
ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოიდულ (სტეროიდულ) თერაპიას
ეს ბროშურა ეფუძნება ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა (ESE) და ენდოკრინული საზოგადოების (ES) ერთობლივ კლინიკურ სახელმძღვანელოს გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ. იგი დაწერილია ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმძღვანელოს შემუშავებაში. ერთობლივი სახელმძღვანელო შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ექიმებს იმ პაციენტების მართვაში, რომლებსაც აქვთ გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა ან მისი განვითარების რისკი. სახელმძღვანელო შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპის ენდოკრინოლოგიის ჟურნალსა (2024) და კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში (2024).
შესავალი
ეს ბროშურა შექმნილია იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის გამომწვევი მიზეზის, შეფასებისა და მართვის შესახებ. ამ ბროშურაში მოცემული ინფორმაცია არ ცვლის თქვენი ექიმის რჩევას.
რა არის გლუკოკორტიკოიდები?
გლუკოკორტიკოიდები არის მედიკამენტები, როგორიცაა პრედნიზონი, პრედნიზოლონი, მედროლი, მეტიპრედი და ა.შ., რომელთა გამოყენება შესაძლებელია მრავალი დაავადების, მათ შორის ასთმის, რევმატოიდული ართრიტისა და ეგზემის სამკურნალოდ. მათი მიღება შესაძლებელია ტაბლეტების, ინექციების, ინფუზიების, ადგილობრივი კრემების, წვეთების ან ინჰალაციური სპრეის სახით.
მოსახლეობის სულ მცირე 1% იყენებს გლუკოკორტიკოიდებს ხანგრძლივად. მიუხედავად იმისა, რომ გლუკოკორტიკოიდები ძალიან ეფექტიანია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები. ერთ-ერთი მათგანი არის გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა.
რა არის გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა?
გლუკოკორტიკოიდები იმეორებენ კორტიზოლის ეფექტს. კორტიზოლი არის თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონი (იხილეთ სურათი 1), რომელიც მონაწილეობს თქვენს ორგანიზმში რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესში, როგორიცაა მეტაბოლიზმის, იმუნური სისტემის, არტერიული წნევის და სტრესზე რეაგირების რეგულირება. როდესაც გლუკოკორტიკოიდებს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენივე თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის წარმოების დათრგუნვა - მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა. არანამკურნალევი თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის მქონე ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაღლილობა, კუნთების სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა და სახსრების ტკივილი, ან უფრო მძიმე სიმპტომები, როგორიცაა წონის კლება და დაბალი არტერიული წნევა. გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის განვითარების რისკი ნაწილობრივ დამოკიდებულია გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის ტიპზე, დოზასა და ხანგრძლივობაზე.
სურათი 1: თირკმელზედა ჯირკვლები
რა ხდება, როდესაც ვწყვეტ გლუკოკორტიკოიდების მიღებას?
გლუკოკორტიკოიდური თერაპიის შეწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ დოზა შემცირდეს ისე, რომ თქვენს თირკმელზედა ჯირკვლებს საშუალება მიეცეთ, დამოუკიდებლად აღადგინონ კორტიზოლის წარმოების ნორმალური უნარი.
თუ გლუკოკორტიკოიდებს ერთ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იღებთ, მედიკამენტის მიღება ერთბაშად შეიძლება შეწყდეს, ხოლო თუ დიდი ხნის განმავლობაში - თქვენი ექიმი თანდათან შეგიმცირებთ დოზას და მოგაწვდით რჩევებს ამის უსაფრთხოდ გასაკეთებლად.
სანამ თქვენ მიერ მიღებული გლუკოკორტიკოიდის დოზა უდრის ან აღემატება კორტიზოლის იმ დონეს, რომელსაც თქვენი თირკმელზედა ჯირკვლები დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ, ზოგადად, არ უნდა ინერვიულოთ გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სიმპტომების განვითარებაზე. მას შემდეგ, რაც თქვენი დღიური გლუკოკორტიკოიდის დოზა შემცირდება კორტიზოლის ნორმალურ ან უფრო დაბალ დონემდე, თქვენი თირკმელზედა ჯირკვლები დაიწყებენ საკუთარი კორტიზოლის წარმოების განახლებას. ამ ეტაპზე თქვენი ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა საუკეთესო გლუკოკორტიკოიდის დოზის შემცირება მცირე ნაბიჯებით თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ნიშნების მონიტორინგის პარალელურად, ან მან შეიძლება შეამოწმოს თქვენს სისხლში დილის კორტიზოლის დონე. თუ გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ნიშნები არ არსებობს, ექიმი ან ერთბაშად შეწყვეტს მკურნალობას ან გააგრძელებს გლუკოკორტიკოიდების დოზის შემცირებას საბოლოო შეწყვეტამდე. ადამიანების უმეტესობისთვის გლუკოკორტიკოიდების თანდათანობითი შემცირება გამოიწვევს ორგანიზმის მიერ კორტიზოლის გამომუშავების უნარის ნორმალიზებას (იხილეთ სურათი 2).
