ასპარტამი და მისი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე !
ასპარტამი ფართოდ გამოყენებადი ხელოვნური დამატკბობელია. საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიხედვით, ჩვეულებრივ, შაქარზე 200-ჯერ ტკბილია. შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად ტკბილია, ვიდრე შაქარი, მომხმარებლები მას უფრო ნაკლები რაოდენობით იყენებენ და, შესაბამისად, მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის კალორიას იღებენ. ასპარტამი FDA-ის მიერ 1981 წ იქნა გამოყენებისთვის ნებადართული, რის შემდეგაც, მიუხედავად გვერდითი მოვლენების არსებობისა, მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა; გამოიყენება სასმელ თუ საკვებ პროდუქტებში; განსაკუთრებულად ფართოდაა გამოყენებული ე.წ. დიეტურ გაზიან სასმელებში.
FDA-ის მიხედვით ასპარტამის მიღება უსაფრთხოა დღიურად 50 მგ/კგ დოზით.
ასპარტამი ადამიანის ორგანიზმში იშლება ასპარტატად, ფენილალანინად და მეთანოლად, სამივე მათგანს გარკვეული გავლენა აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; ამ გავლენის შესწავლის მიზნით მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მონოამინური ნეიროტრანსმიტერების გზების შესწავლას, ვინაიდან ფენილალანინი სწორედ მათი პრეკურსორია. ამასთანავე, შესაძლოა, ასპარტატიც, როგორც ამგზნები ნეიროტრანსმიტერი, გავლენას ახდენდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; თუმცა, მეხსიერების ცვლილებების ან დეპრესიის განვითარების შესახებ კვლევებით დადასტურებული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია. გარდა ნერვულ სისტემაზე ზეგავლენისა, უამრავი კვლევა მიუთითებს ასარტამის სხვა გვერდით მოქმედებებზე.
ინსულტი, დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება:
ასპარტამში შემავალი მეთილის ეთერი ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზდება მეთანოლად, რომელიც შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას ფორმალდეჰიდად, რაც ასოცირებულია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან (Journal of Alzheimer’s Disease). თაგვებსა და მაიმუნებში აღწერილია მეთანოლის ქრონიკული ზემოქმედების კავშირი მეხსიერების დაქვეითებასა და ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებთან. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ დიეტურ გაზიან სასმელებს, თითქმის სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ინსულტი და დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელებს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იღებენ.
მეტაბოლური ცვლილებები:
2017 წელს კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში ( Canadian Medical Association Journal) გამოქვეყნებული მეტა-ანალიზის მიხედვით, რანდომიზებული კლინიკური კვლევებით არ დადგინდა ხელოვნური დამატკბობლების კავშირი წონის კლებასთან, არამედ, პირიქით, მათი მოხმარება ასოცირებული აღმოჩნდა წონისა და წელის გარშემოწერილობის მატებასთან და, ასევე, სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდასთან. ასპარტამით გამოწვეული ჰიპერგლიკემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია აზიანებს ღვიძლსაც. თაგვებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დადასტურდა ღვიძლის დეგენერაცია, ფიბროზი და ნეკროზი.
ხელოვნური დამატკბობლები და კიბოს რისკი: NutriNet-Santé-ს პოპულაციაზე დაფუძნებული კოჰორტული კვლევის შედეგები:
2022 წელს საფრანგეთში ჩატარებული კოჰორტული კვლევით (PLOS Medicine) დადგინდა, რომ ხელოვნური დამატკბობლები (განსაკუთრებით ასპარტამი და აცესულფამი-K) ასოცირებულია კიბოს საერთო რისკთან. უფრო კონკრეტულად, ასპარტამის მიღება დაკავშირებულია ძუძუს და სიმსუქნესთან ასოცირებული კიბოს რისკების ზრდასთან.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპარტამი თაგვებში იწვევს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს ნუშისებრ სხეულში და შედეგად შფოთვითი ქცევების განვითარებას.
მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ნიკოტინი და ხელოვნური დამატკბობელი - საქარინი იწვევენ მემკვიდრულ ქცევით ეფექტებს, მეცნიერების ყურადღება მიიპყრო საქარინზე კიდევ უფრო პოპულარულმა დამატკბობელმა, ასპარტამმა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვებში, რომლებიც იღებდნენ ასპარტამს, განვითარდა გამოხატული შფოთვითი ქცევები და გენების შეცვლილი ექსპრესია ნუშისებრ სხეულში. ნუშისებრი სხეული, ანუ ამიგდალა, არის თავის ტვინის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია შფოთვისა და შიშის რეგულირებაზე.
