ვიტამინი B 12
- რა არის ვიტამინი B 12 და როგორ ხვდება იგი ადამიანის ორგანიზმში?
ვიტამინი B 12 B ჯგუფის ვიტამინებს შორის ყველაზე დიდი და სტრუქტურულად რთული ვიტამინია. წყალში ხსნადი, თერმოსტაბილური, წითელი შეფერილობის ნივთიერებაა.
ვიტამინი B12 შეიწოვება თეძოს ნაწლავის დისტალურ მონაკვეთში და მეტაბოლიზდება ღვიძლში; მისი ნახევრადდაშლის პერიოდი სისხლში საშუალოდ 6 დღეა, ხოლო ღვიძლში - 400 დღე; გამოიყოფა - თირკმელების საშუალებით.
ადამიანს თავად არ შეუძლია ვიტამინი B12-ის სინთეზი (ითვლება, რომ ადამიანის ნაწლავის ფლორაში არსებული ბაქტერიები, კერძოდ, pseudomonas bacteria და klebsiella intestinal bacteria ასინთეზებენ ვიტამინ B 12-ს ); ვიტამინი B12 სინთეზდება საკუთრივ მიკროორგანიზმების მიერ და გვხვდება ცხოველთა ღვიძლში ცილასთან შეკავშირებული ფორმით-მეთილკობალამინის ან 5’-დეოქსიადენოზილკობალამინის სახით.
ვიტამინი B12 - ს ადამიანი იღებს პრაქტიკულად მხოლოდ საკვების საშუალებით. იგი დიდი რაოდენობით შედის მოლუსკების, საქონლის ხორცის, ღვიძლის, უფრო მცირე რაოდენობით - ველური კალმახის, ორაგულის, თინუსის, ხოლო კიდევ უფრო მცირე რაოდენობით - რძის, იოგურტის, ყველისა და კვერცხის შემადგენლობაში. შესაბამისად, ამ პროდუქტების საკვებად გამოყენებისას ვიტ B12 ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ზრდასრული ადამიანი დღის მანძილზე საჭიროებს საკვებით 2.4 მკგ ვიტ. B12-ის მიღებას, ორსულები - უფრო მეტს, 2.6 მკგ-ს.
ადამიანის ორგანიზმს აქვს ვიტ ბ12-ის მარაგის შექმნის უნარი და მისი რაოდენობა 2-დან 5 მგ - მდეა, აქედან ნახევარი - ღვიძლშია შენახული. ამის წყალობით, ვიტ ბ12-ის შემცველი საკვების მიღების შემცირების შემთხვევაში, დეფიციტი არ ვითარდება სულ ცოტა 1 ან 2 წლის, ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტი დროის განმავლობაში.
- როგორ ხდება ორგანიზმის მიერ ვიტ B 12-ის შეთვისება და რა განაპირობებს მის დეფიციტს?
ორგანიზმის მიერ B12 ვიტამინის ათვისების მექანიზმის შესწავლისთვის 6 ნობელის პრემიაა გაცემული. იგი საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გარდაქმნა/აბსორბცია; ტრანსპორტირება სისხლში/უჯრედებში შეღწევა და უჯრედშიდა მეტაბოლიზმი. თითოეულ მათგანში მრავალი სატრანსპორტო თუ მარეგულირებელი კომპონენტია ჩართული.
B12 ვიტამინის ათვისებისა და გარდაქმნის ჯაჭვში ნებისმიერი რგოლის დარღვევა იწვევს ვიტ B12 - ის დეფიციტს უჯრედებში.
პირველ საფეხურზე - საკვებთან ერთად ადამიანის პირის ღრუში მოხვედრილი ვიტ B12 აქვე უკავშირდება ნერწყვში არსებულ ცილას - ჰაპტოკორინს, ამ ფორმით ხვდება კუჭის გავლით წვრილ ნაწლავში, სადაც ეს კომპლექსი იშლება პანკრესის ფერმენტების საშუალებით და გამოთავისუფლებული ვიტ ბ12 უკავშირდება კუჭის პარიეტული უჯრედებიდან გამოთავისუფლებულ შინაგან ფაქტორს. შინაგანი ფაქტორი - ვიტ ბ12-ის კომპლექსი თეძო ნაწლავის ტერმინალურ ნაწილში უკავშირდება კუბამის რეცეპტორებს და შეიწოვება სისხლში. ამ პროცესში მონაწილეობს კალციუმის იონები.
