ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი - მიმოხილვა
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, ასევე ირღვევა ენერგიის შენახვის (მათ შორის ცხიმების) გზები.
ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედს ესაჭიროება გლუკოზა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. უჯრედში გლუკოზა აღწევს ჰორმონი ინსულინის მეშვეობით. ინსულინი გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა-უჯრედებში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას ინსულინზე მიუხედავად სისხლში მისი მაღალი კონცენტრაციისა და კომპენსაციის სახით კუჭუკანა ჯირკვლიდან კიდევ უფრო მეტი ინსულინის გამომუშავება ხდება, დროთა განმავლობაში კუჭუკანა ჯირკვალი იფიტება და ვეღარ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს. ჭარბწონიანობა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცხიმის აკუმულაცია ღვიძლისა და მუცლის რეგიონში ზრდის მოთხოვნილებას ინსულინზე. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ზრდის ინსულინის რაოდენობას სისხლში, და, დროთა განმავლობაში იწვევს ინსულინის შედარებით დეფიციტს, რასაც მოსდევს სისხლში გლუკოზის აკუმულაცია და შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის განვითარება.
ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ მკურნალობას, რეგულარულ მონიტორირებას და მართვას, რათა შენარჩუნდეს გლიკემიის ციფრების სამიზნე მაჩვენებლები. მკურნალობის უმთავრესი კომპონენტია კვებითი რეკომენდაციების შესრულება და დოზირებული ფიზიკური აქტივობა, რაც მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის საშუალებას იძლევა.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნა, ასევე ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გლიკემიის სამიზნე მაჩვენებლები და თვითმონიტორირების საჭიროება და სიხშირე. მკურნალობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების თერაპიული განათლება. დიაბეტის მქონე პაციენტის მართვა ხორციელდება დიაბეტის მოვლის ჯგუფის მიერ. კომპლექსური მიდგომა დიაბეტის კომპენსაციის მიღწევისა და გართულებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
რა ითვლება დიაბეტის მართვის ანბანად?
არსებობს დიაბეტის მართვის 3 ძირითადი სამიზნე კომპონენტი, რაც წარმოადგენს დიაბეტის მართვის ანბანს. ესენია:
1. A1c- გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც ასახავს ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალო გლიკემიურ მაჩვენებელს;
2. არტერიული წნევა;
3. ქოლესტერინი.
ამ მაჩვენებლების ოპტიმალურ დიაპაზონში შენარჩუნება გვეხმარება შევამციროთ დიაბეტის ისეთი შესაძლო გართულებები, რომელიც აზიანებს თვალებს, გულს, ტვინს, თირკმელებს და, ზოგადად, სისხლძარღვებსა და ნერვებს. ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებლის შენარჩუნება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების რისკს, რომელიც საკმაოდ ხშირია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
დიაბეტის კონტროლზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. დიაბეტის გართულებათა რისკების შემცირება რეალურადაა შესაძლებელი ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, რაც მოიცავს კვებითი რეკომენდაციების დაცვას, ფიზიკურ აქტივობას, გლუკოზის თვით-მონიტორირებას და დანიშნული მედიკამენტების რეგულარულ მიღებას.
ჯანსაღი, ბალანსირებული კვებითი ჩვევის გამომუშავება არსებითი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი, სწორი მართვის გზაზე. კვებითი ცვლილებები ძირითადად ფოკუსირებულია იმაზე, რომ მიიღოთ აუცილებელი ნუტრიენტები, რაც დღის განმავლობაში ესაჭიროება ადამიანის ორგანიზმს და კალორიების ის რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს წონის შენარჩუნებას ნორმის დიაპაზონში. კვებითი რეკომენდაციების დაცვა შესაძლოა სერიოზული გამოწვევა გახდეს პაციენტისთვის. ამიტომ ხშირად ხდება საჭირო ნუტრიციოლოგის მიერ კონკრეტული, სპეციფიკური კვებითი რეჟიმის შექმნა, რომელიც ინდივიდუალურად იქნება მორგებული პაციენტის დღის განრიგზე, ცხოვრების წესზე და პრიორიტეტებზე.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , დიეტა და წონა
თუ პაციენტი არის ჭარბწონიანი ან მსუქანი, წონის კლებას შეუძლია გააუმჯობესოს შაქრის კონტროლი, შეამციროს არტერიული წნევა და ქოლესტერინის მაჩვენებლები.
წონის კლება - ექიმი ინდივიდუალურად დაგისახავთ წონის კლების გეგმას და იდეალური წონის დიაპაზონს. ზოგადად, ჭარბწონიანი ან მსუქანი პაციენტებისთვის სამიზნე მაჩვენებლად მიჩნეულია არსებული 5-10%-ის კლება. მაგ. პაციენტი, რომელიც იწონის 113კგ - ს, იგულისხმება, რომ უნდა დაიკლოს 5-10 კგ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წონის სულ მცირედ კლებასაც კი შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა. რეალურად, მიღებული კალორიების შემცირებას წონის კლების გარეშეც კი შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
უპირატესი მიდგომა წონის კლებასთან მიმართებაში მოიცავს კალორიების შემცირებას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. ასევე, არსებობს წონის კლების სხვა სტრატეგიები პრობლემური პაციენტებისთვის, რაც მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას და ბარიატრიულ ქირურგიას.
წონის მატების თავიდან აცილება - ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა გახდეს წონის მატების მიზეზი, როგორიცაა ინსულინი და ზოგიერთი პერორალური მედიკამენტი.
ქვემოჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის არასასურველი მატება:
- აკონტროლეთ წონა რეგულარულად (აიწონეთ ყოველ დილას, ტუალეტის შემდეგ), თუ ყოველკვირეულად იმატებთ 1-3 კგ-ს, სცადეთ შეამციროთ მიღებული კალორიების რაოდენობა და გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა. არ დაელოდოთ წონის მკვეთრ მატებას, რადგან დროთა განმავლობაში მისი დაკლება უფრო და უფრო რთული იქნება;
- შაქრის რეგულარული კონტოლი აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს, რაც ხშირად იძლევა კალორიების რაოდენობის შემცირების საშუალებას, და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს წონის კლებას;
- თუკი ფიქსირდება ჰიპოგლიკემია დღის გარკვეულ მონაკვეთში, სასურველია ექიმმა შეამციროს დანიშნული მედიკამენტების დოზა და არ გაზარდოს საკვების ულუფა.
ვარჯიში - რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ წონის კორექციასა და შენარჩუნებაში. ფიზიკურ აქტივობას ბევრი სხვა სარგებელიც აქვს. რეკომენდებული დატვირთვის დრო ყოველდღიურად საშუალოდ 30 წუთია.
თუ იმყოფებით ინსულინით მკურნალობაზე ან ტაბლეტთერაპიაზე, გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური აქტივობის დროს კუნთების მოიხმარს გლუკოზას ენერგიის წყაროდ, შესაბამისად, სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი მცირდება. აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში როგორც ფიზიკურ აქტივობამდე, ასევე ფიზიკური აქტივობის შემდეგ. თუ გადახვალთ ვარჯიშის უფრო ინტენსიურ სახეობაზე, ან გაზრდით ვარჯიშის დროს და აპირებთ, რომ გააგრძელოთ მომავალში მსგავსი ფიზიკური აქტივობა, გაიზომეთ შაქრის მაჩვენებელი ყოველ 15 წუთში. ეს დაგეხმარებათ აღიქვათ, რამდენად სენსიტიურია ფიზიკურ აქტივობაზე სისხლის შაქრის მაჩვენებელი.
ტიპი 2 დიაბეტი და ალკოჰოლი
ალკოჰოლის ზომიერად მიღებული რაოდენობა ( 1 ჭიქა ქალებისთვის ან 2 ჭიქა მამაკაცებისთვის) საკვებთან ერთად მნიშვნელოვნად არ მოქმედებს გლიკემიის მაჩვენებელზე.
ალკოჰოლის მიღების შემდეგ პერიოდში შესაძლებელია სისხლში შაქრის მაჩვენებელმა მოიმატოს, ხოლო შემდეგ ამას მოჰყვება მისი შემცირება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გლუკოზის ინტენსიური მონიტორირება ალკოჰოლის მოხმარებისას, რათა დადგინდეს, ხომ არ არის საჭირო ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში მცირედი ცვლილების შეტანა (მაგ. ინსულინის დოზის შეცვლა).
შერეული სასმელები, როგორიცაა ხილის წვენი ან კლასიკური კოლა, შესაძლებელია ზრდიდეს გლიკემიის მაჩვენებელს, ისევე როგორც მიღებული კალორიების რაოდენობას და შესაბამისად, მიგვიყვანოს წონის მატებამდე (ან გააძნელოს წონის კლება).
ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის საკვებთან ერთად მიღების შემთვევაში ტაბლეტთერაპიაზე მყოფი პირებისათვის მედიკამენტების დოზის ცვლილება, როგორც წესი, საჭირო არ ხდება.
როგორ ვიკვებოთ?
არ არსებობს ოპტიმალური დიეტა ან კვებითი გეგმა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. არსებობს ჯანსაღი, ბალანსირებული კვების რეკომენდაციები, რომელიც საერთოა ყველა პაციენტისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური კომპონენტები, როგორებიცაა თანმხლები დაავადებები, რომლებიც მოითხოვენ გარკვეულ დამატებით კვებით რეკომენდაციას, ასევე ყოფითი და სოციალური პირობები; ჩვეულებები; სამიზნე წონა (წონის კლების ან მატების ფაქტორი).
ქვემოთ მოყვანილია განზოგადებული კვებითი რეკომენდაციები:
- მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ მიღებული კალორიებისა და ნახშირწყლების რაოდენობა ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაში. ეს რეკომენდაცია მართებულია როგორც დიაბეტის მქონე, ასევე დიაბეტის არმქონე იმ პაციენტებისთვის, ვისაც ესაჭიროება წონის კლება;
- კვებით რაციონში უნდა ჩაირთოს ნახშირწყლები ხილის, ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლეულის, პარკოსნების და უცხიმო რძის პროდუქტების სახით. მნიშვნელოვანია ტკბილი სასმელებისა და ხილის წვენების მიღების თავიდან არიდება. მოხმარებული ნახშირწყლების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა რთულია, ამიტომ, მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებმა გლიკემიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში განსაზღვრონ საჭირო ნახშირწყლების ინდივიდუალური რაოდენობა, ამაში დაგეხმარებათ კვებისა და გლიკემიის კონტროლის დღიური.
- არსებობს კვების სხვადასხვა მოდელი (დაბალი ცხიმის შემცველი, დაბალი ნახშირწყლების შემცველი, ხმელთაშუა ზღვის, ვეგეტარიანული). ჯანსაღი კვების შერჩევა, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა გათვალისწინებული თქვენი საყვარელი პროდუქტები, გაამარტივებს სასურველი კვებითი ჩვევის გამომუშავებას. ცხადია, ეს ყველაფერი აუცილებელია შეთანხმდეს ექიმთან, რათა შეფასდეს კონრეტული კვების მოდელის შესაბამისობა ჯანრთელობის არსებულ მდგომარეობასთან, რადგან შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები.
- დადგენილია, რომ ტრანსცხიმები განსაკუთრებით მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ შეამცირეთ რაციონში საკონდიტრო პროდუქტები, მცენარეული კარაქით - მარგარინით დამზადებული პროდუქტები. გაზარდეთ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტების როდენობა - ესენია თევზის ცხიმი, ზეითუნის ზეთი და თხილეულიდან მიღებული ცხიმი.
- ნუტრიციოლოგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რა რაოდენობით ცილის მიღებაა თქვენთვის სასურველი. ზოგადად კი, უმჯობესია ცილა მიიღოთ უცხიმო ხორცისგან, ხიზილალიდან, ლობიოდან, სოიოდან და თხილიდან. სასურველია შეამციროთ წითელი ხორცის რაოდენობა;
- უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება დაგეხმარებათ უკეთესად აკონტროლოთ შაქრის მაჩვენებლები.
- თავი აარიდეთ ხელოვნურ დამატკბობლებს, და ეცადეთ მიიღოთ მეტი წყალი;
- საკვები, რომელზეც მითითებულია „შაქრის გარეშე“, ან „ცხიმის გარეშე“, არ ნიშნავს, რომ შეიცავს ნაკლებ კალორიას, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია და შეძლებისდაგვარად ექიმთან ერთად განსაზღვრეთ, რამდენად ოპტიმალურია აღნიშნული პროდუქტი თქვენთვის.
სწორი კვებითი რაციონის შერჩევა შესაძლოა რეალურად სერიოზულ გამოწვევად იქცეს თითოეული პაციენტისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ექიმის თანადგომით, პაციენტების უმრავლესობისთვის ხდება გადალახული სირთულე და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ერგება ცხოვრების სტილს შაქრიან დიაბეტთან ერთად.
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს, ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე.