Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ჰიპერთირეოზი - პაციენტის ინფორმაცია
2020-10-18 გაზიარება ავტორი: დარინა ღვინიაშვილი

ჰიპერთირეოზი - პაციენტის ინფორმაცია

                                                   ჰიპერთირეოზი

  ჰიპერთირეოზი სამედიცინო ტერმინია, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას ნიშნავს. ფარისებრი ჯირკვალი ნორმასთან შედარებით მეტი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონს, რაც აძლიერებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს, მეტაბოლიზმის გაძლიერება კი გამოვლინდება მრავალფეროვანი ჩივილებით.

                                              რა არის ფარისებრი ჯირკვალი ?

   ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა-შუა ზედაპირზე მდებარე პეპლის ფორმის მქონე ჯირკვალია, რომელიც მოთავსებულია ხორხსა და  ლავიწის ძვალს შორის.  ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს 2 ჰორმონს- თიროქსინი ( T4 ) და ტრიიოდთირონინი ( T3 ), აღნიშნული ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმში მეტაბოლიზმს.  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში მდებარე ჯირკვალი - ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH), რაც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლიდან  ჰორმონების - T3  და T4 სინთეზს.

                                ჰიპერთირეოზის გამომწვევი მიზეზები:

 გრეივსის დაავადება (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი) - ჰიპერთირეოზის გამომწვევ მიზეზთა შორის გრეივსის დაავადება ყველაზე ხშირი მიზეზია. ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, თუ რატომ ვითარდება გრეივსის დაავადება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ახასიათებს ოჯახური განწყობა.

 გრეივსის დაავადების დროს იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რათა წარმოქმნას დიდი რაოდენობით ჰორმონები. ფარისებრი ჯირკვალი დიდდება (რასაც ეწოდება ჩიყვი) და გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონებს, რაც ჰიპერთირეოზის ჩივილებით გამოვლინდება. დაავადება უფრო ხშირია 20-დან 40 წლის ასაკის ქალებში, თუმცა იგი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ქალსა თუ მამაკაცში.

  ზოგიერთ პაციენტს უვითარდება თვალთან დაკავშირებული პრობლემები, ე.წ. გრეივსის ოფთალმოპათია - ორბიტოპათია, რაც ვლინდება თვალის სიმშრალით, სიწითლით, გაღიზიანებით, მძიმე შემთხვევებში - მხედველობის გაორებით ან მისი დაკარგვით. შეიძლება განვითარდეს  შეშუპება თვალის კაკლის გარშემო ან უკან, რაც იწვევს მხედველობის დაბინდვას, ან ვითარდება ანთებითი ცვლილებები ქუთუთოს კუნთებში, რაც იწვევს ქუთუთოს დახურვის შეუძლებლობას. გრეივსის ოფთალმოპათიის ყველაზე მძიმე გამოვლინება - მხედველობის ნერვის შეშუპება - იშვიათია (ვითარდება ძირითადად მწეველებში), რაც ვლინდება მხედველობის დაკარგვით.

  ჰიპერთირეოზის სხვა მიზეზებია:

 ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ან კვანძები -   შეიძლება გამოიმუშავებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.  აღნიშნული კვანძი ან კვანძები იწოდება, როგორც, ტოქსიური კვანძი, ცხელი კვანძი ან როცა კვანძოვანი წარმონაქმნი ერთზე მეტია - მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჩიყვი.

 უმტკივნეულო თირეოიდიტი ( ჩუმი ან ლიმფოციტური) ან მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის დროს ფარისებრ ჯირკვალში დროებით მიმიდინარეობს ანთებითი ცვლილებები, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჭარბ გადასროლას სისხლში და ჰიპერთირეოზის განვითარებას.

 მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი  მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ვითარდება. ჰიპერთირეოზის სიმპტომები გრძელდება რამდენიმე თვე, რასაც, ხშირად მოყვება ხოლმე ჰიპოთირეოზის ჩივილები: სისუსტე, კუნთების გაკვანძვა, შეშუპება, წონის მატება.

 ქვემწვავე თიროიდიტის  (გრანულომატოზური) გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა,  რაც იწვევს ფარისბერი ჯირკვლის გადიდებას, მტკივნეულობას, დარბილებას. ფარისებრ ჯირკვალში განვითარებული ანთებითი ცვლილებები იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჭარბ გადასროლას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ჰიპერთირეოზი ქრება ვირუსული ინფექციის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰიპერთირეოზი რამდენიმე თვეში შეიძლება ჰიპოთირეოზმა ჩაანაცვლოს.

 მედიკამენტოზური ჰიპერთირეოზი - ჰიპოთირეოზის მკურნალობისას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს მედიკამენტოზურ ჰიპერთირეოზს.

                                  ჰიპერთირეოზის სიმპტომებია:

 პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი ჩვილებიდან ერთი ან მეტი:

  • შფოთვა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა;
  • სისუსტე ( რაც გამოხატება მძიმე საგნების აწევის შეუძლებლობით, კიბეზე ასვლის გაძნელებით);
  • ოფლიანობის გაძლიერება, სითბოს აუტანლობა;
  • სწრაფი, ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა;
  • დაღლილობა;
  • ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად - წონის კლება;
  • კუჭის მოქმედების გახშირება.

 გარდა ამისა, ზოგიერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს მესტრუალური ციკლის დარღვევა, რაც შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი. მამაკაცებში ვითარდება მკერდის გადიდება, შეშუპება ან ერექციული დისფუნქცია, რაც ქრება ჰიპერთირეოზის მკურნალობასთან ერთად.

                                         ჰიპერთირეოზის დიაგნოსტიკა:

   ჰიპერთირეოზის დიაგნოსტიკა ხდება  სისხლის ანალიზით:  თირეოტროპული ჰორმონის- TSH, თავისუფალი თიროქსინის -  FT4, საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი სამი იოდთირონინის -  FT3 განსაზღვრით.  როგორ წესი, TSH დაქვეითებულია, ხოლო FT4 და FT3 -ის დონე - მომატებული. დიაგნოსტიკისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზი და ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

                                            ჰიპერთირეოზის მკურნალობა:

 ჰიპერთირეოზის მკურნალობისთვის გამოიყენება:

მედიკამენტები;

რადიაქტიული იოდი ან

ქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორებიცაა: პაციენტის ასაკი, დაავადების სიმძიმე, პაციენტის არჩევანი და ა.შ.

 მედიკამენტები: ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ  მედიკამენტების 2 ძირითადი ჯგუფი გამოიყენება, ესენია: ანტითიროიდული მედიკამენტები და ბეტა - ბლოკერები.

 ანტითიროიდული მედიკამენტები:  მეთიმაზოლი და პროპილთიოურაცილი - ამ მედიკამენტების მოქმედება დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნის დაქვეითებასთან.  ორივე ზემოაღნიშნული მედიკამენტი ეფექტიანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მეთიმაზოლს, პროპილთიოურაცილის სერიოზული გვერდითი გამოვლინებების გამო.

 პროპილთიოურაცილი გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველ ტრიმესტრში მეთიმაზოლის გამოყენება დაკავშირებულია ნაყოფის განვითარების დარღვევებთან ),  ხოლო მეთიმაზოლი გამოიყენება პირველი ტრიმესტრის შემდეგ.

აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება:

  • მოკლევადიანი მკურნალობისთვის ( 4-დან 8 კვირამდე) გრეივსის ან მრავალკვაძოვანი ტოქსიური ჩიყვის მქონე პაციენტებში, რადიაქტიური იოდით მკურნალობამდე  ან ქირურგიულ ჩარევამდე.
  • გრეივსის დაავადების მქომე პაციენტები იღებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას 1 ან 2 წლის განმავლობაში, სანამ დადგება რემისია. პაციენტთა დაახლოებით 30% -ში ვითარდება რემისია. თუმცა რემისიის მიღწევამდე მკურნალობა გრძელდება ანტითიროიდული მედიკამენტებით.
  • გრძელვადიანი მკურნალობა გამოიყენება პაციენტებში რემისიის გარეშე ან იმ პაციენტებში, რომლებიც უარს ამბობენ რადიაქტიური იოდით მკურნალობაზე ან ქირურგიულ ჩარევაზე.