შესაბამისად, ბ12-ის შეწოვას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები და დაავადებები:
- ნერწყვის გამოყოფის შემცირება და/ ან ქიმიზმის შეცვლა, აქვე უნდა აღვნიშნოთ საკვების არასაკმარისად დაღეჭვაც, რის გამოც ლუკმა ნერწყვით არასაკმარისად ჯერდება;
- კუჭისმხრივი პრობლემები, როგორებიცაა: კუჭის მჟვიანობის შეცვლა, კუჭზე ჩატარებული ოპერაციების გამო მალაბსორბცია; ასევე შინაგანი ფაქტორის გამომუშავების დარღვევის ისეთი ფორმა, როცა მისი რაოდენობა მცირდება ანტისხეულების არსებობის გამო, რაც ქრონიკული დაავადებაა და იწვევს პერნიციოზულ ანემიას;
- პანკრესის მიერ ფერმენტების არასაკმარისი გამომუშავება და ნაწლავების ფუნქციის ნებისმიერი მოშლა, მათ შორის კრონის დაავადების ან ცელიაკიის გამო; ჰელმინთოზი; ასევე მალაბსორბციის გამო საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა;
- კალციუმის დეფიციტი;
- ნაწლავების მიკროფლორის შეცვლა - დანიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ყველაზე ხშირად გამოყენებული 41 მედიკამენტის გავლენა ნაწლავის მიკროფლორაზე, აღმოჩნდა, რომ აქედან 18 ცვლის მიკრობიოტას, პირველი ოთხეული კი ასე გამოიყურება: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტიბიოტიკები, საფაღარათო საშუალებები და მეტფორმინი;
მეორე და მესამე საფეხურებზე - სისხლში ვიტ ბ12 ტრანსპორტირება ტრანსკობალამინის საშუალებით და ხვდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და სხვა უჯრედებში. აქ ვიტ ბ12 გარდაიქმნება მიტოქონდრიაში - ადენოზილკობალამინად, ხოლო ციტოპლაზმაში - მეთილკობალამინად. მეთილკობალამინი მოქმედებს, როგორც კოფაქტორი 5 მეთილ-ტეტრაჰიდროფოლატის ტეტრაჰიდროფოლატად (THF) გარდაქმნის პროცესში, რაც შეწყვილებულია ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნის პროცესთან.
- რა დაავადებებს იწვევს და რა სიმპტომები ახასიათებს ვიტ ბ12-ის დეფიციტს?
B12 ვიტამინის დეფიციტი ავლენს ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ჰემატოლოგიურ დარღვევებს.
B12-ის დეფიციტით გამოწვეულ ანემიას პერნიციოზულს ( ‘მომაკვდინებელს“ ) უწოდებენ, მას მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირი მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული პრობლემებია, ასევე მას განაპირობებს შინაგანი ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა, რაც იწვევს ამ ცილის დეფიციტის განვითარებას. B12 ვიტამინდეფიციტური ანემიის მსხვერპლნი არიან ატროფიული გასტრიტით დაავადებულები, კუჭ-ნაწლავის ოპერაციაგადატანილები, ვეგეტარიანელები, ორსულები და მეძუძურები, რომლებიც იშვიათად იღებენ კობალამინის შემცველ საკვებს.
გარდა ანემიისა, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავასთან ერთად იწვევს ცხიმოვანი მჟავების ცვლის და ცილების წარმოქმნის დარღვევას და ამის შედეგად ნერვული ბოჭკოს მიელინის გარსის დაზიანებას. შესაბამისად, ყალიბდება ნევროლოგიური დარღვევები, სხვადასხვა ნეიროპათიები და დემენცია. ადამიანს უცივდება კიდურები, უჩნდება კიდურებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, „ბამბაზე სიარულის“ შეგრძნება, შესაძლოა, შარდის შეუკავებლობაც განუვითარდეთ. ამგვარი ჩივილები ვიტამინ B12-დეფიციტური ანემიის მქონე თითქმის ყველა ადამიანს აღენიშნება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ეს სიმპტომები არ ვითარდება. მძიმე დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს პერმანენტული ნევროლოგიური დაზიანება, ხოლო ადრეული მანიფესტაცია ხშირად შეუმჩნეველი ან უსიმპტომოა.
