Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
რა არის 6-წუთიანი სიარულის ტესტი (6MWT)?
2026-05-19 გაზიარება ავტორი: სოფო სოფრომაძე

რა არის 6-წუთიანი სიარულის ტესტი (6MWT)?

6MWT არის ადამიანის ფუნქციური შესაძლებლობების შესაფასებელი მარტივი, პრაქტიკული და ფართოდ გავრცელებული მეთოდი. კერძოდ, იგი აფასებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციურ მდგომარეობას ფიზიკური დატვირთვის დროს. ტესტი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ისეთი კლინიკური და მეტაბოლური პარამეტრების შესახებ, როგორებიცაა:

  • განვლილი მანძილი;
  • გულისცემის (პულსის) პასუხი დატვირთვაზე;
  • ჟანგბადის სატურაცია;
  • ქოშინისა და დაღლილობის ხარისხი;
  • ზოგადი დატვირთვისუნარიანობა.

ეს პარამეტრები, საბოლოო ჯამში, მიუთითებს ორგანიზმში ენერგიის წარმოების, ტრანსპორტირებისა და ჟანგბადის ეფექტურად გამოყენების უნარზე.

რისთვის გამოიყენება 6MWT?

6MWT გამოიყენება უპირატესად ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD/ფქოდ), ფილტვის ინტერსტიციული დაავადებებისა (ILD) და გულის უკმარისობის (HF) ფუნქციონალური შეფასების, მედიკამენტოზური მართვისა და რეაბილიტაციის მონიტორინგისთვის.

როგორ ტარდება ტესტი და როგორ ხდება პაციენტის მომზადება?

ტესტი ზომავს იმ მაქსიმალურ მანძილს, რომელსაც პაციენტი გადის სწრაფი ტემპით (სირბილის გარეშე) 6 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში კონტროლდება სატურაცია, არტერიული წნევა და პულსი, ასევე ცალკე ფასდება ქოშინისა და დაღლილობის სუბიექტური შკალები. ეს პროცესი ასახავს ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვაზე გულისა და ფილტვის ინტეგრირებულ პასუხს.

მომზადება:

  • პაციენტს უნდა ეცვას კომფორტული ტანსაცმელი და მოხერხებული ფეხსაცმელი.
  • ტესტამდე 2 საათით ადრე მან თავი უნდა აარიდოს მძიმე საკვების მიღებას.
  • ტესტი ტარდება მიმდინარე მკურნალობის ფონზე (დანიშნული მედიკამენტების მიღება არ უნდა შეწყდეს).

რომელი დაავადებების მართვაში გვეხმარება 6MWT?

ტესტი განსაკუთრებით ინფორმატიული და შედეგიანია შემდეგი პათოლოგიების მონიტორინგისთვის:

  1. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

ფქოდ-ის დროს ფილტვის ქსოვილი ზიანდება, რის გამოც ორგანიზმს ჟანგბადი საჭიროების მიხედვით ვერ მიეწოდება, ირღვევა მეტაბოლიზმი, სუბიექტურად კი ადამიანს უძნელდება სუნთქვა. მკურნალობის ფონზე, მოსვენებულ მდგომარეობაში პაციენტმა შესაძლოა თავი კარგად იგრძნოს და სატურაციაც ნორმალური ჰქონდეს, თუმცა მცირე ფიზიკური დატვირთვისას (მაგ. ჩვეულებრივი სიარულისას) ჟანგბადის დონე სისხლში მკვეთრად ვარდება. 6MWT სწორედ ამ ფარულ ვარდნას (დესატურაციას) აფიქსირებს და გვეხმარება მკურნალობის ეფექტურობის დინამიკაში შეფასებაში.

  1. ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები (ILD)

როდესაც ზიანდება ფილტვის ინტერსტიციუმი, ალვეოლების კედლები და ფილტვის პარენქიმა, 6-წუთიან ტესტს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს. იგი აჩვენებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი ამ დაზიანებების ფონზე:

  • ფარული ჰიპოქსემიის გამოვლენა: ILD-ის დროს ინტერსტიციუმი სქელდება და მყარდება (ფიბროზდება), რაც აფერხებს ჟანგბადის გადასვლას სისხლში. მოსვენებისას სატურაცია შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ სიარულისას, ჟანგბადზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, პულსოქსიმეტრით ფიქსირდება დესატურაცია. ეს მიანიშნებს, სჭირდება თუ არა პაციენტს ჟანგბადის დამატებითი მიწოდება.
  • დაავადების პროგრესირების კონტროლი: 6MWT ინტერსტიციული დაავადებების პროგრესირების ყველაზე მგრძნობიარე მეთოდია. კვლევებით დადგენილია, რომ თუ პაციენტის მიერ გავლილი მანძილი 6-12 თვის განმავლობაში 24-30 მეტრით მცირდება, ეს დაავადების მნიშვნელოვან პროგრესირებაზე მიუთითებს. ხშირად, ეს გაუარესება 6MWT-ით უფრო ადრე ვლინდება, ვიდრე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (HRCT) ან სპირომეტრიაზე გამოჩნდება.
  1. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (PAH)

უნდა აღინიშნოს, რომ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (PAH) არის სპეციფიკური სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ის არ უნდა გავაიგივოთ ზოგადად პულმონურ ჰიპერტენზიასთან (რომელიც შესაძლოა ფილტვის სხვადასხვა ქრონიკული პრობლემით იყოს გამოწვეული). მხოლოდ 6MWT-ით მათი ერთმანეთისგან დიფერენცირება შეუძლებელია და დიაგნოსტიკისთვის კომპლექსური კვლევებია საჭირო. თუმცა, ამ დროს ტესტი წარმოადგენს დაავადების სიმწვავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციონალურ მარკერს: იგი გვიჩვენებს დატვირთვის ამტანობას, აფასებს მკურნალობაზე პასუხს და არის სიკვდილობის პროგნოზის საუკეთესო საშუალება.