თაგვების ერთ ჯგუფს მიაწოდეს სასმელი წყალი, რომელიც შეიცავდა 0,015%-ს ან 0.03% ასპარტამს - FDA-ის მიერ რეკომენდირებული მაქსიმალური დოზის მხოლოდ 8-15%-ს. მეორე ჯგუფს კი - ჩვეულებრივი სასმელი წყალი. ძლიერი შფოთვისმსგავსი ქცევა დაფიქსირდა თაგვებში, რომლებიც იღებდნენ ასპარტამის შემცველ წყალს. გამოწვეული შფოთვა საკმაოდ ძლიერი იყო და არაა გამორიცხული, რომ შედეგი ანალოგიური იყოს ადამიანებშიც 6-12 კვირის მანძილზე ასპარტამის ყოველდღიური მიღებისას.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნუშისებრ სხეულში განვითარებული ცვლილებები ნარჩუნდებოდა ორ მომდევნო თაობაში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცვლილებები ნუშისებრ სხეულში აღინიშნებოდა ექსპოზირებული მამრი თაგვების შთამომავლობაშიც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეპიგენეტიკური ცვლილებები ვითარდებოდა როგორც სომატურ, ისე, მამრობით სასქესო უჯრედებში. ამიგდალას რნმ-ის სექვენირებამ აჩვენა გლუტამატერგული და GABA-ერგული სინაფსური გზების მნიშვნელოვანი ცვლილებები. პჯრ კვლევით დადგინდა გლუტამატის NMDA რეცეპტორის 2D სუბერთეულის (Grin2d) და მეტაბოტროპული რეცეპტორი 4-ის (Grm4) მაკოდირებელი მრნმ-ის აფრეგულაცია და GABA-A-ს რეცეპტორებთან ასოცირებული ცილის (Gabarap) მრნმ-ის დაუნრეგულაცია.
კვლევაში დიაზეპამმა ეფექტურად შეამცირა ასპარტამით გამოწვეული შფოთვა.
შფოთვა ასოცირებულია GABA-A რეცეპტორების სიგნალის დაუნრეგულაციასთან და მცირდება დიაზეპამის მოქმედებით, რომელიც GABA-A რეცეპტორის დადებით ალოსტერულ მოდულატორს წარმოადგენს. ამრიგად, დიაზეპამის ეფექტისა და გენთა ექსპრესიის მონაცემების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ასპარტამის მოხმარება მიმართავს ნუშისებრ სხეულში აგზნება-დათრგუნვის წონასწორობას აღზნებისკენ, რის შედეგადაც ვითარდება შფოთვითი ქცევა.
კვლევის შედეგების ადამიანებზე მორგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასპარტამის FDA-ის მიერ რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე დაბალმა რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის ცვლილებები ასპარტამის მომხმარებელ ადამიანებსა და მათ შთამომავლებში. ეს ინფორმაცია საჭიროებს სამომავლოდ შესაბამისი კვლევებით დადასტურებას.
რა უნდა ვიცოდეთ!
- ასპარტამი ფართოდ გამოყენებადი ხელოვნური დამატკბობელია, შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს;
- გამოიყენება სასმელ თუ საკვებ პროდუქტებში, საღეჭ რეზინებში; განსაკუთრებულად ფართოდაა გამოყენებული ე.წ. დიეტურ გაზიან სასმელებში.
- FDA-ის მიხედვით ასპარტამის მიღება უსაფრთხოა დღიურად 50 მგ/კგ დოზით.
- ასპარტამი ადამიანის ორგანიზმში იშლება ასპარტატად, ფენილალანინად და მეთანოლად, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; გარდა ნერვულ სისტემაზე ზეგავლენისა, უამრავი კვლევა მიუთითებს ასარტამის სხვა გვერდით მოქმედებებზე.
- ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ დიეტურ გაზიან სასმელებს, თითქმის სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ინსულტი და დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელებს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იღებენ.
- 2017 წელს კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში ( Canadian Medical Association Journal) გამოქვეყნდა რანდომიზებული კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზი, რის მიხედვითაც არ დადგინდა ხელოვნური დამატკბობლების კავშირი წონის კლებასთან, არამედ, პირიქით, მათი მოხმარება ასოცირებული აღმოჩნდა წონისა და წელის გარშემოწერილობის მატებასთან და, ასევე, სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდასთან. ასპარტამით გამოწვეული ჰიპერგლიკემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია აზიანებს ღვიძლსაც. თაგვებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დადასტურდა ღვიძლის დეგენერაცია, ფიბროზი და ნეკროზი.
- 2022 წელს საფრანგეთში ჩატარებული კოჰორტული კვლევით (PLOS Medicine) დადგინდა, რომ ხელოვნური დამატკბობლები (განსაკუთრებით ასპარტამი და აცესულფამი-K) ასოცირებულია კიბოს საერთო რისკთან, კერძოდ, ძუძუს და სიმსუქნესთან ასოცირებული კიბოს რისკების ზრდასთან.
- ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპარტამი თაგვებში იწვევს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს ნუშისებრ სხეულში და, შედეგად, შფოთვითი ქცევების განვითარებას; კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნუშისებრ სხეულში განვითარებული ცვლილებები ნარჩუნდებოდა ორ მომდევნო თაობაში.
- დღეისათვის არსებული კვლევების შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასპარტამის FDA-ის მიერ რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე დაბალმა რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებები ასპარტამის მომხმარებელ ადამიანებსა და მათ შთამომავლებში. ეს ინფორმაცია საჭიროებს სამომავლოდ შესაბამისი კვლევებით დადასტურებას.
ანი ჩიტაია
თსსუ სტუდენტი