მნიშვნელოვანია B12 ვიტამინის როლი ნაყოფის განვითარების პროცესში, ასევე მიმდინარეობს კვლევები ვიტ B12 - ის გავლენაზე ასაკოვან პაციენტებში დემენციის განვითარებასა და კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებაში.
მსუბუქი დეფიციტის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე და ენერგიის დაქვეითება;
საშუალო დეფიციტის დროს: კუნთების სისუსტე, გულის აჩქარება, ამოსუნთქვის გაძნელება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, დაღლილობა;
მძიმე დეფიციტის დროს სახეზეა ნევროლოგიური დარღვევები: ჩხვლეტები, კუნთების სისუსტე, დაბუჟება, ბალანსისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის ნერვის დაზიანება, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, უმადობა, მეხსიერების დაკარგვა, ჰალუცინაციები, დეპრესია; წონის კლება; ანემია; საჭმლის მონელების დარღვევები: გულისრევა; ფაღარათი, ყაბზობა, ღვიძლის გადიდება; სქელი, ლაკირებული ენა; ენის წვერის წვა; აფთოზური სტომატიტი.
რა კავშირი აქვს ვიტამინ ბ12-ს შაქრიან დიაბეტთან?
დღეისათვის აქტიური შესწავლის საგანია კავშირი გლუკოზის მეტაბოლიზმს, ინსულინრეზისტენტობასა და ჰიპერჰომოცისტეინემიის პათოგენეზს შორის. ჰიპერჰომოცისტეინემიას მივყავართ კარდიო-ვასკულარული დაავადებების განვითარებასთან. შაქრიანი დიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის მქონე პირებში მომატებული ჰომოცისტეინის დონე ითვლება კარდიო-ვასკულარული დაავადებების პრედიქტორად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, სანამ მეტი ნათელი მოეფინება ამ საკითხს, გონივრული იქნება უფრო მეტად ვაკონტროლოთ B12 ვიტამინის დონე დეფიციტის აღმოჩენის მიზნით და ჩავატაროთ ვიტ B12 -ით პროფილაქტიკური მკურნალობა დიაბეტისა და ინსულინრეზისტენტობის მქონე პირებში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ყველაზე ხშირად გამოყენებული და პირველი რიგის სამკურნალო საშუალებად რეკომენდებული პრეპარატის, მეტფორმინის გავლენა ვიტამინ ბ12-ის დეფიციტის განვითარებაზე, მისი ხანგრძლივი გამოყენების დროს.
რანდომიზებული პლაცებო -კონტროლირებადი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც 4.3 წლის განმავლობაში მოიხმარდნენ მეტფორმინს, აჩვენა, რომ პაციენტთა 19%-ში შემცირდა ვიტამინი B12 -ის შეწოვა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა ვიტამინი B12 დეფიციტის რისკი.
უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციების მიერ რეკომენდებულია მეტფორმინის მიღების პერიოდში B12 ვიტამინის პერიოდული კონტროლი და შესაბამისი შევსება. კონტროლი განსაკუთრებით დაუყოვნებლადაა საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც ანემია ან პერიფერიული ნეიროპათია აღმოაჩნდებათ, ასევე ორსულებში და ასაკოვან პირებში.
- ვინ მიეკუთვნება ბ12 ვიტამინის დეფიციტის რისკის ჯგუფებს?
- პირველ რიგში, ხანდაზმული ასაკის ( > 65 წ ) მქონე ყველა ადამიანი, რისკს აძლიერებს ანამნეზში რაიმე ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტი;
- ის პირები, რომელთაც ჩაიტარეს კუჭის ოპერაცია, ან სიმსუქნის მკურნალობის მიზნით - ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია;
- ვეგეტარიანელები;
- გასტრო-ინტესტინური ქრონიკული დაავადების (მაგ: კრონის დაავადება ან ცელიაკია) მქონე პირები;
- ის პირები, რომლებიც ქრონიკული დაავადებების გამო მუდმივად მოიხმარენ მედიკამენტებს (მაგ. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტიბიოტიკები, H2 რეცეპტორის ანტაგონისტები, მეტფორმინი, ანტიკონვულსანტები და სხვ.);
- ორსულები;
- ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები;
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მქონე პირები (კვლევების მიხედვით, პირველადი ჰიპოთირეოზის დროს, პაციენტების დაახლოებით 40%-ს აღენიშნა B12-ის დეფიციტი).