  1. გულის უკმარისობა

გულის მუშაობის შესაფასებლად ტრადიციულად გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილი), რომელიც ძირითადად გვპასუხობს კითხვაზე — აქვს თუ არა პაციენტს გულის იშემიური დაავადება. ტრედმილისგან განსხვავებით, 6MWT აფასებს გულის ფუნქციურ შესაძლებლობას რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში (რა მანძილს გადის, როგორ იღლება და ა.შ.).

ეს ტესტები ერთმანეთს არ ანაცვლებს. მაგალითად, ტრედმილის დროს შესაძლოა გამოგვრჩეს თანმხლები ფქოდ-ის დიაგნოზი, ამიტომ ქოშინის მქონე ან მაღალი რისკის პაციენტებს ხშირად ორივე კვლევა სჭირდებათ. სტაბილური სტენოკარდიის დროს ტრედმილი შეუცვლელია იშემიის გამოსავლენად, ხოლო გულის უკმარისობისას 6MWT იდეალურია კარდიო-პულმონარული რეზერვისა და ფუნქციონალური კლასის დასადგენად.

ტესტის უპირატესობები და შეზღუდვები

უპირატესობები:

  1. მარტივია ჩასატარებლად, უსაფრთხოა და არაინვაზიური;
  2. საუკეთესოდ ასახავს პაციენტის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხს;
  3. იძლევა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრესის ზუსტი კონტროლის საშუალებას;
  4. ზრდის პაციენტის მოტივაციას, რადგან გაუმჯობესების შედეგი თვალსაჩინოა.

შეზღუდვები:

  • არ იძლევა დიაგნოსტიკურ ინფორმაციას ქოშინის კონკრეტულ (ეტიოლოგიურ) მიზეზზე;
  • კვლევის შედეგებზე მოქმედებს გარეშე ფაქტორები (არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, გარემო პირობები, პაციენტის განწყობა);
  • გამოყენება შეზღუდულია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შეზღუდვები.

 

 

ვინ უნდა ჩაიტაროს 6-წუთიანი სიარულის ტესტი (6MWT):?
 
 
პაციენტებმა ფილტვის დაავადებებით(ყველაზე ხშირი ჩვენება):

  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები (ILD, მათ შორის IPF, CTD-ILD): ჟანგბადის დესატურაციისა (კლების) და დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ / COPD): ფიზიკური დატვირთვის ამტანობისა და რეაბილიტაციის ეფექტის დასადგენად.
  • ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (PAH): დაავადების სიმძიმის, პროგნოზისა და დანიშნული თერაპიის შედეგების მონიტორინგისთვის.
     

გულის დაავადებების მქონე პირებმა:

  • გულის ქრონიკული უკმარისობა (როგორც შენახული, ისე დაქვეითებული განდევნის ფრაქციით – HFrEF / HFpEF).
  • კარდიომიოპათიები.
  • გულის სარქვლოვანი დაავადებები (განსაკუთრებით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში).

ტესტის ჩატარება უმნიშვნელოვანესია რეაბილიტაციის პროცესში:

  • კარდიოლოგიური და პულმონოლოგიური რეაბილიტაციის დროს.
  • პოსტ-კოვიდური (post-COVID) რეაბილიტაციისას.
  • ხანდაზმულებში ორგანიზმის საერთო სისუსტისა და გამძლეობის (frailty) შესაფასებლად.

 მაღალინფომრატიულია ტესტი ქირურგიული ჩარევებისა და ტრანსპლანტაციის წინ:

  • ფილტვის ტრანსპლანტაციისთვის პაციენტის მომზადებისას.
  • საოპერაციო რისკებისა და ფუნქციური რეზერვის წინასწარ შესაფასებლად.
  • ოპერაციის შემდგომი აღდგენის პროცესზე დასაკვირვებლად.
     

  ნერვ-კუნთოვანი და სისტემური დაავადებების დროს:

  • კუნთოვანი დისტროფია და მიოპათიები.
  • სისტემური სკლეროდერმია და რევმატოიდული ართრიტი, რომლებსაც თან ახლავს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.


რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ტესტის ჩატარება?

ტესტის ჩატარება კატეგორიულად დაუშვებელია (უკუნაჩვენებია), თუ პაციენტს აღენიშნება:

  • არასტაბილური სტენოკარდია ან ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
  • არაკონტროლირებადი არითმია.
  • მძიმე ფორმის, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
  • გადაადგილების შეუძლებლობა (როცა პაციენტს დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია).

 

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?