რა მოხდება, თუ განმივითარდება გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა?
როდესაც არსებობს გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ნიშნები, მკურნალობის მიზანია სისხლში კორტიზოლის ადეკვატური დონის შენარჩუნება. ამის მისაღწევად, თქვენ უნდა გააგრძელოთ გლუკოკორტიკოიდების ყოველდღიური დოზის მიღება კორტიზოლის დეფიციტის შესავსებად, სანამ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია არ დაუბრუნდება ნორმას. ხელმისაწვდომია გლუკოკორტიკოიდების რამდენიმე ვარიანტი და თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის მკურნალობის ვარიანტს.
გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია თვითმართვა. თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული, თუ როგორ მართოთ მედიკამენტების მიღება სტრესის დროს (მაგალითად, თუ ავად ხართ ან დაშავდით). ამას ეწოდება „ავადმყოფობის დღის წესები“. „ავადმყოფობის დღის წესების“ ტრენინგი მოიცავს თქვენი და თქვენი დამხმარე პირების განათლებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ავადმყოფობის პერიოდში ან როდესაც გჭირდებათ სამედიცინო პროცედურა ან ოპერაცია, მათ შორის, როგორ უნდა დაარეგულიროთ თქვენი მედიკამენტის დოზა თირკმელზედა ჯირკვლების კრიზის თავიდან ასაცილებლად (იხილეთ კითხვა 4 ქვემოთ), სად უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას და როდის უნდა გაიკეთოთ სასწრაფო სტეროიდული ინექცია.
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის დროს ავადმყოფობის დღის წესების მაგალითისთვის იხილეთ https://adrenals.eu/stress-instructions.
გარდა ამისა, თქვენ უნდა გქონდეთ გადაუდებელი სტეროიდული დახმარების ბარათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჰიდროკორტიზონით გადაუდებელი მკურნალობის შესახებ (იხილეთ ქვემოთ).
www.ese-hormones.org/EC-AI ან adrenals.eu/emergency-card/
გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის განმეორებითი ანალიზი, რათა შეაფასოს, ნორმალიზდა თუ არა თქვენი კორტიზოლის დონე. შემდეგ კი ის გირჩევთ შემდგომ მართვას.
კითხვები და პასუხები
კითხვა 1: თუ ვმკურნალობ გლუკოკორტიკოიდებით და ექიმი მიმცირებს დოზას, რა სიმპტომებს უნდა მივაქციო ყურადღება?
პასუხი 1: თუ მკურნალობთ გლუკოკორტიკოიდებით და ექიმი გიმცირებთ დოზას, ყურადღება უნდა მიაქციოთ ადრენალური უკმარისობის შემდეგ ნიშნებს:
- ძლიერი დაღლილობა და სისუსტე
- წნევის დაქვეითება, განსაკუთრებით დგომისას
- გულისრევა, ღებინება
- მადის კარგვა და წონის კლება
- მუცლის ტკივილი
- ცხელების შეგრძნება ან ტემპერატურის მცირედ მატება
- გაღიზიანება ან დეპრესიული განწყობა
- სისხლში დაბალი შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია)
თუ იგრძნობთ ამ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გადახედვა ან დროებით „სტრეს დოზაზე“ გადასვლა, მაგალითად ინფექციის, ოპერაციის ან სხვა სტრესის დროს. არასდროს შეწყვიტოთ გლუკოკორტიკოიდების მიღება თვითნებურად - დოზის შემცირება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
კითხვა 2: ექიმი მიმცირებს გლუკოკორტიკოიდების დოზას და მაკვირდება გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სიმპტომებზე. დამჭირდება თუ არა სისხლის ანალიზების ჩატარება?
პასუხი 2: პაციენტების უმეტესობაში შეიძლება უსაფრთხოდ შემცირდეს გლუკოკორტიკოიდების დოზა და არ განვითარდეს რაიმე სიმპტომი. ამ შემთხვევაში სისხლის ანალიზები არ არის საჭირო გლუკოკორტიკოიდების დოზის შემცირების პერიოდში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლში კორტიზოლის დონის შემოწმება, გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობაზე ეჭვის მიხედვით.
