Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ტერფის მოვლა - რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის!
2020-10-18 გაზიარება ავტორი: დარინა ღვინიაშვილი

ტერფის მოვლა - რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის!

 შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ქვედა კიდურების ( ტერფების) დაზიანებაა. იგი ვითარდება სისხლძარღვებსა და ნერვებში პათოლოგიური ცვლილებების შედეგად (დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური ნეიროპათია) და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით და/ან ნიშნით: ფეხების ტკივილი, დაბუჟება, „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება, სიმხურვალისა და სიცივის მონაცვლეობა, შეხებისა და ტემპერატურის აღქმის შეგრძნების დაქვეითება. ხშირად ტერფის მგრნობელობის შემცირებას თან ახლავს კანისა და ფრჩხილის სოკოვანი და ტროფიკული ცვლილებები ( კოჟრი, კოჟიჟი, ბებერა, კანის გარქოვანება, ნახეთქი, ნაკაწრი), დაზიანებულ ტერფზე ადვილად ვითარდება წყლულოვანი დეფექტები და/ან ასევე ადვილად იჭრება ინფექცია, რაც შეიძლება გახდეს განგრენის განვითარებისა და კიდურის ამპუტაციის წინაპირობა.

 იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დიაბეტის გართულებები, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი (ბალანსირებული კვება; წონის ნორმალიზაცია; სტაბილური, ინდივიდუალურად მორგებული ფიზიკური აქტივობა; მწეველობაზე უარის თქმა) და შემდეგი სამი  ძირითადი პარამეტრის (ABC) კონტროლი, ესენია 

  • A1c- გლიკოზირებული ჰემოგლობინი (აკონტროლეთ 3 თვეში ერთელ)
  • Blood pressure - არტერიული წნევა
  • Cholesterol- ქოლესტერინი

  ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად ასევე საჭიროა:

 ფეხების რეგულარული შემოწმება ექიმთან ვიზიტის დროს დიაბეტური ნეიროპათიის და ანგიოპათიის ადრეული გამოვლენის მიზნით; ასევე შესაბამისი მკურნალობის დროული დაწყება.

  • ფეხების მოვლის წესების დაცვა.

                      ფეხების ყოვედღიური მოვლა:

  1. იზრუნეთ ფეხების ჯანმრთელობაზე, ისეირნეთ ყოველდღე, მინიმუმ 30-35 წუთი;
  2. ყოველდღე დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით (წყლის ტემპერატურა უნდა იყოს + 30-დან 35 გრადუსამდე);
  3. გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი საპონი;
  4. დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით თითებს შორის;
  5. ტერფებზე ყოველდღე წაისვით დიაბეტური ტერფის მოსავლელი საცხი;
  6. საცხი არ გამოიყენოთ თითებშუა;
  7. ტერფის მოსალოდნელი გადახურებისა და დამწვრობის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ მზის მწველი სხივების პირდაპირ მოქმედებას, ნუ დაჯდებით ხელოვნურ გამათბობელთან ახლოს! არ იხმაროთ სათბურა ! ნუ გაიკეთებთ თერმულ და ტალახის აბაზანებს !

 ტერფების ყოველდღიური დათვალიერება

 8. ყოველდღე დაითვალიერეთ ტერფები, თუ მოხრა გიჭირთ, გამოიყენეთ სარკე ან დაიხმარეთ ოჯახის წევრები;

 

 9. ფრჩხილის ან ტერფის კანის სოკოვანი ან სხვა დაზიანებისას (ფრჩხილების გასქელება და მტვრევა, სიწითლე ან თეთრი ნადები კანზე ) აუცილებლად მიმართეთ ექიმს;

10. ყოველდღიურად გააკეთეთ ვარჯიშები წვივებისა და ტერფებისათვის:

 მუხლის ვარჯიშები: მოეჭიდეთ სკამის საზურგეს,  ჩაჯექით ღრმად 10-ჯერ, ზურგი ჩაბუქნისას გეჭიროთ გამართულად!

 წვივის კუნთების ვარჯიში: დადექით კედელთან ოდნავ მოშორებით, ისე, რომ გაშლილი ხელებით კედელზე მიყრდნობისას წინ იყოთ გადახრილი, ტერფი მთელი ზედაპირით უნდა ეყრდნობოდეს იატაკს, ხელები 10-ჯერ მოხარეთ, ამ დროს ზურგი და ქვემო კიდურები უნდა იყოს გამართული;

თითების წვერებზე დადგომა: აიწიეთ თითების წვერებზე და დაეშვით ქუსლებით, ამასთან ერთად, ეცადეთ გადაიტანოთ სიმძიმის ცენტრი ერთი კიდურიდან მეორეზე, ეს ვარჯიში გაიმეორეთ 20-ჯერ;

სკამიდან ადგომა: სკამზე დაჯექით და ადექით 10-ჯერ, ხელები გადაიჯვარედინეთ მუცლის ზედაპირზე;

ვარჯიში ტერფის თითებისთვის: დაეყრდენით სკამის საზურგეს და რიგ-რიგობით აიწიეთ ხან ერთი, ხან მეორე ტერფის წვერზე;

 ქვემო კიდურების აქნევის ვარჯიში: ცალი კიდურით დადექით სქელ წიგნზე, დაეყრდენით მაგიდას ან სკამს  და მეორე კიდურით გააკეთეთ 10-ჯერ აქნევა წინ და უკან, შეცვალეთ კიდურების მდებარეობა და გაიმეორეთ ვარჯიში მეორე ფეხით;

ტერფის რხევის ვარჯიშები: დაჯექით იატაკზე, გადაიხარეთ ოდნავ უკან და ზურგს უკან ხელებით დაეყრდენით იატაკს, აამოძრავეთ ტერფები, სანამ არ გაგიჩნდებათ სითბოსა და მოდუნების შეგრძნება; 

  1. კანის საფარის დაზიანებისას - ნაკაწრი, ნაპრალი, ჭრილობა - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
  2. ისარგებლეთ ბამბის თეთრი ფერის წინდებით, მათზე ადვილად შეიმჩნევა შესაძლო ჭრილობების კვალი (სისხლი ან ჩირქი);
  3. ყოველდღე გამოიცვალეთ წინდები/ კოლგოტი;

  ფეხების, ფრჩხილებისა და ქუსლების მოვლა:

 14. ფეხზე რეგულარულად მოიქლიბეთ ფრჩხილები, რაც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დაჭრა;

15. ფრჩხილი მოიქლიბეთ სწორად, კუთხეების დამოკლების გარეშე, მაშინ ფრჩხილები აღარ ჩაგიბრუნდებათ; 

  1. უხეში კანი რეგულარულად დაიმუშვეთ პემზით;
  2. პემზა გამოცვალეთ ხშირად (3 თვეში ერთხელ), რადგან მასში შეიძლება გაჩნდეს სოკო;
  3. კოჟრის მოსაშორებლად არ გამოიყენოთ წებოვანი საფენი!

 უდიდესი ყურადღებით შეარჩიეთ და ატარეთ ფეხსაცმელი:

 19. ფეხსაცმელი უნდა იყოს კარგად მორგებული და არ უნდა ახდენდეს ტერფზე ზეწოლას, ამისათვის ფეხსაცმლის საყიდლად შერჩევა უმჯობესია დღის მეორე ნახევარში, რადგან ამ დროისათვის ფეხები შეშუპებულია;

20. ფეხსაცმლის მორგების შემდეგ მაშინვე ნუ შეიძენთ მას, ჯერ კარგად დარწმუნდით მის კომფორტულობაში, ამისთვის იარეთ 10-15 წთ-ის განმავლობაში;

21. ფეხსაცმელი შეარჩიეთ სწორად, არ იყიდოთ მაგარი, ასევე ვიწრო ფეხსაცმელი. ფეხების მგრძნობელობის დაქვეითების შემთხვევაში თან იქონიეთ მუყაოს ქაღალდზე მოჭრილი თქვენი ფეხის კონტური, მოათავსეთ იგი ფეხსაცმელში, გვერდების შემოკეცვა ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი ვიწროა, ხოლო ბოლოების შემოკეცვა გვაჩვენებს, რომ იგი პატარაა;

22. არ შეიძინოთ ხელოვნური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელიც ჰაერს არ ატარებს. ეცადეთ შეარჩიოთ რბილი, ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი;

23. თუ შვებულების დროს მოგზაურობა გსურთ, მოხერხებულ და სეზონისთვის შესაფერის ფეხსაცმელზე იზრუნეთ. ზაფხულის ფეხსაცმელი უნდა ატარებდეს ჰაერს;

24. ფეხსაცმლის თასმები სწორად შეიკარით - თასმების განლაგება უნდა იყოს პარალელური; არ იაროთ გახსნილი ფეხსაცმელით!

25. არასოდეს იაროთ ფეხშიშველმა და არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე! ეცადეთ ჩაიცვათ წინ დახურული ფეხსაცმელი;

26. დაათვალიერეთ, გადმოაბრუნეთ და ხელით შეამოწმეთ ფეხსაცმელი ყოველი ჩაცმის წინ, ხომ არ არის მასში უცხო სხეული, ან ხომ არ აიკეცა ჩასაფენი, ვინაიდან ამ ყველაფერმა შეიძლება ტერფის კანის დაზიანება გამოიწვიოს;

27. ნუ ჩაიცმევთ ახალ ფეხსაცმელს დიდხანს, ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ უკვე კარგად გამოცდილი, მორგებული ფეხსაცმელი!