Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
მე-20 საუკუნის აღმოჩენა დიაბეტოლოგიაში- ინსულინის ტუმბო, ანუ „ხელოვნური პანკრეასი“
2020-11-16 გაზიარება ავტორი: ნინო ნადირაძე

მე-20 საუკუნის აღმოჩენა დიაბეტოლოგიაში- ინსულინის ტუმბო, ანუ „ხელოვნური პანკრეასი“

ინსულინის აღმოჩენიდან დღემდე მსოფლიოს დიაბეტოლოგების ძალისხმევა მიპყრობილია ინსულინის პრეპარატებისა და ორგანიზმში მოხვედრის გზების დახვეწაზე. შეიქმნა ინსულინის სხვადასხვა მედიკამენტები, შპრიცები, ე.წ. შპრიც-კალმები, რათა გამარტივებულიყო და უფრო ეფექტიანი გამხდარიყო ინსულინით მკურნალობა. 1960 წელს შეიქმნა ინსულინის პირველი ტუმბო, როგორც ინსულინის უწყვეტ რეჟიმში მიმწოდებელი საშუალება, რომელიც ამერიკულმა ფირმა „Medtronic“-მა შესთავაზა მომხმარებლებს. მას შემდეგ, წლების განმავლობაში ხდებოდა ტუმბოს დიზაინის და ფუნქციური მაჩვენებლების გაუმჯობესება, დახვეწა და დღეს უკვე არსებობს ისეთი ტუმბო, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ხელოვნური პანკრეასი“.


საზღვარგარეთ ინსულინის ტუმბოს გამოყენების ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს. ჩვენს ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო დიდი ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა მისი დანერგვა. წლების წინ ჩვენმა კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა პაციენტებს ესარგებლათ ინსულინით მკურნალობის ყველაზე კომფორტული და თანამედროვე მეთოდით, რასაც ჰქვია ინსულინის პომპთერაპია.

რა არის ინსულინის ტუმბო?

ინსულინის ტუმბო, ეს აპარატია, რომელიც ზომით გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე მობილური ტელეფონების უმეტესობა და რომელსაც ორგანიზმში შეჰყავს ინსულინი მცირე დოზებით, ისე, როგორც ამას აკეთებდა თავად კუჭქვეშა ჯირკვალი, მანამ, სანამ შაქრიანი დიაბეტი დაგიდასტურდებოდათ.


ტუმბო თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ჯიბით, მიიმაგროთ ქამარზე, ან, სულაც, დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ. ინსულინის ტუმბო წვრილი საინფუზიო სისტემით უკავშირდება სხეულს და საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ მოიხსნათ (მაგ: ცურვისას, შხაპის მიღებისას, სპორტდარბაზში და ა.შ.)



ინსულინის ტუმბო ზომით იმდენად პატარაა, რომ დროთა განმავლობაში საერთოდ გავიწყდებათ სხეულზე მისი არსებობა. ზოგი ატარებს მას, როგორც პეიჯერს, ზოგი - როგორც მობილურ ტელეფონს, იგი შეგიძლიათ დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ ისე, რომ სხვა ამას საერთოდ ვერ შენიშნავს.


რა დამატებითი უპირატესობები აქვს ინსულინის ტუმბოს გამოყენებას?

  • ტუმბო შესანიშნავი აპარატია სისხლში გლუკოზის დონის საკონტროლოდაც, გლუკოზის კონტროლი დიაბეტის მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია (მუდმივად ჩართულ სადღეღამისო გლუკომეტრზე და აპარატის მონიტორზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ადევნოთ თვალი გლიკემიის მაჩვენებლებს);
  • ტუმბო გაძლევთ „თავისუფლებას“, ანუ საშუალებას, მიირთვათ საჭმელი მაშინ, როცა მოგესურვებათ; დილაობით იძინოთ დიდხანს და არ იფიქროთ იმაზე, რომ გასაკეთებელი გაქვთ ინსულინის ინიექცია. შესაბამისად, შეგიძლიათ იცხოვროთ დაახლოებით ისე, როგორც ეს იყო ადრე, შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე;
  • ყველაზე მნიშვნელოვანი: თქვენ პრაქტიკულად აღარ გჭირდებათ კანქვეშ არც ინსულინის დამატებითი ინიექციების გაკეთება. მაგ. მოგესურვათ მიირთვათ საჭმელი? ამისათვის მხოლოდ ორ ღილაკზეა ხელის დაჭერა საკმარისი და თქვენს ორგანიზმში მოხვდება საჭირო რაოდენობის ინსულინი;
  • ტუმბოს საშუალებით ინდივიდუალურად თქვენთვის განვსაზღრავთ, თუ რა რაოდენობის ინსულინი გესაჭიროებათ კონკრეტულ საკვებზე, რის მირთმევასაც აპირებთ. ასევე, რა რაოდენობის ინსულინი გესაჭიროებათ იმისათვის, რომ გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები შეამციროთ ნორმამდე.

ტუმბოში არსებული პროგრამა - “ბოლუს კალკულატორი“ ავტომატურად განსაზღვრავს საკვების შესატყვის ინსულინის რაოდენობას და ასევე ინსულინის საჭირო რაოდენობას მაღალი გლუკოზის კორექციისთვის დღის სხვადასხვა მონაკვეთში. მხოლოდ ორი ღილაკის დაჭერა და თქვენი პრობლემა გადაჭრილია.

ჩვენ ვიყენებთ კომპანია „Medtronic”ის მიერ წარმოებულ, მსოფლიოში ყველაზე მაღალგაყიდვად და თანამედროვე ტუმბოს მოდელებს. ეს კომპანია მსოფლიოში ტუმბოს წარმოების პიონერია. თანამედროვე მოდელებს უნარი აქვთ ავტომატურად შეწყვიტონ ორგანიზმში ინსულინის შეყვანა დაბალი გლიკემიის დროს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად, რაც დიაბეტის ერთ-ერთ საყურადღებო გართულებას წარმოადგენს.

 
ინსულინის ტუმბო რეკომენდებული და სასურველია ყველა პაციენტისთვის, რომელიც მკურნალობს ინსულინით, თუმცა არსებობენ პაციენტები და მდგომარეობები, როცა ინსულინის ტუმბოს გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 (ინსულინთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის);
  • ხშირი ჰიპოგლიკემიების არსებობა;
  • ორსულობის დაგეგმვის პერიოდი (ორსულობის დადგომამდე მინიმუმ 3 თვით ადრე), მთელი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
  • ლაბილური მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი, გლიკემიის ვარიაბელობა;
  • შაქრიანი დიაბეტი გართულებებით;
  • და, ბოლოს, ინსულინის ტუმბო რეკომენდებულია მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.


რატომ უწოდებენ ინსულინის ტუმბოს მე-20 საუკუნის აღმოჩენას და „ხელოვნურ პანკრეასს“?

  • ინიექციების დროს პაციენტი იყენებს გახანგრძლივებულ ინსულინს, რომლის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია (52%), განსხვავებით ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინისა, (არ აითვისება დაახლოებით მხოლოდ 3%), რომელიც გამოიყენება ტუმბოში. შესაბამისად, ტუმბოს საშუალებით ხდება პანკრეასის მუშაობის მაქსიმალური იმიტაცია;
  • ტუმბოს საშუალებით ინსულინის მიწოდება ხდება მიკრო-წვეთებით, რაც მაქსიმალურადაა მიახლოებული პანკრეასიდან ინსულინის ბუნებრივ გამოყოფასთან, ეს საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ გლიკემია და ზოგადად, თავიდან ავიცილოთ გლუკოზის ციფრების მკვეთრი ცვალებადობა (ვარიაბელობა), რაც განსაკუთრებით ვლინდება ზოგიერთი მდგომარეობებისას, როგორიცაა მაგ: ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა ინფექციები და ა. შ;
  • ტუმბოს გამოყენებით აღარ დაგჭირდებათ მკაცრად აკონტროლოთ კვების რეჟიმი, ვინაიდან თქვენ თავად გადაწყვეტთ, როდის იკვებოთ და რა რაოდენობით.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ინსულინის ტუმბო საშუალებას იძლევა იცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით.