Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ახალი ტექნოლოგიები და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - ინსულინის ტუმბო - აქტუალობა და პრობლემები.
2020-10-18 გაზიარება ავტორი: ლალი ნიკოლეიშვილი

ახალი ტექნოლოგიები და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - ინსულინის ტუმბო - აქტუალობა და პრობლემები.

დღეისათვის შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები ითვლება გლობალურ ეპიდემიად, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს და მასთან გამკლავება თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის სერიოზული საზრუნავია.

შაქრიანი დიაბეტის ყველასათვის ცნობილ გართულებებს იწვევს როგორც სისხლში ხანგრძლივად არსებული ჰიპერგლიკემია, ასევე ჰიპოგლიკემია და გლიკემიის მაღალი ვარიაბელობა. აღმოჩნდა, რომ, გლუკოზის „კარგი კონტროლი“ ტიპი1 დიაბეტის მქონე პირებში, რომელიც დღეში მინიმუმ 6 გლუკოზის ანალიზსა და ინსულინის 4 -6-ჯერად ინიექციას გულისხმობდა, მაინც არ წარმოადგენდა გლუკოზის იდეალური კონტროლისა და გართულებების პრევენციის გარანტს. დღევანდელ მსოფლიოში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ორსულ ქალებში ინსულინის ტუმბოს გამოყენების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მაღალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნები ინტენსიურად ნერგავენ დიაბეტის მოვლის ახალი ტექნოლოგიებსა და დნმ-ის რეკომბინაციის ტექნოლოგიებით მიღებულ ახალ ინსულინებს.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია:

  • შაქრიანი დიაბეტის ოპტიმალური მართვა;
  • კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია მისი სამედიცინო უპირატესობები;
  • იგი პასუხობს საზოგადოების საჭიროებებსა და სურვილებს;
  • ადაპტირდება არსებულ ტექნოლოგიებთან (სმარტფონების აპლიკაცია, ტელემედიცინა, IOT) და აადვილებს და აუმჯობესებს დიაბეტის მოვლას;
  • აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს;
  • ამცირებს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების განვითარების ალბათობას;
  • ზრდის პაციენტის ჩართულობას თავისივე დაავადების მართვაში;
  • ამცირებს დიაბეტის მოგვიანებით გართულებებს;
  • ზრდის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობას.

 თანამედროვე ტექნოლოგიები - ინსულინის ტუმბოები და გლუკოზის უწყვეტი მონიტორირების სისტემები დღეისათვის ფართოდაა დანერგილი მთელ მსოფლიოში და მათი გამოყენება დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით კი შემდეგ კატეგორიებში:

  1. პაციენტები ტიპი1 შაქრიანი დიაბეტით, ვინც ვერ აღწევს გლიკოჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელს;
  2. ტ1 შ.დ. მქონე პაციენტები, ვინც მიაღწია გლიკოჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელს, მაგრამ აქვთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები და გლიკემიის მაღალი ვარიაბელობა;
  3. პაციენტები,  ვისაც ესაჭიროებათ ინსულინის დოზების განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით შერჩევა და  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
  4. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, ვისაც აღენიშნება გლუკოზის ცუდი კონტროლი, მიუხედავად ინტენსიური ინსულინთერაპიისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებებით მკურნალობისა;
  5. პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, მწვავე დაავადებების შემთხვევაში;
  6. ორსულობის დაგეგმარება და ორსულობის პერიოდი, როცა ყველაზე ლაბილურია დიაბეტის მიმდინარეობა.

მოგეხსენებათ, რომ დიაბეტზე გაწეული დანახარჯების შემცირების ეფექტურ მეთოდად ყველა ქვეყანამ აღიარა დიაბეტის გართულებების პრევენციის გაძლიერება და მასზე გაწეული დანახარჯების გაზრდა, ვინაიდან  დიაბეტის უკვე განვითარებული გართულებები სახელმწიფოსა და ოჯახს გაცილებით ძვირი უჯდება.

ტიპი 1 დიაბეტი ძირითადად ბავშვობის ასაკში ვითარდება და შესაბამისად, დიაბეტზე ყოველდღიური ზრუნვა ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების მუდმივი საფიქრალია.

საქართველოში საჭიროა ტიპი1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის დიაბეტის მოვლაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, იგულისხმება გლუკოზის მონიტორირების საშუალებები და ინსულინის ტუმბოები. 

საქართველოში დღეისათვის 1020 ბავშვია დიაბეტით დაავადებული. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ მათ სრულფასოვანი ცხოვრების „თავისუფლება”.

ცხადია, ინსულინის ტუმბოს გამოყენებას ესაჭიროება შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ექიმის მხრიდან, ასევე პაციენტის სწავლება - განათლება.

მთელ მსოფლიოში არსებობენ პომპთერაპიის ექიმი - ექსპერტები.  საქართველოში გვყავს პომპთერაპიის სამი ექსპერტი, მათ შორის ერთი - პედიატრი-ენდოკრინოლოგი,  ჩვენს ცენტრში გვაქვს ინსულინის ტუმბოს გამოყენების 11-წლიანი გამოცდილება.

კლინიკა „დიაკორს" 2017 წლიდან  დიაბეტის მსოფლიო ფედერაციის მიერ მინიჭებული აქვს „განათლების ცენტრისა" და „დიაბეტის საუკეთესო მოვლის ცენტრის" სერთიფიკატები.

გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი ინსულინის პომპის შესახებ !