 გრეივსის დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებში  რემისიის  ალბათობა 50-70%-ია.  თუმცა რემისიიდან წლების შემდეგ შეიძლება განვითარდეს რეციდივი.

 აღნიშნული  მედიკამენტებით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენებიც. აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ჩივილების არსებობისას: ყელის ტკივილი, მაღალი ცხელება, ნებისმიერი ბაქტერიული ინფექცია.

  მკურნალობის დაწყებიდან  მედიკამენტის დოზის საბოლოო დოზის შერჩევამდე შეიძლება ხშირად დაგჭირდეთ ექიმთან ვიზიტი (4-6 კვირაში ერთხელ).

 ბეტა - ბლოკერები:  ბეტა- ბლოკერები, როგორიცაა, ატენოლოლი ან პროპრანოლოლი, ინიშნება დიაგნოზის დასმისთანავე. აღნიშნული მედიკამენტები ამცირებენ ჩივილებს, როგორიცაა: გულისცემის გახშირება, ტრემორი, გაღიზიანებადობა, სითბოს აუტანლობა. ჰიპერთირეოზის სტაბილიზაციის შედგომ  ბეტა - ბლოკერებით მკურნალობა წყდება.

  რადიაქტიური იოდი:  რადიაქტიური იოდით მკურნალობის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის განადგურება, რასაც აბლაცია ეწოდება. რადიაქტიური იოდის მიღება ხდება თხევადი სახით ან კაფსულის მეშვეობით. ფარისებრი ჯირკვლის განადგურებას დაახლოებით 6-18 კვირა სჭირდება. რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, როგორც წესი, ვითარდება ჰიპოთირეოზი, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას მოითხოვს მთელი ცხოვრების განმავლობაში.  მკურნალობის ამ მეთოდის დროს გამოყენებული რადიაცია არ იწვევს სიმსივნის განვითარებას, უშვილობას ან  მომავალში ნაყოფის განვითარების სიმახინჯეებს.

 რადიაქტიური იოდით მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები:

  • ზოგჯერ წარმატებული მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს რეციდივი, რაც დამატებით მკურნალობას მოითხოვს;
  • პაციენტთა 14%-ს ესაჭიროება რადიაქტიური იოდის განმეორებითი დოზა, განსაკუთრებით პაციენტებს, რომელთაც დაავადების მძიმე ფორმა აქვთ ან აქვთ ძალიან დიდი მოცულობის ჯირკვალი;
  • ოპერაციულ მკურნალობასთან შედარებით რადიაქტიური იოდის მკურნალობისას  თვალის პათოლოგიის გაუარესების რისკი ორჯერ იზრდება;.
  • რადიაქტიური იოდით მკურნალობიდან 5-7 დღის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს ახლო ფიზიკურ კონტაქტს სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან, მოზარდებთან და ორსულებთან.

 ოპერაციული მკურნალობა:  ოპერაციული მკურნალობა ჰიპერთირეოზისგან განკურნების გზაა. მკურნალობის ეს მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით იშვიათად გამოიყენება, მასთან  დაკავშირებული გართულებების გამო, ესენია - ნერვის დაზიანება, რაც იწვევს ხმის დაკარგვას ან ფარისებრახლო ჯირკვლების მოშორება, რაც იწვევს კალციუმის ცვლის მოშლას.

ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ფარისებრი ჯირკვლის დიდი ზომა, რაც აწვება სასუნთქ გზებს და იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
  • ანტითიროიდული მედიკამენტების აუტანლობა ან რადიაქტიური იოდით მკურნალობაზე უარის თქმა;
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, რომელიც საეჭვოა სიმსივნეზე;
  • გრეივსის ოფთალმოპათია

 ქალები, რომლებიც იღებენ ანტითიროიდულ მედიკამენტებს და უნდათ დაორსულება, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და შეატყობინონ ამის შესახებ. რადიაქტიური იოდის გამოყენება არ შეიძლება ორსულ პაციენტებში, ან მეძუძურ ქალებში. რადიაქტიური იოდით მკურნალობიდან სულ მცირე 6 თვე უნდა გავიდეს დაორსულებამდე  (ეხება როგორც ქალს, ასევე მამაკაცებს).