კითხვა 3: რა არის „გლუკოკორტიკოიდური მოხსნის სინდრომი“?
პასუხი 3: როდესაც დიდი ხნის განმავლობაში იღებთ გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას, თქვენი ორგანიზმი შეიძლება დამოკიდებული გახდეს მასზე. თუ გლუკოკორტიკოიდის მიღება შემცირდება ან შეწყდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, რომლებსაც ეწოდება „გლუკოკორტიკოიდური მოხსნის სინდრომი“.
გლუკოკორტიკოიდური მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი დამოკიდებულია მიღებული გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ტიპზე, დოზასა და ხანგრძლივობაზე. მოხსნის სინდრომი თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობისგან განსხვავდება იმით, რომ საკუთარი კორტიზოლის დონე საკმარისია და სიმპტომები არ არის გამოწვეული მათი უკმარისობით, არამედ გამოწვეულია გლუკოკორტიკოიდების მოხსნით.
სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევები და განწყობის ცვლილებები შეიძლება იყოს გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომის სიმპტომები. რადგან ეს სიმპტომები ემთხვევა გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სიმპტომებს, შეიძლება რთული იყოს ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისგან გარჩევა. გლუკოკორტიკოიდების დოზის უფრო ნელა შემცირება დაგეხმარებათ გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სიმპტომების თავიდან აცილებაში. თუ გლუკოკორტიკოიდების მოხსნის მძიმე სიმპტომებს ხანგრძლივად აღნიშნავთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დროებით გაზარდოთ გლუკოკორტიკოიდების დოზა.
კითხვა 4: დამიდგინეს გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა. ეს სამუდამოა?
პასუხი 4: არა, როგორც წესი, არა. უმეტეს შემთხვევაში, ორგანიზმი კორტიზოლის გამომუშავებას ნორმალურ დონემდე აღიდგენს. გამოჯანმრთელების დრო ინდივიდუალურია და შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დასჭირდეს. თუმცა, ზოგ პაციენტში, გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება არ აღდგეს.
კითხვა 5: რა არის თირკმელზედა ჯირკვლების (ადრენალური) კრიზი?
პასუხი 5: სტრესის შმთხვევაში, ორგანიზმი ჩვეულებრივზე მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს. თუმცა, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის დროს შესაძლოა ორგანიზმმა ვერ გამოიმუშაოს მეტი კორტიზოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა - ადრენალური კრიზი.
ადრენალური კრიზის განვითარების რისკის ფაქტორებია:
- სტეროიდების უეცარი შეწყვეტა ან სწრაფი შემცირება ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ
- ადრენალური უკმარისობა (მაგ. ადისონის დაავადება)
- ძლიერი სტრესი (ინფექცია, ოპერაცია, ტრავმა და სხვა)
- ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის ფუნქციის დარღვევა
- თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანება ან ამოკვეთა
- სტრესის დროს საჭირო დოზის არმიღება (ე.წ. „სტრეს დოზა“)
ადრენალური კრიზის გამაფრთხილებელი ნიშნებია:
- ძლიერი სისუსტე
- გულისრევა
- ღებინება
- თავბრუსხვევა
- ძილიანობა
- თავის ტკივილი და ცხელება
- ფსიქიკური სიმპტომები (დაბნეულობა, გაღიზიანება, დეპრესია)
- წყურვილი და დეჰიდრატაციის ნიშნები
- გონების დაკარგვა (მძიმე შემთხვევაში)
საბედნიეროდ, გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის დროს თირკმელზედა ჯირკვლის კრიზები იშვიათია, მაგრამ თუ ეს განვითარდა, სასწრაფოდ უნდა გაიკეთოთ სტეროიდის ინექცია და დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
კითხვა 6: როგორ ავიცილოთ თავიდან ადრენალური კრიზი?
პასუხი 6:
- ყურადღება მიაქციეთ ადრენალური კრიზის გამაფრთხილებელ ნიშნებს
- სიცხის, ვირუსის, ინფექციის, ღებინების, დიარეის, ოპერაციის ან ტრავმის დროს გაზარდეთ სტეროიდის დოზა დროებით ექიმთან შეთანხმებით
- ყოველთვის თან იქონიეთ სასწრაფო ჰიდროკორტიზონის ინექცია
- ატარეთ დიგანოზის მაიდენტიფიცირებელი სამედიცინო სამაჯური ან ბარათი
კითხვა 7: სად შემიძლია მეტი ინფორმაციის და მხარდაჭერის მოძიება?
პასუხი 7: დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების ვებგვერდზე: www.ese-hormones.org/patient-zone