კარდიული ავტონომიური ნეიროპათია (CAN) — დიაბეტის უხშირესად შეუმჩნეველი გართულება
რა არის კარდიული ავტონომიური ნეიროპათია?
კარდიული ანუ გულის ავტონომიური ნეიროპათია, შემოკლებით CAN, შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი საყურადღებო და ამავდროულად იშვიათად დიაგნოსტირებული გართულებაა. იგი მიეკუთვნება დიაბეტური ნეიროპათიების ჯგუფს და იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავტონომიური ნერვული რეგულაციის დარღვევას.
გარდა შაქრიანი დიაბეტისა, CAN შეიძლება განვითარდეს სხვა მიზეზების გამოც: ავტოიმუნური დაავადებები - შოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ცელიაკია; ამილოიდოზი; ინფექციური დაავადებები - HIV, ბოტულიზმი, ლაიმის დაავადება; ქიმიოთერაპია.
ჩვეულებრივ, ჩვენი გული ავტომატურად და ზუსტად ადაპტირდება ყოველდღიური საქმიანობის დროს სხვადასხვა მდგომარეობაზე — ვდგებით სკამიდან, ავდივართ კიბეზე, გვძინავს, ვნერვიულობთ — ამ ყველაფერს ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შეუმჩნევლად და შეუფერხებლად მართავს. CAN-ის დროს სწორედ ეს ნერვები ზიანდება, გული კარგავს უნარს, უპასუხოს ცვლილებას სწრაფად და ზუსტად — ეს კი რეალურად სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
რა იწვევს CAN-ის განვითარებას?
შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის ქრონიკულად მომატებული დონე თანდათანობით და შეუქცევლად აზიანებს ნერვულ ბოჭკოებს მთელი ორგანიზმის მასშტაბით. ამ პროცესს დიაბეტური ნეიროპათია ეწოდება და მრავალი სახით ვლინდება. საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია პერიფერული ნეიროპათია — ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა — თუმცა ნეიროპათია ამით არ შემოიფარგლება.
CAN სწორედ დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებაა — ის იმ ნერვებს, რომლებიც გულის მუშაობას, სისხლძარღვების ტონუსს და მათ ურთიერთქმედებას არეგულირებენ, თანდათანობით აზიანებს. ეს პროცესი ჩუმად და ნელა მიმდინარეობს, ხშირად სრულიად უსიმპტომოდ — სანამ ეს გართულება გვიან სტადიას არ მიაღწევს.
სტატისტიკა ამ პრობლემის მასშტაბს კარგად ასახავს: ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში CAN-ის გავრცელება 17-დან 40 პროცენტამდეა, ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში კი — 25-დან 60 პროცენტამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ავტონომიური ნერვების დაზიანება შეიძლება დაიწყოს უკვე პრედიაბეტის სტადიაზე, დიაგნოზის დასმამდე დიდი ხნით ადრე.
რატომ არის CAN განსაკუთრებით საყურადღებო?
CAN-ის მთავარი საფრთხე სწორედ მის უსიმპტომობაშია. მრავალი პაციენტი წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ დიაგნოზით, ისე, რომ ვერაფერს გრძნობს.
მიოკარდიუმის ჩუმი ინფარქტი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო შედეგია. ნერვების დაზიანების გამო პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილს, შესაბამისად, არ მიმართავს ექიმს და ამის გამო შეიძლება ლეტალური გამოსვალიც კი მივიღოთ. გარდა ამისა, CAN-ის დროს შეიძლება განვითარდეს გულის უეცარი გაჩერება.
გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის რისკი CAN-ის მქონე პაციენტებში 5-ჯერ მაღალია, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც ეს გართულება არ აქვს. ეს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული გამოვლენა.
CAN-ის ხშირი გამოვლინებაა ასევე ორთოსტატული ჰიპოტენზია - არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა წამოდგომისას. ამ დროს გული ვეღარ ახერხებს სწრაფ ადაპტაციას პოზის ცვლილებაზე, შედეგად ტვინი მომენტალურად იღებს ნაკლებ სისხლს, რაც თავბრუსხვევით, სისუსტით და ზოგჯერ გონების დაკარგვითაც კი ვლინდება. ეს განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული პაციენტებისთვის, ვისთვისაც დაცემა სერიოზული ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს.
საყურადღებოა, რომ CAN-ის მქონე პაციენტებში ნარკოზის ფონზე კარდიოვასკულარული გართულებების ალბათობა მნიშვნელოვნად მაღალია. სწორედ ამიტომ ნებისმიერი დაგეგმილი ოპერაციის წინ CAN-ის შეფასება აუცილებელია.
როდის უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი CAN-ის არსებობაზე?
მიუხედავად იმისა, რომ CAN ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გარკვეულ ნიშნებს ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება:
- გულისცემის მუდმივი, აუხსნელი აჩქარება მოსვენების ან ძილის დროს
- თავბრუსხვევა ან სისუსტე წამოდგომისას
- ქოშინი, გულის ფრიალი ან აუხსნელი დაღლილობა მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც კი
- ღამის ოფლიანობა
- გულის მუშაობის შეწყვეტის ან გულისცემის „გამოტოვების” შეგრძნება
- მაღალი არტერიული წნევა ღამის განმავლობაში
უნდა გვახსოვდეს, რომ სიმპტომების არარსებობა არ გამორიცხავს CAN-ს. სწორედ ამიტომ CAN-ის სპეციფიკური ტესტირება ერთადერთი სანდო გზაა ადრეული გამოვლენისთვის.
როგორ ტარდება CAN-ის ტესტირება?
CAN-ის დიაგნოსტიკა ეფუძნება კარდიოვასკულარული ავტონომიური ტესტების პანელს. ეს კვლევები მარტივი, სწრაფი, არაინვაზიური და უმტკივნეულოა — პაციენტი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ასრულებს რამდენიმე მარტივ მანევრს ელექტროკარდოოგრამის და არტერიული წნევის მონიტორინგის პარალელურად. ჯამში ტარდება 5 ტესტი, რომელთაგანაც სამი აფასებს გულის რითმის, ორი კი - არტერიული წნევის ცვლილებას.
შედეგების ინტეგრირებული შეფასებით სპეციალისტი განსაზღვრავს CAN-ის სტადიას: ნორმა, ადრეული CAN (1 პათოლოგიური ტესტი), გამოხატული CAN (2 და მეტი პათოლოგიური ტესტი) ან მძიმე CAN (რამდენიმე პათოლოგიური ტესტი და ორთოსტატული ჰიპოტენზია).
რა შემთხვევებშია აუცილებელი სკრინინგი?
- ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი - გამოვლენისთანავე (შემდეგ ყოველწლიურად)
- ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი - დიაგნოზიდან 5 წელში (შემდეგ ყოველწლიურად)
- ცუდი გლიკემიური კონტროლი (HbA1c > 7%)
- დიაბეტის სხვა ქრონიკული გართულებები (მაგ, რეტინოპათია, ნეფროპათია, პერიფერიული ნეიროპათია)
- დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იწყებენ საშუალო/მძიმე ფიზიკურ აქტივობას ან პრეოპერაციულად ქიურურგიულ ჩარევამდე
გარდა ამისა, შემდეგი დაავადებების ან თერაპიის დროს სიმპტომების არსებობისას:
- პრედიაბეტი, სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა
- რევმატოიდული, ინფექციური და ავტოიმუნური დაავადებები
- ქიმიოთერაპია
მკურნალობა და გრძელვადიანი მართვა
CAN სრულად განკურნებადი არ არის. თუმცა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენით და სათანადო მართვით შესაძლებელია პროგრესიის შენელება,ზოგჯერ უკუგანვითარებაც კი, სიმპტომების კონტროლი და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება. CAN-ის მართვა მოიცავს გლიკემიურ კონტროლს, სიმპტომურ მკურნალობას და რეგულარულ კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ მონიტორინგს.
CAN-ის ადრეული გამოვლენა კვლავ მთავარ რგოლად რჩება. მარტივი, უმტკივნელო, 30-40 წუთიანი კვლევა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
ანი ჩიტაია