Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი და ტოქსიკოინფექცია
2024-01-26 გაზიარება ავტორი: სალომე გუგუჩია

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი და ტოქსიკოინფექცია

საკვებით მოწამვლა, ანუ, საკვებით გამოწვეული ტოქსიკოინფექცია, ყველასათვის ნაცნობი მდგომარეობაა. თუ პროდუქტში მავნე მიკრობები დასახლდა ან მათი მეტაბოლური პროდუქტები (ტოქსინები) დაგროვდა, მაშინ ასეთი საკვების მიღებამ დიდი ალბათობით შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს.

 

შაქრიანი დიაბეტის დროს, საკვებით მოწამვლის რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და ამის მიზეზებია.:

  •  იმუნური სისტემის დაქვეითებული აქტივობა (განსაკუთრებით სტაბილური ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში);
  • გასტროპორეზის შემთხვევაში კუჭსა და ნაწლავებში საკვების ხანგრძლივი დაყოვნება;
  • მძიმე ნეფროპათიის შემთხვევაში თირკმელების მიერ ტოქსინების შენელებული გამოყოფა.

 

როგორია კვებითი მოწამვლის სიმპტომები?

  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა (კუჭის აშლა)
  • სისუსტე

გაითვალისწინეთ, რომ კვებითი მოწამვლის სიმპტომები ძალიან ჰგავს დიაბეტური კეტოაციდოზის სიმპტომებს!

 

საკვებით მოწამვლამ თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტური კეტოაციდოზი და, აი, რატომ.:

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ კვებითი მოწამვლის საპასუხოდ ორგანიზმში იზრდება "სტრესის ჰორმონების“, როგორიცაა მაგ. კორტიზოლი, დონე, რომლებსაც აქვთ ინსულინის საპირისპირო ეფექტი და, შესაბამისად, ამცირებენ ინსულინის რაოდენობას სისხლში.

ამის შედეგად, სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, ინსულინის მიმართ მგრძნობელობა მცირდება და ორგანიზმში აღარ არის საკმარისი რაოდენობით ინსულინი. უჯრედებს არ შეუძლიათ გლუკოზის გამოყენება ინსულინის გარეშე და ენერგიის მიღებისთვის იყენებენ ცხიმს, ამ პროცესის შედეგად კი ორგანიზმში მიიღება კეტონები. ამის შესაბამისად, კეტონების რაოდენობა იზრდება როგორც სისხლში, ასევე შარდშიც.


როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუკი სისხლში ან შარდში გამოჩნდა კეტონები?


თუ შარდში ან სისხლში კეტონების დონე მომატებულია და სისხლში გლუკოზა 270-360 მგ/დლ-ზე მეტია, მაშინ რეკომენდაციები ასეთია.:

  • გაიკეთეთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ინიექცია - 0,1 ერთეული/ კგ წონაზე (მაგ. თუ სხეულის მასა არის 10 კგ, საჭიროა გაკეთდეს 1 ერთეული ინსულინი, ანუ, 10კგ=1 ერთ ინსულინი; შესაბამისად, 20კგ=2 ერთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინი);
  • გაიზომეთ სისხლში შაქარი ყოველ 1-2 საათში;
  • თუ შაქრის დონე არ შემცირდა 3 საათში, დამატებით შეიყვანეთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ინიექცია, კიდევ 0,1 ერთეული ინსულინი/ კგ წონაზე (ხანმოკლე მოქმედების ინსულინის უფრო ხშირად შეყვანა არ შეიძლება დაგვიანებული ჰიპოგლიკემიის რისკის გამო);
  • გაიმეორეთ კეტონის ტესტი ხანმოკლე მოქმედების ინსულინის განმეორებითი ინიექციიდან 1 საათში.

თუ ამ ზომების გატარების მიუხედავად სისხლში გლუკოზის დონე მაინც მაღალი რჩება და შარდში კეტონების დონე არ იკლებს, ან ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა

- დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

აქვე აღვნიშნოთ იმ კვებითი რეკომენდაციების შესახებ, რისი ცოდნაც აუცილებელია და გასათვალისწინებელია საკვებით მოწამვლის შემთხვევაში.:

  • საკვების მიღება საჭიროა ხშირად და მცირე ულუფებით;
  • საკვები უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი, როგორებიცაა, მაგ.: გამომშრალი თეთრი პური, თხიერი მოხარშული ბურღულეული, ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, ზეთის და კარაქის დამატების გარეშე, ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამ პროდუქტების უმეტესობა შეიცავს ნახშირწყლებს, არ დაგავიწყდეთ ნახშირწყლების დათვლა და ინსულინის შესაბამისი რაოდენობით ინიექცია;
  • მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მენიუში შეიტანეთ მოხარშული უცხიმო თევზი და/ან ხორცი;
  • ჩვეულ სრულფასოვან კვებით რეჟიმზე გადადით სრულად გამოჯანმრთელებისთანავე.

მოუსმინეთ საკუთარ თავს, გააკეთეთ ისე, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად, მიიღეთ მხოლოდ ის საკვები, რაც ამ სიტუაციაში სასარგებლოა და თან გსიამოვნებთ, შეიმოწმეთ გლუკოზა რეკომენდაციების მიხედვით გლუკომეტრით კაპილარულ სისხლში, ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგრჩეთ კეტონების არსებობა სისხლსა და შარდში, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და მაქსიმალურად აღიდგინეთ ენერგია!

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?