადების სწორად აღქმის პროცესში აკისრია დიაბეტის სკოლას, რაც იძლევა საშუალებას მოხდეს პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სწავლება დიაბეტის შესახებ.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი არ გულისხმობს ცხოვრების რაიმე განსაკუთრებული, გამორჩეული წესის საჭიროებას. ამ დაავადების დროს საჭიროა უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ჯანმრთელობას, კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. პაციენტთა უმრავლესობა აგრძელებს ცხოვრებას ჩვეული რიტმით. მკურნალობის სწორი გეგმის შემთხვევაში, თითქმის არ ხდება ცხოვრების წესის მოდიფიკაცია.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, როგორც წესი, ვითარდება იმუნური სისტემის მიერ პანკრეასში ინსულინ-წარმომქმნელი უჯრედების (ბეტა უჯრედები) აუტოიმუნური განადგურებით და/ან სხვა აუტოიმუნური პროცესებით. ამ ტიპის აუტოიმუნური რეაქციის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. ეს პროცესი შესაძლებელია მიმდინარეობდეს თვეები ან წლები, თუმცა არ იყოს გამოხატული დაავადება. მაღალი შაქრები და მასთან ასოცირებული სიმპტომები (ხშირი შარდვა, წყურვილი) მანამ არ გამოვლინდება, სანამ არ განადგურდება კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა-ურედების  90%-ზე მეტი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ერთნაირადაა შესაძლებელი განვითარდეს როგორც დიაბეტის ოჯახური ისტორიის მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც არა აქვთ დიაბეტის ოჯახური ისტორია. ორივე შემთხვევაში, ის პაციენტები, რომელთაც უვითარდებათ დიაბეტი, აქვთ ერთი ან მეტი რისკის ფაქტორის შემცველი გენი. აუტოიმუნური პროცესების ტრიგერი შესაძლოა გახდეს გარემო პირობები და/ან ზოგიერთი ვირუსით ინფიცირება. 

იმ პაციენტთა ახლო ნათესავები (შვილები, დედ-მამიშვილები), ვისაც აქვთ დიაგნოსტირებული ტიპი 1 დიაბეტი, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს. გენეტიკური ტესტირება შესაძლოა დაგვეხმაროს განვსაზღვროთ დიაბეტის განვითარების რისკები, თუმცა ასეთი კვლევა ფაქტიურად კლინიკურ კვლევებში მონაწილეთათვის არის ხელმისაწვდომი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირება

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირება ხდება როგორც კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების, ასევე ლაბორატორიული ანალიზების  საფუძველზე.

სიმპტომები - ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებია:

  • გაძლიერეული წყურვილი;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ხშირი შარდვა;
  • დაბინდული მხედველობა;
  • შიმშილის შეგრძნება;
  • უნებლიე წონის კლება;
  • საშარდე გზების ხშირი ინფექციები;
  • ჭრილობების გაძნელებული შეხორცება

იშვიათად გვხვდება კეტოაციდოზი- ამ შემთხვევაში პაციენტს აქვს მაღალი შაქრის მაჩვენებელი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა, სისუსტე, მოდუნება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რაც თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა დამთავრდეს კომით. კეტოაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ ზედამხედველობას.

ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა - ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა ხდება ინსულინის პრეპარატებით. წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია გუნდური მიდგომა, რაც მოიცავს ექიმის, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების სრულ ჩართულობას, რიგ შემთხვევაში საჭიროა ნუტრიციოლოგის, რეაბილიტოლოგის და პოდოლოგის ჩართვა.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის გართულებები - გლიკემიური მაჩვენებლების ნორმის დიაპაზონში შენარჩუნება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტთან ასოცირებული გართულებების რისკებს ხანგრძლივ პერსპექტივაში. ყოველდღიურ პრაქტიკაში ეს გულისხმობს შაქრის მაჩვენებლების დღეში რამდენჯერმე კონტროლს შაქრის მზომი აპარატებით  ან გლუკოზის უწყვეტ მონიტორირებას სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, ინულინის მრავალჯერად ინიექციებს ან ინსულინის პომპის გამოყენებას, კვებისა და ფიზიკური აქტივობის კონტროლსა და ექიმთან რეგულარულ ვიზიტს. სისტემატურად უნდა ხდებოდეს ასევე შაქრიანი დიაბეტის გართულებების ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგი. კერძოდ, თვალის ფსკერის მონიტორირება ოფთალმოლოგის მიერ, ტერფის შეფასება და თირკმლის ფუნქციის შეფასება რეგულარულად.

ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები წარმოადგენენ კარდიო-ვასკულარული დაავადებების რისკის ჯგუფს, ამასთანავე, სწორი მიდგომით შესაძლებელია ამ რისკების შემცირება:

  • მწეველობისთვის თავის დანებება;
  • წნევის რეგულარული კონტროლი, კვება, ფიზიკური აქტივობა და ადეკვატური მკურნალობა;
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლების 7%-მდე შემცირება;
  • პაციენტებში, ვისაც აქვთ კარდიო-ვასკულური დაავადებები ან წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს დაბალი დოზით ასპირინით მკურნალობა.

ორსულობა და ტიპი 1 დიაბეტი

ტიპი 1 დიაბეტის მქონე ქალბატონებს, ჩვეულებრივ, არ აქვთ დაორსულების პრობლემა და ჰყავთ ჯანმრთელი შვილები. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ცალკე. 

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის შესახებ.

 

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?