6. როგორ ხდება ვიტ ბ12-ის მკურნალობა და პროფილატიკა?
არსებობს ბ12 ვიტამინის პერორალური, სუბლინგვალური, ინტრამუსკულარული, ინტრავენური და ინტრანაზალური (ზოგადად, არ გამოიყენება) ფორმები.
მძიმე დეფიციტის, ასევე სიმპტომური ანემიის, ნეირო-ფსიქიატრიული პრობლემის ან ორსულობის დროს რეკომენდებულია საინიექციო ფორმების გამოყენება, დოზებს ინდივიდუალურად არჩევს ექიმი, დეფიციტის აღდგენის შემდეგ ხდება პერორალურ ფორმაზე გადასვლა; რაც შეეხება მსუბუქ დეფიციტს, მეძუძურ დედებს, რომელთაც ორსულობის პერიოდში ჰქონდათ ვიტ B12 -ის დეფიციტი, ვეგეტარიანელებსა და რისკის ჯგუფებში შემავალი პირების პროფილაქტიკურ მკურნალობას, უმჯობესია პერორალური ან სუბლიბგვალური ფორმების გამოყენება. იმ პირებში, რომელთაც დარღვეული აქვთ B12 ვიტამინის შეწოვა, ეფექტური იქნება მაღალი დოზებით პერორალური ვიტ B12-ით მკურნალობა (1000მკგ, 2000 მკგ/დღე), რადგან მაღალი დოზის გამოყენების გამო მოხდება B12 ვიტამინის პასიური დიფუზია/მასის მოქმედება და ეს მექანიზმი არ ითხოვს შინაგანი ფაქტორისა ან თეძო ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ნორმალურ ფუნქციონირებას. პერორალურ ფორმას ენიჭება უპირატესობა, როცა არსებობს პარენტერალური მიღების ხელშემშლელი ფაქტორები ან პაციენტი არჩევს პერორალური მიღების ფორმას. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 1000 მკგ პარენტერალურად, კვირაში 1-ჯერ, დეფიციტის შევსებამდე, შემდეგ თვეში 1-ჯერ (ციანკობალამინი) ან 2 თვეში 1-ჯერ (ჰიდროქსოკობალამინი). პერორალური დოზების გამოყენება ბაშვებში კარგად არაა შესწავლილი. პერორალური დოზები თანაბრად ეფექტურია, 1000 მკგ ყოველდღიურად.
ბავშვებში რეკომენდებულია მხოლოდ საინიექციო ფორმების გამოყენება, ვინაიდან პერორალური ფორმების გამოყენება კარგად არაა შესწავლილი. ვიტ B12-ის დეფიციტის აღმოფხვრამდე საჭიროა B12 ვიტამინის კონტროლი წელიწადში 3-4-ჯერ. პრობლემად რჩება, ასევე, მკურნალობის ამყოლობის - მედიკამენტის სტაბილურად მიღების საკითხი.
საფრთხის შემცველია თუ არა B 12-ის სიჭარბე და როდის არ შეიძლება ამ ვიტამინის გამოყენება?
ვიტ B12 და ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინებია, მათ ჭარბად მიღებას უარყოფითი შედეგი არ მოსდევს, ვინაიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. B12-ის სიჭარბე შეიძლება შეგვხვდეს იმ პირებში, რომლებიც იღებენ B12 ვიტამინის შემცველ საკვებ დანამატებს ან იკეთებენ B12 -ის შემცველ საინექციო ფორმის მედიკამენტებს. აღწერილია სისხლში B12 მკვეთრი მომატების შემთხვევები ღვიძლის დესტრუქციით მიმდინარე დაავადებების დროს.
რკინადეფიციტური ანემიის დროს დაუშვებელია B12 ვიტამინის მიღება, რადგან იგი საგრძნობლად აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას.