მეტაბოლიზმის ინსტრუმენტული კვლევა - არაპირდაპირი კალორიმეტრია.
დღეს ბევრს ვსაუბრობთ სწორი კვების შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა არსებული წონის შენარჩუნების მიზნით, დღის მანძილზე საკვებით იმდენი კალორია უნდა მიიღოს, რამდენსაც ხარჯავს. ამ ბალანსის დასაცავად კი აუცილებელია ვიცოდეთ, როგორია ჩვენი მეტაბოლიზმი — ანუ რამდენ კალორიას ვხარჯავთ მოსვენებულ მდგომარეობაში.
კალორიების გამოთვლისთვის ხშირად იყენებენ კალკულატორებს, თუმცა ისინი მხოლოდ ზოგად პარამეტრებს ეყრდნობიან და ვერ ითვალისწინებენ ინდივიდუალურ განსხვავებებს. რეალურად, ერთი და იმავე ასაკის, სქესის, წონისა და სიმაღლის ადამიანებს შეიძლება სრულიად განსხვავებული მეტაბოლიზმი ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი კვების რაციონი ყოველთვის არ არის შედეგიანი.
მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა უწყვეტი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული საკვებიდან ენერგიის წარმოქმნას ყველა სასიცოცხლო ფუნქციის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა: სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, უჯრედების განახლება და ა.შ.
ყოველი ჩვენგანის მეტაბოლიზმი უნიკალურია. მასზე გავლენას ახდენს ჰორმონები, გენეტიკა, სხეულის კომპოზიცია (ცხიმისა და კუნთის მასა), ცხოვრების წესი და ორგანიზმში მიმდინარე მწვავე თუ ქრონიკული პროცესები. სწორედ ამიტომ კლინიკა „დიაკორში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ მეტაბოლიზმის შეფასების ინსტრუმენტული კვლევა, არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით. ეს არის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად საზღვრავს კონკრეტული ორგანიზმის მეტაბოლიზმის სიჩქარეს და მის რეალურ კალორიულ საჭიროებებს. გამოკვლევა არაინვაზიურია და სრულიად უმტკივნეულო.
რა პრინციპით მუშაობს მეტაბოლიზმის ინსტრუმენტული კვლევის არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდი?
არაპირდაპირი კალორიმეტრია დაფუძნებულია გაზთა ცვლაზე, კვლევის დროს აპარატი აანალიზებს ამოსუნთქული ჰაერის შემადგენლობას და საზღვრავს:
- მოსვენების დროს დახარჯული კალორიების ზუსტ რაოდენობას,რის საფუძველზეც ვგებულობთ, თუ რამდენი კალორია სჭირდება თქვენს ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში.
- ენერგიის მთავარ წყაროს: რომელ სუბსტრატს (საკვებ ნივთიერებას) და რა რაოდენობით იყენებს თქვენი ორგანიზმი მოსვენების დროს ენერგიის ძირითად წყაროდ — ცხიმებს თუ ნახშირწყლებს.
- მეტაბოლურ ბლოკს: გვეხმარება დავინახოთ რეალური მიზეზი, თუ რატომ გააჩერეთ ან ვერ ახერხებთ წონის კლებას კალორიული დეფიციტის და ფიზიკური ატქივობის მიუხედავად.
აღნიშნული პარამეტრები ექიმს ეხმარება, თქვენი ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნების შესაბამისი, კვების რაციონის შედგენაში.
ვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევა?
ეს პროცედურა რეკომენდებულია და საინტერესოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ზუსტად იცოდეს საკუთარი ენერგეტიკული საჭიროება წონის შენარჩუნების, კლების ან მატების მიზნით. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის: რათა წონის კლება მოხდეს სწორად და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე (მსუბუქი კალორიული დეფიციტის შექმნით, რომ სხეულმა საკუთარი ცხიმის წვა დაიწყოს);
- წონის დეფიციტის მქონე პირებისთვის: როდესაც საჭიროა სხეულის მასის ჯანსაღად შევსება;
- ინსულინრეზისტენტობის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული მეტაბოლური დაავადებების დროს;
- ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირებში: კვლევა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რამდენად შეესაბამება კვება და ინსულინთერაპია პაციენტის რეალურ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს;
- არაეფექტური დიეტების შემთხვევაში
- სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური პირებისთვის: ფიზიკური აქტივობის სწორად დაგეგმვისა და კვების რეჟიმის განსაზღვრისთვის.
კვლევის უპირატესობები და შეზღუდვები
უპირატესობები:
- არის სრულიად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულო;
- ზუსტად ასახავს ორგანიზმის ინდივიდუალურ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს;
- ეხმარება ექიმს, რომ კვება და მკურნალობა თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოს.
შეზღუდვები:
კვლევის ჩატარება დროებით გადაიდება, თუ პაციენტს აქვს:
- მწვავე რესპირატორული ინფექცია (ძლიერი სურდო, ხველა), რაც ხელს უშლის ნიღბით მშვიდად სუნთქვას;
- სხეულის მაღალი ტემპერატურა.
კვლევის ჩატარების წესები და პირობები:
აპარატის მომზადებიდან უშუალოდ კვლევის დასრულებამდე პროცესს დაახლოებით 1 საათი სჭირდება. უშუალოდ კვლევის დროს ,რომელიც 20 წუთი გრძელდება ,პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, თავი შეიკავოს მოძრაობისა და საუბრისგან. კვლევის შედეგების მაქსიმალური სიზუსტისთვის მნიშცნელოვანია პაციენტი იყოს უზმოდ ან ბოლო კვებიდან გასული იყოს სულ მცირე 2 საათი. კვლევამდე 3 საათის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღებას.
რა ხდება მაშინ, როდესაც მეტაბოლიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს არ ვითვალისწინებთ?
ორგანიზმის ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლის თავისებურებების უგულებელყოფამ და თვითნებურად შერჩეულმა დიეტებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- საკვები ნივთიერებების დეფიციტი;
- მეტაბოლიზმის სიჩქარის კიდევ უფრო მეტად შენელება;
- წონის კლების დროს კუნთოვანი მასის დაკარგვა ცხიმის ნაცვლად;
- ორგანიზმის გამოფიტვა და ჰორმონალური დისბალანსი
არაპირდაპირი კალორიმეტრია წარმოადგენს მეტაბოლური ჯანმრთელობის შეფასების ზუსტ და არაინვაზიურ ინსტრუმენტს. კვლევა ინფორმატიულია მრავალი სპეციალობის ექიმისთვის, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენდოკრინოლოგიის, ნუტრიციოლოგიის, ბარიატრიული მედიცინისა და რეაბილიტაციის პრაქტიკაში, სადაც სწორი მეტაბოლური შეფასება წარმატებული მართვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
მარიამ ლორია