Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები და ფიბროზი — სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
2026-06-23 გაზიარება ავტორი: ციცი დარსალია

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები და ფიბროზი — სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

ჩვენს პაციენტებს ხშირად ესმით ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, მაგრამ შედარებით ნაკლებია ცნობადობა ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების შესახებ.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები მოიცავს 200-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის დაავადებას. ყველა მათგანს ახასიათებს არაინფექციური ანთებითი ცვლილებები ფილტვში, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა ფილტვის გაუხეშებაში ე.წ. ფიბროზში გადაიზარდოს.

ფილტვის ასეთი დაზიანება ხშირად არის ასოცირებული აუტოიმუნურ ე.წ. შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებთან, როგორციაა, მაგალითად, სისტემური სკლეროზი, რევმატული ართრიტი, პოლი ან დერმატომიოზიტი, წითელი მგლურა და სხვა.  ძალიან ხშირად სისტემური დაავადების პირველად გამოვლინებად შესაძლოა მხოლოდ ფილტვის დაზიანება მოგვევილოს და სხვა ორგანოების დაზიანება გამოვლინდეს წლების შემდეგ, ან პირიქით, დიაგნოსტირებული სისტემური დაავადების ფონზე ფილტვის დაზიანება შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს. ამიტომ აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი რევმატოლოგის მხრიდანაც, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი სასუნთქი სისტემის ჩართულობა და პაციენტი დროულად გადამისამართდეს პულმონოლოგთან. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ შარშან პირველად გამოიცა ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS)და რევმატოლოგთა ასოციაციების ევროპული ალიანსის (EULAR)  სისტემური დაავადებების მართვის და მკურნალობის ერთობლივი გაიდლაინი.

მეორე გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტები. ხშირად ვხვდებით, მაგალითად, ონკოპაციენტებში ქიმიოთერაპიის ან იმუნოთერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტებით გამოწვეულ ფილტვის დაზიანებას. ქიმიოპრეპარატებიდან განსაკუთრებული ტოქსიურობით ფილტვის მიმართ გამოირჩევა ბლეომიცინი,  გემტიცაბინი,  პაკლიტაქსელი, დოციტაქსელი. იმუნოთერაპიული პრეპარატებიდან საყურადღებოა: პემბროლიზუმაბი, ნივოლუმაბი, დურვალუმაბი, აცეტოლიზუმაბი. სხივური თერაპიაც ხშირად არის ასოცირებული პნევმონიტებთან. ამიტომ ონკოლოგებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაზიანება ზრდის მკურნალობისადმი დამყოლობას.

გარდა ონკოლოგიური პროფილისა ხშირია ისეთი მედიკამენტებით გამოწვეული ფილტვის დაზიანება, როგორიცაა ამიოდარონი, ნიტროფურანტოინი, მეტოტრექსატი, სულფასალაზინი. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გარემო ფაქტორებს - მავნე ნივთიერებებისადმი ექსპოზიციას. ასეთი დაავადებების მაგალითია აზბესტოზი, სილიკოზი, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი, პესტიდიცებით გამოწვეული პნევმონიტი. ცალკე უნდა აღინიშნოს სარკოიდოზი, რომლის დროსაც ასევე ზიანდება ფილტვის ინტერსტიციუმი. გარდა ამისა, ყველასათვის კარგად ნაცნობი კოვიდ-ინფექცია მიმდინარეობს ფილტვის ინტერსტიციუმის დაზიანებით და გვევლინება ფილტვის ფიბროზის გამომწვევ მიზეზად პოსტკოვიდურ პერიოდში.  


ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ქოშინი განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს, პერსისტული მშრალი ხველა ან ხველა ნახველით, ზოგადი საერთო სისუსტე, დატვირთვისადმი ტოლერანტობის დაქვეითება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება თანდათან.

დაავადების აღმოჩენის სტადიიდან გამომდინარე, მკურნალობის შედეგად, შესაძლოა სრულად ალაგდეს ფილტვის დაზიანება, თუმცა როდესაც ყალიბდება ფიბროზი, სრული გამოჯანმრთელება ვეღარ მიიღწევა.

დაავადების მწვავე სტადიის დროს, ძირითადი მკურნალობა მიმდინარეობს კორტიკოსტეროიდებით ტაბლეტირებული ან ი/ვ ფორმით დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. დოზირებაც ირჩევა ინდივიდუალურად დაზიანების მასშტაბის, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების და პაციენტის წონის გათვალისწინებით.

როდესაც დაავადება მიმდინარეობს პროგრესირებადი მაფიბროზებელი ფენოტიპით, მკურნალობის სქემაში ერთვება ანტიფიბროზული მედიკამენტი.

არის შემთხვევები, როდესაც ფილტვის ფიბროზის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში საუბარია ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზზე.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში დანერგილია ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტი უფასოდ იღებს ამ დაავადების სამკურნალოდ საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტს პირფენიდონს. ამ პროგრამაში პაციენტის ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მულტრიდისციპლინარული გუნდი შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული და რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე.

არსებობს სხვა ანტიფიბროზული მედიკამენტებით, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.

მკურნალობის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია არაფარმაკოლოგიური საშუალებები, როგორიცაა ჟანგბადით თერაპია - ოქსიგენოთერაპია, ფილტვის რეაბილიტაციის კურსი და ფილტვის ტრანსპლანტაცია. ეს უკანასკნელი ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არ ტარდება.

 

მართალია, ფიბროზის განკურნება ბოლომდე ვერ ხერხდება, მაგრამ თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტები გვაძლევს საშუალებას, რომ შევანელოთ დაავადების პროგრესირება, შევამციროთ სიმპტომატიკა და გავაუმჯობესოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.

თუ თქვენ გაწუხებთ აუხსნელი ქოშინი და შეუპოვარი ხველა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობის დროული დაწყება გადამწყვეტია დაავადების სამომავლო პროგნოზისთვის.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?